1976: თბილისის დინამოს პირველი სათასო ტრიუმფი

1976 წლის 3 სექტემბერს თბილისის დინამომ პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის თასინოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა მოსკოვში, ლუჟნიკებზე გამართულ ფინალში თასის მფლობელი ერევნის არარატი 3:0 დაამარცხა!
ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო 5 წელიწადი, ალბათ, სწორედ ამ გამარჯვებით დაიწყო. მომდევნო სეზონებში დინამომ არაერთხელ მოიგო საკავშირო პირველობის მედლები, 1978 წელს მეორედ გახდა ჩემპიონი, 1979 წელს კიდევ ერთხელ აღმართა თასი, ყველაფერი კი 1981 წლის ევროპული ტრიუმფით დაგვირგვინდა.

1976 წლის 3 სექტემბერს დინამომ მეექვსედ ითამაშა ფინალში. 1936, 1937, 1946, 1960 და 1970 წლებში საქართველოს საუკეთესო კლუბს ერთი ნაბიჯი დააკლდა დიდ გამარჯვებამდე, 44 წლის წინ კი ნავსი გატყდა:

27-ე წუთზე დავით ყიფიანმა თავური დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0!

64-ე წუთზე ფირუზ კანთელაძემ პენალტით მეორე გოლი შეაგდო – 2:0!

68-ე წუთზე რევაზ ჩელებაძემ მესამედ დალაშქრა ავეტის ოვსეპიანის კარი – 3:0!

პირველი სათასო ტიტული და პირველი ჯილდო 1964 წლის შემდეგ!

არარატთან ფინალამდე დინამომ ზაპოროჟიეს მეტალურგს (1:1, პენ 5:4), ლენინგრადის ზენიტს (3:0), ლვოვის კარპატის (2:1) და დონეცკის შახტიორს (2:0) სძლია.

მოსკოვურ ფინალში დინამომ ამ შემადგენლობით ითამაშა: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), რევაზ ჩელებაძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი (ზურაბ წერეთელი 75), ვახტანგ კოპალეიშვილი.

ფირუზ კანთელაძის მოგონებებიდან:
…1976 წელს დინამო კიდევ ერთხელ გავიდა საკავშირო თასის ფინალში. მეტოქე ერევნის არარატი იყო, იმ წლების ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა გუნდი, თან თასის მფლობელი. დინამოს და არარატის დაპირისპირება ისედაც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო, სტატუსმა კი თამაშს დამატებითი ინტერესი შესძინა. მოტივაციას არ ვუჩიოდით, თუმცა ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე გაგონილმა ძალიან გაგვაბრაზა და ალბათ, სწორედ მაშინ გადაწყდა კიდეც ფინალის ბედი. ვიღაცამ გვიამბო, თასის მოგების შემთხვევაში არარატი ადლერში ჩაფრინდება და იქიდან ავტობუსით ჩავა ერევანშიო, ანუ, მათ თასით მთელი საქართველო უნდა გაევლოთ. არ ვიცი მართლა ასე აპირებდნენ თუ არა, მაგრამ ჩვენ რომ ძალიან გავბრაზდით, ამას ვადასტურებ.

…მიუხედავად იმისა, რომ 3:0 მოვიგეთ, თამაში მეტოქის იერიშებით დაიწყო. ერთი სახიფათო ფორვარდი ჰყავდათ, ნაზარ პეტროსიანი. მატჩის დასაწყისში ჯერ ძელს მოარტყა ბურთი, მერე კი სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ჩივაძემ გვიხსნა. ცუდი დასაწყისის შემდეგ თამაში დავალაგეთ და ნელ-ნელა ჩვენი გავიტანეთ, არარატის განადგურება დათო ყიფიანის ულამაზესი თავურით დავიწყეთ.

…დაწინაურების მიუხედავად, მაინც ვნერვიულობდით. დინამოს არასდროს მოეგო თასი და ძალიან გვინდოდა ნავსი ჩვენ გაგვეტეხა. პენალტი რომ დაინიშნა, ბურთი რატომღაც ჩემთან მოგორდა. გავიხედე ნიშნულისკენ და ვხედავ, ვინც უნდა დაარტყას არ ჩქარობს, მეტიც – ნერვიულობს. ავიღე ბურთი და დასარტყმელად მოვემზადე, არადა ოფიციალურ მატჩში მანამდე არასდროს შემესრულებინა პენალტი. უცბად ყიფოს ხმა მომესმა: მიდი ფირუზ, არ შეგეშინდესო… გამოვექანე და შევაგდე!

…მას შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია, რა მოხდებოდა ის პენალტი რომ არ გამეტანა? როგორია, ფინალს 1:0-ს იგებ, ამ დროს კი შენ, რომელსაც არასდროს დაგირტყამს 11-მეტრიანი, ამხელა პასუხისმგებლობას იღებ? რომ არ გამეტანა, ალბათ, საქართველოს დავტოვებდი. თუმცა იმ წამებში, როცა ბურთთან ვიდექი, ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 3 სექტემბერი)
ფოტო: Georgian Football Archive

ka_GEGeorgian