კოპა ამერიკა 2019: 10 ამბავი

რამდენიმე საათში სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი დაიწყება: სან პაულუში, მორუმბიზე, ბრაზილია-ბოლივიის თამაშით გაიხსნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უცნაური შეჯიბრი.
საინტერესო თუნდაც იმიტომ, რომ სამხრეთ ამერიკა ტალანტების საბადოა და სანამ ევროპულ გრანდებში გაიბრწყინებს, არაერთი მომავალი ვარსკვლავი სწორედ ამ ტურნირზე იქუხებს ხოლმე.
უცნაური კი კოპა ამერიკას სხვადასხვა მიზეზით შეიძლება ვუწოდოთ: არეულ-დარეული განრიგით დაწყებული ფორმატის ხშირი ცვლილებით დასრულებული. კატარის, იაპონიის და ასეთი ქვეყნების მოწვევაზე რომ არაფერი ვთქათ – 1993 წლიდან სამხრეთ ამერიკის მთავარ სანაკრებო შეჯიბრზე არაერთი სხვა კონტინენტელი გვიხილავს…
ბრაზილია წლის მთავარ ტურნირს ნეიმარის გარეშე ხვდება – პარი სენ-ჟერმენის თავქარიანი სუპერვარსკვლავი ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა და რამდენიმე თვით დაისვენებს.
მასპინძლებისგან განსხვავებით საუკეთესო შემადგენლობით ემზადება არგენტინა. გუნდთან ერთადაა ლეო მესიც, ვინც ბოლო წლებში რამდენჯერმე წავიდა და დაბრუნდა ნაკრებში. თეთრ-ცისფერთა თავკაცი ლიონელ სკალონი ამბობს, რომ მესი მოტივირებულია და თასის ასაწევად მზადაა.
თამაშები ჩვენი დროით გამთენიისასაა, მაგრამ გვიანი ტელერეპორტაჟი როდის იყო ჭეშმარიტ ქომაგს რომ აშინებდა?
პირველ თამაშამდე კი 10 საინტერესო ფაქტს შეგახსენებთ:

1: სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი, რომელსაც ბრაზილია დღეიდან 7 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს, 46-ე კოპა ამერიკაა.

2: ეს ტურნირი ჩილეში უნდა გამართულიყო, ბრაზილიას კი 2015 წლის კოპა ამერიკისთვის უნდა ემასპინძლა. იმის გამო, რომ ბრაზილია 2013 წელს ფიფას კონფედერაციის თასის, 2014 წელს ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის, ხოლო 2016 წელს ოლიმპიადის მასპინძლად იყო დამტკიცებული, ქვეყნის ფეხბურთის კონფედერაციამ თხოვნით მიმართა კონმებოლს (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია) და მისი დასტურის შემდეგ, 2015 წლის ტურნირი ჩილეს დაუთმო, თავად კი 2019 წლის კოპა ამერიკა მიიღო.

3: წლევანდელი კოპა ამერიკა უკანასკნელია, რომელიც კენტ წელს ტარდება. 2020 წლიდან ტურნირი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.

4: თავდაპირველი ჩანაფიქრით, სამხრეთ ამერიკის წლევანდელ ჩემპიონატში 16 ქვეყნის ნაკრებს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა 2018 წლის აპრილში საბოლოოდ დამტკიცდა 12 გუნდი. 10 სამხრეთამერიკული გუნდის გარდა კონმებოლმა წლევანდელი ჩემპიონატისთვის კატარის და იაპონიის ნაკრებებიც მიიწვია. 2019 წლის აზიის თასის ფინალში სწორედ მათ იასპარეზეს. მატჩი კატარის გამარჯვებით დასრულდა.

5: 1993 წლის შემდეგ, როცა კონმებოლმა პირველად მიიპატიჟა კონკაკაფის წარმომადგენელი, წლევანდელი კოპა ამერიკა პირველია, რომელშიც ამ რეგიონის წევრი ქვეყანა არ თამაშობს.

6: სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის ყველაზე მეტი ტიტული – 15 – ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ მოიგო. მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონებმა ბოლოს 2011 წელს იპირველეს. 14-ჯერ იზეიმა გამარჯვება არგენტინამ, თუმცა ბოლოს შორეულ 1993 წელს. 2004 წლიდან არგენტინელებმა 5 კოპა ამერიკის 4 ფინალში ითამაშეს და ყველა წააგეს, მათ შორის ბოლო ორი ჩილესთან, ორივე პენალტების სერიაში – 0:0-ის შემდეგ 2015 წელს 1:4, 2016 წელს კი 2:4.

7: 24 ივნისს, ჯგუფური ტურნირის უკანასკნელ ტურში ჩილეს წინააღმდეგ ურუგვაი კოპა ამერიკის ეგიდით მე-200 შეხვედრას გამართავს. 197 თამაშით ურუგვაი ყველა დროის ლიდერია.

8: სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი 2 ფეხბურთელს გაუტანია – ბრაზილიელ ზიზინიოს და არგენტინელ ნორბერტო მენდესს. ორივემ 17-ჯერ გამოიჩინა თავი.

9: ლეო მესი კოპა ამერიკის 3 რეკორდის მფლობელია: 11 საგოლე გადაცემა შეასრულა; 9-ჯერ დაჯილდოვდა მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზით (2011 – 2, 2015 – 4, 2016 – 3); 2016 წელს, შეცვლაზე შესულმა 19 წუთში გაიტანა 3 გოლი!

10: 30-იანი წლების ლეგენდარული არგენტინელი თავდამსხმელი, მსოფლიოს I ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი გილერმო სტაბილე მწვრთნელის რანგში 6-ჯერ გახდა კოპა ამერიკის გამარჯვებული. ეს რეკორდია!

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 14 ივნისი)

ka_GEGeorgian