ბერლინის კედელი კვლავ დაინგრა

ბერლინის ჰერტამ გერმანიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის – ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლის იუბილე ორიგინალურად აღნიშნა: ოლიმპიაშტადიონზე, ლაიპციგის რედ ბულთან მატჩის წინ კედლის დანგრევა გაითამაშა.

„მოვლენა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გააერთიანა, არ უნდა დავივიწყოთ და ყოველთვის სიამაყით მოვიგონოთ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კედლები, რომელიც ერს ორ ნაწილად ხლეჩს, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაინგრევა“, – განაცხადა ჰერტას დირექტორთა საბჭოს წევრმა პაულ კოიტერმა მატჩის წინ.

რედ ბულთან შეხვედრაში ბერლინელებმა იმავე დიზაინის მაისურით ითამაშეს, რომელსაც გუნდი 1989-90 წლების სეზონში ატარებდა. ჰერტა 2:4 დამარცხდა და XI ტურის შემდეგ მე-12 ადგილზეა.

ბერლინის კედელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აიგო და ქალაქი, ისევე როგორც ქვეყანა, ორ ნაწილად გაჰყო: საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებად გერმანიის დემოკრატიულ, და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკებად.

ბერლინის კედელი 1989 წლის 9 ნოემბერს დაინგრა, 1990 წლის ოქტომბერში კი გერმანია გაერთიანდა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 10 ნოემბერი)

ka_GEGeorgian