უიმბლდონი: ფინალი, რომელსაც კიდევ გავიხსენებთ
რამდენიმე საათიც და უიმბლდონი 2019 ისტორიის კუთვნილება გახდება.
გამორჩეული გრან სლემი ვაჟთა ფინალით დაგვირგვინდება: მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის 8-გზის გამარჯვებულ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.
„მსურს რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო. კორტზე გასულს მოგების გარდა სხვა არაფერი მამოძრავებს, ფინალში – მით უმეტეს“, – ამბობს ჯოკოვიჩი და დასძენს – „მეტოქეს ყოველთვის გულდასმით ვსწავლობ, თუმცა ფედერერის შემთხვევაში საქმე რთულადაა. ის იმდენად მრავალფეროვანია, რომ მუდმივად ტაქტიკის ცვლა მიწევს. გადამწყვეტი მატჩი ყოველთვის რთულია, მისნაირ მეტოქესთან კი ორმაგად“.
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი და როლან გაროს ნახევარფინალისტია. დღეს ის პირველი ჩოგანია, რეიტინგის სათავეში კი შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ აღზევდა. ინგლისის საჩოგბურთო კლუბის კორტებზე ტრიუმფს სერბმა სუპერვარსკვლავმა ჯერ ამერიკის ღია პირველობის მთავარი თასი დაურთო, არც მასტერსები დაივიწყა, წლის დასაწყისში კი, როგორც გითხარით, მელბურნში გაიხარა.
ჯოკოვიჩი ერთ-ერთია დიდი სამეულიდან, თუმცა სლემების რაოდენობით ჯერ კიდევ ჩამორჩება რაფაელ ნადალსა და ლიდერ როჯერ ფედერერს. მისი უპირატესობა ისაა, რომ კონკურენტებთან შედარებით ახალგაზრდაა და კარიერის დასრულებამდე, ვინ იცის რამდენ თასს ასწევს.
სადღეისოდ კი „მხიარული როჯერი“ მწვერვალზე დგას – მის გარდა 20 სლემი არავის მოუგია. შვეიცარიელი 21-ე სუპერტიტულს უმიზნებს:
„როცა ფინალში ხარ, თასი ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ ყველაზე რთული სწორედ ბოლო ნაბიჯის გადადგმაა – ფინალში ხომ საუკეთესოს ხვდები. ნოლეზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, ის სუპერმოთამაშე და ურთულესი მოწინააღმდეგეა. მაგრამ იმდენად მიზიდავს ტიტულები, განსაკუთრებით კი აქ, უიმბლდონზე, რომ ფინალში ყოველთვის იმაზე მეტს ვცდილობ, ვიდრე შემიძლია. ახლაც ასე იქნება – მაქსიმუმს ვეცდები“.
შვეიცარიელმა ნახევარფინალში თითქმის უშეცდომოდ ითამაშა და 4 სეტში აჯობა ნადალს. ეს იყო ჩოგბურთის ისტორიაში ყველა დროის გამორჩეული დაპირისპირების მორიგი სერია.
ფედერერ-ნადალის პაექრობაზე არანაკლებია ჯოკოვიჩი-ფედერერის დუელი, ესეც კლასიკად ითვლება და სრულიად სამართლიანად.
რამდენიმე საათში უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე მეტოქეები 48-ედ დადგებიან ერთმანეთის პირისპირ. ისევე როგორც ნადალთან, როჯერი ჯოკოვიჩთანაც აგებს – 22:25. მაგრამ ხსენებულ ნახევარფინალში მან დაამტკიცა, რომ რიცხვები, თუნდაც უსიამოვნო, მხოლოდ და მხოლოდ ისტორიაა და სხვა არაფერი. უარყოფითი ბალანსი კონკრეტულ მატჩში არაფერს წყვეტს.
ამ ფინალით საჩოგბურთო ისტორიის ერთი რეკორდი დაიწერება – დიდი სლემის ეგიდით ფედერერი და ჯოკოვიჩი მეთექვსმეტედ ითამაშებენ, ამდენი დაპირისპირება კი სხვების მეტოქეობას არ ახსოვს. ჯოკოვიჩი წინაა – 9:6.
გამორჩეული მოთამაშეების გზა პირველად 2006 წელს, მონტე კარლოს მასტერსის მეორე წრეში გადაიკვეთა. იმ დროს ფედერერი რეიტინგის ლიდერი გახლდათ, ჯოკოვიჩი კი მწვერვალისკენ მიმავალ გზას ადგა. შვეიცარიელმა 6:2, 2:6, 6:3 მოიგო. დიადი ალპელის გამარჯვებით დასრულდა მომდევნო 3 ჭიდილიც, და საერთოდ, პაექრობის პირველ ნახევარში როჯერი უკეთესი იყო.
2011 წელს, მელბურნის მთავარ კორტზე, წლის პირველი სლემის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 7:6, 7:5, 6:4 დაამარცხა ფედერერი. ის გამარჯვება გარდამტეხი გამოდგა: სერბმა ჩამორჩენა შეამცირა – 7:13, მომდევნო წლებში კი წინ გაიჭრა – 25:22.
მაგრამ სტატისტიკა მოახლოებული ფინალის წინ მხოლოდ და მხოლოდ რიცხვებია და ამით ქომაგები თუ შეიქცევენ თავს. საეჭვოა ჩოგბურთელები წარსულზე ბევრს ფიქრობდნენ. დღეს სერბი და შვეიცარიელი დიდებულ ფორმაში არიან და პირველივე ჩაწოდებიდან ახალი თავის წერას შეუდგებიან.
გული მიგრძნობს ძალიან დიდი ფინალის გველის, ისეთი, წლების შემდეგაც რომ გაიხსენებენ. ერთმანეთის პირისპირ მრავალფეროვანი, მკვეთრად განსხვავებული ჩოგბურთელები დგანან და ამიტომ. ორივე ძალიან დიდია საიმისოდ, რომ ერთმა მეორე დაჩრდილოს.
მოახლოებული მატჩის წინ კი შეუძლებელია არ გაგახსენდეს, რომ სწორედ ჯოკოვიჩი და ფედერერი არიან ის ორად ორი, რომლებმაც დიდი სლემის ყველა ტურნირზე მინიმუმ 60 მატჩი მოიგეს; მხოლოდ მათ მოახერხეს თითოეული სლემის 1/4-ფინალში მინიმუმ 10-ჯერ გასვლა…
ფინალისწინა ამბებში კი იოლად ამოიკითხავ, რომ დიდი სლემის ეგიდით ყველაზე მეტჯერ ფედერერმა ითამაშა – 403 მატჩი, ხოლო ჯოკოვიჩი მეორეა – 312. მოგების მხრივაც ისინი არიან პირველ-მეორე ადგილზე – 347 და 270…
სხვა რა ვთქვათ?
ფედერერი მალე 38 წლის გახდება, ჯოკოვიჩი კი მასზე 6 წლით უმცროსია. 32 წლის ნოლე მე-15 სლემს უტევს, მის ასაკში კი ფედერერი 17 თასით იწონებდა თავს. მაგრამ 32 წლის ჯოკოვიჩს უფრო მეტი მატჩი აქვს მოგებული სუპერტურნირებზე (264) ვიდრე 32 წლის ფედერერს ჰქონდა (260)…
სტატისტიკას რომ მივყვეთ, შესაძლოა ფინალიც გამოგვრჩეს. ასე რომ აქ დავასრულოთ და დიდი, ძალიან დიდი სიამოვნებისთვის მოვემზადოთ.
თუ ეს მშვენიერი სპორტი გიყვართ, დროებით ყველაფერი გვერდით გადადეთ და უიმბლდონის ფინალს ჩაუჯექით.
გირჩევთ.
კვირა დღეს უკეთეს თავშესაქცევს, ვეჭვობ ვერ იპოვით.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 14 ივლისი)