უილიამსი Vs ჰალეპი: 10 დაპირისპირების ისტორია
წლის მესამე გრან სლემი დასასრულს უახლოვდება. ხვალ ვაჟთა ფინალია – მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირის 8-გზის ტრიუმფატორის როჯერ ფედერერის წინააღმდეგ, დღეს კი ქალთა ჩემპიონი გამოვლინდება.
სერენა უილიამსის და სიმონა ჰალეპის პაექრობაზე ბევრის თქმა შეიძლება.
სადღეისოდ ორივე საუკეთესოა, თუმცა ამერიკელის თამაში მაინც გაოცებას იწვევს – სერენა 24-ე გრან სლემს უტევს და თუ გაიმარჯვა, ყველა დროის რეკორდსმენი გახდება.
პროფესიონალთა შორის ასპარეზობის განმავლობაში უმცროსი უილიამსი და ჰალეპი მეთერთმეტედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამერიკელის უპირატესობა თვალშისაცემია – 9:1.
აჭარასპორტი აქამდე გამართულ 10 პაექრობას შეგახსენებთ:
1: სერენა უილიამსი სიმონა ჰალეპს პირველად 2011 წელს, უიმბლდონის II წრეში შეხვდა. 11-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ამერიკელი ახალი დაბრუნებული იყო კორტზე, 19 წლის ჰალეპი კი პირველად თამაშობდა გრან სლემის ტურნირზე. სერენამ 3 სეტში დაამარცხა სიმონა – 3:6, 6:2, 6:1.
2: ჰალეპის აღზევება 2013 წელს, რომის ტურნირის ნახევარფინალში სერენასთან 3:6, 0:6 მარცხის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ რუმინელი მუდმივად საუკეთესოთა შორისაა.
3: იმ წაგების შემდეგ სიმონა ჰალეპმა 3 დიდი ტიტული მოიგო, მაგრამ 2013 წელს, ცინცინატიში ის კვლავ უმცროსმა უილიამსმა შეაჩერა – 0:6, 4:6.
4: 2014 წლის მიწურულს, სინგაპურში, სადაც WTA-ის წლის ფინალი გაიმართა, რუმინელმა ჯგუფში 6:0, 6:2 გაანადგურა ტიტულიანი ამერიკელი. ეს ჰალეპის დღემდე ერთადერთი გამარჯვებაა სერენასთან შეხვედრებში.
5: თუმცა ისინი სინგაპურის შემაჯამებელის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და იქ უკვე ამერიკელი აღმოჩნდა ძლიერი – 6:3, 6:0.
6: სინგაპურიდან დაწყებული 2015 წლის მაიამის ტურნირის ნახევარფინალამდე სერენა უილიამსმა ზედიზედ 20 მატჩი მოიგო, მათ შორის მაიამის მეოთხედფინალი ჰალეპთან – 6:2, 4:6, 7:5.
7: 2015 წლის ცინცინატის ფინალში ამერიკელი და რუმინელი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. გამარჯვება კვლავ უილიამსს დარჩა – 6:3, 7:6.
8: 2016 წელს, ინდიან უელსის ნახევარფინალში გრან სლემის 23-გზის ტრიუმფატორმა რუმინელთან მორიგი გამარჯვება იზეიმა – 6:4, 6:4.
9: იმავე წლის ამერიკის ღია პირველობაზე მათი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. მეოთხედფინალის შემდეგ ისევ სერენამ გაიხარა – 6:2, 4:6, 6:3.
10: უილიამს-ჰალეპის მომდევნო დაპირისპირება მხოლოდ 3 წლის შემდეგ ვიხილეთ. მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ავსტრალიის ღია პირველობის IV წრეში სერენამ მორიგი დაძაბული პაექრობა მოიგო – 6:1, 4:6, 6:4.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 13 ივლისი)