მაქს ფერსტაპენი 4 წლით დაიტოვეს

მაქს ფერსტაპენმა რედ ბულთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა და 2023 წლის ჩათვლით დარჩება ავსტრიულ გუნდში. ძველი კონტრაქტი წლის ბოლოს იწურებოდა.

„ჰონდას მოსვლის შემდეგ საგრძნობლად გავძლიერდით. 2019 წლის მიწურული კარგად ჩავატარეთ და ვიმედოვნებ, ამ სეზონში მეტს მივაღწევთ. ჩვენი მთავარი მიზანია ბოლიდი კონკურენტუნარიანი იყოს, ტიტულებისთვის კი, მერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებ“, – განაცხადა 22 წლის პილოტმა, რომელმაც განვლილ ჩემპიონატში III ადგილი დაიკავა.

2019 წლის სეზონში ნიდერლანდელმა ავსტრიის, გერმანიის და ბრაზილიის დიდი პრიზები მოიგო, საერთო ჯამში კი 9-ჯერ შედგა პოდიუმზე.

გეცოდინებათ: ფერსტაპენი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახლავთ: 2015 წელს, როცა ავსტრალიის დიდ პრიზზე იასპარეზა, 17 წლის და 166 დღის იყო.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 7 იანვარი)

ka_GEGeorgian