ესტონეთი 0:1 საქართველო – 15 საინტერესო ფაქტი
2020-21 წლების უეფას ერთა ლიგა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო: ვლადიმირ ვაისის გუნდმა ესტონეთში 1:0 მოიგო.
ნიკა კაჭარავას მიერ გატანილი თავური გოლი ერთადერთი გამოდგა და ჯვაროსნები 3 ქულით დაბრუნდნენ თბილისში. 8 სექტემბერს ნაკრებს მეორე გამოცდა ელის – მეტოქე ჩრდილოეთი მაკედონიის ნაკრებია, ვისთანაც ჩვენი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდს არასდროს უთამაშია.
ტალინური 1:0 არაერთი საინტერესო მოვლენის გამოა აღსანიშნავი. 15 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი კი ასეთია:
1: უეფას ერთა ლიგის ეგიდით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეშვიდედ ითამაშა და კვლავ დაუმარცხებელია. ამავდროულად, ეს იყო ჩვენი გუნდის მე6 გამარჯვება ამ ტურნირში.
2: ჯვაროსნებმა უეფას ერთა ლიგის მე5 მატჩი მოიგეს გოლის გაუშვებლად, აქედან მე3 მეტოქის მოედანზე.
2018-19 წლების უეფას ერთა ლიგაში ვლადიმირ ვაისის გუნდმა სტუმრად სძლია ყაზახეთს (2:0) და ლატვიას (3:0), შინ კი ლატვია (1:0) და ანდორა (3:0) დაამარცხა.
3: ესტონეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები მეშვიდედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ოფიციალურ მატჩში – პირველად.
4: ჯვაროსნებმა პირველად გაიმარჯვეს ესტონეთში.
ტალინში აქამდე გამართული 3 ამხანაგურიდან მასპინძლებმა 2 მოიგეს, ერთიც ფრედ დასრულდა.
ასევე: საქართველოს ნაკრებმა პირველად არ გაუშვა გოლი ესტონეთში გამართულ მატჩში.
5: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მე4 მატჩი მოუგო ესტონეთს.
მათზე ხშირად ქართველებს მხოლოდ ალბანელები (8ჯერ), მალტელები (6ჯერ) და ლატვიელები (5ჯერ) დაუმარცხებიათ.
საქართველომ ასევე 4ჯერ სძლია ლიეტუვას, მოლდოვას და გიბრალტარს.
6: ნიკა კაჭარავამ მე2 გოლი გაიტანა ეროვნული ნაკრების მაისურით და მამას, კახის გაუტოლდა.
ნიკამ მე2 გოლი მე18 მატჩში შეაგდო, უფროსმა კაჭარავამ კი 2 ბურთი 3 თამაშში მიითვალა.
7: ჯაბა კანკავამ 50ედ უკაპიტნა გუნდს და კახა კალაძის რეკორდი გაიმეორა.
კალაძე 83 სანაკრებო შეხვედრაში იყო გუნდისთავი, კანკავამ კი იგივე ნიშნულს 87ე თამაშში უწია.
8: კანკავას კაპიტნობით საქართველოს ნაკრებმა 21ე მატჩი მოიგო და ეს ჩვენი გუნდის რეკორდია.
კაპიტნებს შორის მეორე საუკეთესო შედეგი გიორგი ნემსაძეს ეკუთვნის – 12 გამარჯვება 42 მატჩში.
9: ჯაბა კანკავამ საქართველოს მესამედ უკაპიტნა ესტონელთა წინააღმდეგ, რაც რეკორდია.
თითოჯერ მოირგეს სამკლაური გიორგი კიკნაძემ, გიორგი ნემსაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა და კახა კალაძემ.
10: ვლადიმირ ვაისმა 41ე შეხვედრაში უხელმძღვანელა საქართველოს ნაკრებს, რაც ახალი რეკორდია. ამ თამაშამდე სლოვაკი სპეციალისტი თემურ ქეცბაიას მიღწევის თანაავტორი იყო.
11: ვაისის მწვრთნელობით ჩატარებული 41 მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა 15 მოიგო.
ამ მხრივ მეორე საუკეთესო შედეგი ალექსანდრე ჩივაძეს და თემურ ქეცბაიას ეკუთვნით – 13-13 მოგება.
12: ესტონეთის წინააღმდეგ გამართულ 7 მატჩში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამდენივე სპეციალისტი წვრთნიდა.
ვაისი ერთადერთია, რომელიც ორჯერ დაუპირისპირდა ესტონეთს.
ჯვაროსნებმა ბალტიისპირელებთან თითოჯერ ითამაშეს ვლადიმერ გუცაევის, რევაზ ძოძუაშვილის და დავით ყიფიანის წყვილის, პეტარ სეგრტის (ხორვატია), თემურ ქეცბაიას და კახი ცხადაძის ხელმძღვანელობით.
13: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ერთ-ერთია იმ 7 ქართველიდან, რომელთაც ესტონელთა წინააღმდეგ ყველაზე ხშირად, 3ჯერ უთამაშიათ.
კობიაშვილის გარდა ბალტიისპირელებს ასევე 3ჯერ დაუპირისპირდნენ ზურაბ ხიზანიშვილი, რატი ალექსიძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია და ოთარ კაკაბაძე.
ქართულ-ესტონური პაექრობების რეკორდსმენი ესტონელი ალექსანდრ დმიტრიევი და კონსტანტინ ვასილიევი არიან, რომლებიც 4 მატჩში მონაწილეობდნენ.
14: გიორგი ლორია მესამე ქართველი მეკარეა, რომელმაც ესტონელთა წინააღმდეგ კარი მშრალად შეინახა და პირველი, ვინც ეს მეტოქის მოედანზე მოახერხა.
ცნობისათვის: პირველი გიორგი მაკარიძეა, რომელმაც ესტონეთთან მატჩში 90 წუთის განმავლობაში არ გაუშვა გოლი. ის ნაკრების კარს 2018 წლის 27 მარტს, თბილისში 2:0 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში იცავდა. გუშინ მაკარიძე სათადარიგო იყო.
1998 წლის 18 ნოემბერს, ესტონელებთან თბილისში 3:1 მოგებულ თამაშში, სოსო გრიშიკაშვილმა 76ე წუთზე დატოვა მინდორი და იმ დროისთვის გოლი გაშვებული არ ჰქონდა.
15: გუშინდელ მატჩს ცნობილი მიზეზი გამო მაყურებელი ვერ დაესწრო, რაც ქართულ-ესტონური დაპირისპირებების ახალი ანტირეკორდია.
2000 წლის 11 ივნისს, ტალინში, კადრიორუზე გამართულ ამხანაგურს მხოლოდ 450 მაყურებელი დაესწრო, რაც მეტოქეთა პაექრობების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 6 სექტემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია