მინსკი 2019: სამბისტებმა ძალიან გაგვახარეს – 2 ოქრო, 6 მედალი!

ევროპის II თამაშები ქართველი სამბისტებისთვის საოცრად შედეგიანი გამოდგა: გუნდმა 22 ივნისი 6 მედლით დაასრულა! ამ 6 მედლიდან 2 ოქროა, 3 ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო.

მინსკის სპორტის სასახლეში საქართველოს სამბისტთა გუნდს პირველი მედალი ბექა ბერულავამ (82კგ) მოუტანა, რომელმაც ფინალების წინ გამართულ ეგრეთ წოდებულ „ბრინჯაოს ბლოკში“, III ადგილისთვის შეხვედრაში მოლდოველ სერგიუ ოსლობანუს სძლია.

ქალთა მესამეადგილოსნების გამოვლენის შემდეგ კი ფინალები ჩატარდა და საქართველოს მინსკური მონაგარიც ლამის ყოველ 5 წუთში ივსებოდა ოქრო-ვერცხლით!

57კგ წონაში ვახტანგ ჩიდრაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე საიან ხერტეკს დაუპირისპირდა. ქართველი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და მალე ქულაც აართვა მეტოქეს, თუმცა ფინალის დარჩენილი დრო ურთულეს ჭიდილში გაილია. საბედნიეროდ, ჩირდაშვილმა უპირატესობა შეინარჩუნა და ოქროს მედალს დაეუფლა!

ვახტანგ ჩიდრაშვილი დღეის შემდეგ ევროპის თამაშების 2-გზის მედალოსანია: 28 წლის ქართველმა სამბისტმა 2015 წელს ბაქოში ბრინჯაო მოიგო. სხვათა შორის, მედალი მან მაშინაც 22 ივნისს მოიპოვა.

მომდევნო, 68კგ წონით კატეგორიაში ქართველი კვლავ ფინალში იყო, თუმცა ამჯერად გამარჯვება მეტოქეს დარჩა: ბელარუსმა ალექსანდრ კოკსამ მინდია ლილუაშვილს აჯობა. მინდია ლილუაშვილი მინსკი 2019-ის მე-5 ქართველი მედალოსანი და პირველი ვიცე-ჩემპიონია.

ვაჟთა შორის ბოლო მედალოსანი შედარებით გვიან, დაჯილდოების ცერემონიების შემდეგ გამოვლინდა: ევროპის 3-გზის ჩემპიონი დავით ლორიაშვილი (100კგ) ლატვიელ ვიქტორს რესკოს დაეჭიდა.

პირველი ქულის მოსაპოვებლად დავითს 25 წამი დასჭირდა, ორთაბრძოლის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ლორიაშვილის უპირატესობა 2 ქულამდე გაიზარდა და ფინალიც ასე დასრულდა!

ლორიაშვილის ტრიუმფით სამბისტების დღევანდელი მონაგარი 4 მედლამდე გაიზარდა, საქართველომ კი ამ ოქროთი ხარისხობრივად უკვე გააუმჯობესა ევროპის I თამაშებზე, 2015 წელს ბაქოში ნაჩვენები შედეგი. 4 წლის წინ გუნდმა ავთანდილ ჭრიკიშვილის და ადამ ოქრუაშვილის ოქროებით დაასრულა ბაქო 2015, მინსკში კი პირველივე საშეჯიბრო დღეს 3-ჯერ აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი!

სამბისტთა პირველი საშეჯიბრო დღე გოგონათა 2 ფინალით დასრულდა. ნინო ოძელაშვილმა და ელენე ქებაძემ საქართველოს აქტივს 2 ვერცხლი შემატეს!

ვერაფერს იტყვი: პირველ საშეჯიბრო დღეს 6 მედალი ბრწყინვალე შედეგია!

აქვე ერთი საინტერესო ფაქტის შესახებაც გეტყვით: ბაქოში, ევროპის I თამაშებზე საქართველოს სამბისტებმა საერთო ჯამში 3 მედალი მოიგეს, ყველა ბრინჯაო და ყველა… 22 ივნისს.

ლაშა გოდუაძე მინსკიდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 22 ივნისი)

ka_GEGeorgian