ტოტენჰემი Vs ლივერპული: 11 საინტერესო ამბავი დეზებზე
დღეს ევროსეზონი სრულდება: ესპანეთის დედაქალაქი მეხუთედ უმასპინძლებს მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალს, რომელშიც პრემიერლიგის ვიცე-ჩემპიონი ლივერპული მეოთხეადგილოსან ტოტენჰემ ჰოთსფურს დაუპირისპირდება.
ენფილდროუდელებთან შედარებით ლონდონელები ნაკლები საერთაშორისო ტიტულით იწონებენ თავს, მაგრამ ძველ გამარჯვებებს რომ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ამას ყველა ხვდება – ვანდა მეტროპოლიტანოს ხასხასა მინდორზე მეტოქეები თანაბარი შანსებით გავლენ.
ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე ტოტენჰემ ჰოთსფურის შესახებ 11 საინტერესო და ნაკლებადცნობილ ფაქტს გაგაცნობთ.
უეფას გადაწყვეტილებით, ლონდონელები დღევანდელ შეხვედრაში პირობითად მასპინძლები არიან.
1: ტოტენჰემ ჰოთსფური პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ევროთასი აღმართა. ეს 1963 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა „დეზებმა“ აწ უკვე გაუქმებული თასების მფლობელთა თასის ფინალში მადრიდის ატლეტიკო გაანადგურეს – 5:1.
1984 წელს ლონდონელებმა უეფას თასიც მოიგეს (ანდერლეხტთან), 1974 წელს კი ამავე ტურნირის ფინალში დამარცხდნენ (ფეიენოორდთან).
2: გამარჯვების შემთხვევაში ტოტენჰემ ჰოთსფური მეექვსე კლუბი გახდება (ინგლისიდან მესამე), რომელიც უეფას ეგიდით გამართულ ყველა საკლუბო თასს მოიგებს. აქამდე ეს მხოლოდ იუვენტუსმა, აიაქსმა, ბაიერნმა, ჩელსიმ და მანჩესტერ იუნაიტედმა მოახერხეს.
3: ტოტენჰემ ჰოთსფური მერვე ინგლისური კლუბია, რომელიც მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში ითამაშებს.
ინგლისი ამ მხრივ პირველ ადგილზეა, იტალია და გერმანია კი 6-6 წარმომადგენლით მეორე ადგილებს იყოფენ.
4: ტოტენჰემ ჰოთსფური მე-40 კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში გასვლა მოახერხა. 39-ე დებიუტანტიც ლონდონიდან იყო – ჩელსი 2008 წელს.
5: გამარჯვების შემთხვევაში მაურისიო პოჩეტინოს გუნდი თასის 23-ე მფლობელი გახდება. ბოლო, 22-ე, ასევე ლონდონიდან იყო – ჩელსი, 2012 წელს.
6: ევროთასებზე ასპარეზობის ისტორიაში ტოტენჰემ ჰოთსფურისთვის დღევანდელი ფინალი მე-9 მატჩია ინგლისელთა წინააღმდეგ. 4 მოგება, ფრე, 3 მარცხი, 12 გატანილი და ამდენივე გაშვებული გოლი – ასეთია ლონდონელთა სტატისტიკა.
7: ევროპის საკლუბო ტურნირებში ლივერპული და ტოტენჰემი მეორედ ხვდებიან ერთმანეთს.
1972-73 წლების უეფას თასის გათამაშების 1/2-ფინალური პაექრობა ფრედ 2:2 დასრულდა – ლივერპულმა ლონდონში, უაით ჰართ ლეინზე გატანილი გოლით მოიპოვა ფინალის საგზური – 1:2, 1:0.
8: მადრიდული ფინალი მეტოქეთა 171-ე დაპირისპირებაა. ინგლისის ჩემპიონატში, თასზე, ლიგის თასზე და ევროთასებზე გამართული 170 თამაშიდან 79 ლივერპულის სასარგებლოდ დასრულდა, 48-ში ტოტენჰემ ჰოთსფურმა გაიმარჯვა, 43-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.
ბოლო 14 პაექრობიდან 9 ლივერპულმა მოიგო, ტოტენჰემმა კი მხოლოდ ერთი.
2018-19 წლების სეზონის პრემიერლიგაში „წითლებმა“ ორივე მატჩში 2:1 გაიმარჯვეს.
9: ხსენებული 170 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი იყო ფინალი: 1982 წელს, ინგლისის ლიგის თასის გადამწყვეტ მატჩში ლივერპულმა დამატებით დროში 3:1 მოუგო ტოტენჰემს. ლონდონელები სტივ არჩიბალდის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა რონი უელანმა დუბლი შეასრულა, ერთი ბურთი კი ლეგენდარულმა იან რაშმა მიითვალა.
10: ტოტენჰემ ჰოთსფურს არასდროს მოუგია ესპანეთში: 3 ფრე და ამდენივე მარცხი.
11: თუ ჰარი კეინმა ფინალში ითამაშა, საიუბილეო, 50-ე მატჩს გამართავს ევროპის საკლუბო ტურნირებში.
ამ მხრივ კლუბის რეკორდსმენი ბელგიის ნაკრების მცველი იან ვერტონგენია 94 ევრომატჩით.
გუნდის კაპიტანი და მეკარე უგო ლორისი მეორე ადგილზეა – 93 თამაში.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 1 ივნისი)