იოზილს უნდა მიბაძონ
ჩვენ შეგვიძლია ვიდაოთ, რომ განვლილ სეზონში მესუტ იოზილმა მოლოდინი ვერ გაამართლა და არცთუ მაღალ დონეზე ითამაშა.
იმაზეც შეგვიძლია ვიკამათოთ, იმსახურებს თუ არა 350 ათას გირვანქას კვირაში – არსენალთან გაფორმებული ბოლო კონტრაქტით გერმანელი ნახევარმცველი სწორედ ამდენს გამოიმუშავებს.
მაგრამ ერთ რამეზე ყველა იოლად შევთანხმდებით: იოზილის და მისი გულისწორის, მის თურქეთი 2014-ის ამინე გულსეს საქორწინო გადაწყვეტილება დიდებული, მოსაწონი და მისაბაძია: ისინი ათასი ბავშვისთვის დაგეგმილ ოპერაციას დააფინანსებენ, პატარებისა, რომლებსაც ყველაზე ძალიან სჭირდებათ დახმარება.
„მეგობრება მკითხეს, თუ რას ვისურვებდი საქორწილო საჩუქრად. პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, ჩემი კარიერით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა, ამიტომ, მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ – თუ ვინმეს ჩვენი გახარება სურს, ამ პროექტში შემოგვიერთდეს. საუკეთესო საქორწილო საჩუქარი სწორედ ეს იქნება“, – დაწერა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში იოზილმა.
BigShoe საერთაშორისო პროექტია, რომელშიც გერმანელი და შვეიცარიელი ექიმები არიან ჩართულნი. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩადიან და იმ პატარებს მკურნალობენ, გადაუდებელ ქირურგიულ დახმარებას რომ საჭიროებენ. მესუტ იოზილი BigShoe-ს პროექტით დააფინანსებს ათასი ბავშვის ოპერაციას.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 7 ივნისი)