ელგუჯა ბერიშვილი: სპორტში დოპინგის ადგილი არ არის!

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ – WADA – რუსი სპორტსმენები და გუნდები დღეს 4 წლით მოკვეთა საერთაშორისო ტურნირებიდან. ტოკიოს ოლიმპიადა რუსეთის გუნდის გარეშე ჩაივლის, ისევე როგორც მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი და ბევრი სხვა დიდი საერთაშორისო ტურნირი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სოკი სრულად დაემორჩილებოდა WADA-ს გადაწყვეტილებას.

აჭარასპორტთან საუბარში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა WADA-ს გადაწყვეტილებასთან და რუსეთის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით განაცხადა:

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო სპორტში დოპინგის წინააღმდეგ მუხლჩაუხრელად იბრძვიან. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. დიდ სპორტში მსგავსი სახის სკანდალები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ხდება, თუმცა რუსეთთან დაკავშირებული ამბის მასშტაბი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პოზიცია ისეთივეა, როგორც ყველა დიდი სპორტული კავშირისა – სპორტში დოპინგის ადგილი არაა, ისევე, როგორც აკრძალული პრეპარატების მომხმარებელი ათლეტებისა“.

რუსული სპორტის მკაცრი სასჯელის მიზეზი საყოველთაოდ ცნობილია: სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერილი დოპინგი სპორტში და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) მიერ მოსკოვის ლაბორატორიის სინჯების/მონაცემების გაყალბება. სათქმელია ისიც, რომ RUSADA-ს ხელმძღვანელები WADA-ს წარმომადგენლებს თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში არ აძლევდნენ სინჯების გადამოწმების საშუალებას.

ტოკიოს ოლიმპიადაზე რუსეთის ოლიმპიური გუნდი არ დაიშვება, თუმცა ასპარეზობის შანსი ექნებათ ცალკეულ, ეგრეთ წოდებული „სუფთა ათლეტებს“, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი მაქინაციებში და არ არიან შემჩნეულნი აკრძალული პრეპარატების მოხმარებაში. ისინი ტოკიოს ოლიმპიადაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშის ქვეშ გამოვლენ.

ოთხწლეულის მთავარი სპორტული შეჯიბრისთვის, ტოკიოს ოლიმპიადისთვის ემზადება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც. ამასთან დაკავშირებით ელგუჯა ბერიშვილი ამბობს:

„სეოკი საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან ერთად სისტემატურად აკონტროლებს ქართველ ათლეტებს, ხოლო ის სპორტსმენები, რომლებიც ტოკიოს თამაშების ლიცენზიას დაეუფლებიან, იაპონიაში გამგზავრების წინ დამატებით  შემოწმდებიან დოპინგზე. ამ მიმართულებით, გარწმუნებთ, დიდი სახსრები იხარჯება და უამრავი ადამიანი მუშაობს. სეოკის მიზანი, ცხადია, ჩვენი ათლეტების ოლიმპიური მედლებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მათ ჯილდოები სამართლიან ბრძოლაში მოიპოვონ. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს დოპინგთან დაკავშირებით მწარე გამოცდილება და ამიტომაც, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“.

შეგახსენებთ: ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა დავით მოძმანაშვილმა 120კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიგო, მაგრამ წელს, იანვარში, მისი ლონდონური დოპინგ-სინჯი კიდევ ერთხელ გადამოწმდა, სამწუხაროდ დადასტურდა და სპორტსმენს ოლიმპიადის ვერცხლი ჩამოერთვა.

WADA-ს დღევანდელი გადაწყვეტილება იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ რუსეთი მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვერ იბრძოლებს დიდი საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობისთვის, მათ შორის 2032 წლის ოლიმპიადისთვის.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 9 დეკემბერი)

ka_GEGeorgian