განსაკუთრებულის მიზნები

ინგლისის პრემიერლიგის XIII ტურის მთავარი მოვლენა ჟოზე მოურინიუს დაბრუნებაა. „განსაკუთრებულმა“ მაურისიო პოჩეტინოს ადგილი დაიკავა ტოტენჰემ ჰოთსფურში.
დღეს პორტუგალიელის დებიუტია ახალ თანამდებობაზე: ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე, დერბიში, დეზები ვესტ ჰემ იუნაიტედს ესტუმრებიან. ტოტენჰემი მე-14 ადგილზეა და სიტუაციის სასწრაფოდ გამოსწორება სჭირდება. კლუბს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და სეზონს პრემიერლიგის თასის ერთ-ერთ კანდიდატად შეხვდა, რეალობა ნამდვილად არ ხიბლავს.
გუშინ ჟოზე მოურინიუს პირველი დიდი პრესკონფერენცია გაიმართა. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

 

უარყოფილი პროექტები
…მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ ბევრი გავისტუმრე უარით. დიდ კლუბებზე ვსაუბრობ, შორსმიმავალი გეგმებით. მინდოდა ცოტა დამესვენა, გარედან შემეხედა ფეხბურთისთვის.
…ერთი რამ ზუსტად ვიცოდი: მხოლოდ იმ კლუბს დავთანხმდებოდი, რომელსაც წარმატების შანსი ჰქონდა. ტოტენჰემი სწორედ ასეთია და სულ არ მაღელვებს, რომ ამ წუთისთვის ლიდერთა შორის არ ვართ. ყველაფერს დრო სჭირდება, მათ შორის დაწინაურებასაც. ხოლო იმაში, რომ სეზონის ბოლოს გაცილებით კარგ ადგილზე ვიქნებით, ეჭვიც არ მეპარება.

უახლოესი მიზნები
…ახლა მხოლოდ ორ საკითხზე ვფიქრობ: ვესტ ჰემთან მატჩზე და ჩემპიონთა ლიგიდან გასვლაზე. მინდა, რომ ტოტენჰემმა პირველივე მატჩში გაიმარჯვოს. რაც შეეხება ოლიმპიაკოსთან თამაშს, ბიჭებს უკვე ვუთხარი, რომ ჩვენი მიზანი ფლეი-ოფში გასვლაა. სხვა ვარიანტი არც განიხილება.

ლუკას მოურა
…არც შარშანდელი ამბავია და არც შარშანწინდელი: ის ჯერ კიდევ სან პაულუში თამაშობდა, მე კი რეალს ვხელმძღვანელობდი. მომწონდა მისი სტილი და მინდოდა, რომ რეალში ეთამაშა. ჯერ მის მშობლებს შევხვდი მადრიდში, შემდეგ მის აგენტს… მაგრამ შემდეგ პარი სენ-ჟერმენი გამოჩნდა და მოურა მათ წაიყვანეს.
თქვენ ვერ, მაგრამ მწვრთნელები ზუსტად გამიგებენ: რთულია, როცა ფეხბურთელი მოგწონს, მის გადაბირებას ცდილობ, ის კი საბოლოოდ სხვას რჩება. ასე რომ, დღეს ძალიან მიხარია მოურა აქ რომ დამხვდა.

ჰარი კეინი
…ორი აზრი არ არსებობს: დღეს ის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია, ინგლისში კი ნომერ პირველია!
ჰარი კეინი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ მე გეტყვით რა სჭირდება მას კარიერის დასრულების შემდეგაც რჩეულთა შორის რომ დაასახელონ – ტიტულები, თასები, მედლები. და მე ვეცდები, რომ კეინს ეს ყველაფერი მივცეთ, მეც და ფეხბურთელებმაც.
შესაძლოა ძლიერი იყო, ბევრი გოლი გაიტანო, მაგრამ თუ ტიტულები არ გიმაგრებს ზურგს, წლების შემდეგ ადვილად დაგივიწყებენ. დარწმუნებული ვარ კეინის შემთხვევაში ასე არ მოხდება.

დელე ალი
…სოციალური მედიის დროებაში ვცხოვრობთ, ასე რომ არ მიკვირს ასეთ ამბებს რომ მახსენებთ. ვიცი რა ისტორიაზეც მეუბნებით, 2012-ში რომ რაღაც მომწერა.
…უკეთესს მოგიყვებით: ჯერ კიდევ უნიაო ლეირიაში ვმუშაობდი, როცა პორტუს ვეთამაშეთ. მე და მეტოქის ერთი ლიდერი მთელი თამაშის მანძილზე ვკამათობდით, „კომპლიმენტებს“ არ ვაკლებდით… ერთმანეთი არ გვიცემია, თორემ ნაღდად არაფერი დაგვიკლია. იმ თამაშიდან ზუსტად ერთ თვეში პორტუს მთავარ მწვრთნელად დავინიშნე და ის მოთამაშე გუნდში დამხვდა. დაგისახელებთ, არაა პრობლემა, რადგან ამ ამბავზე თვითონაც ხშირად ხუმრობს – დეკუ… პირველად პორტუს გასახდელში რომ შევედი, თავჩაღუნული დამხვდა, იფიქრა, რომ მისი დრო ამოიწურა, მაგრამ მივედი, გადავეხვიე და ვუთხარი, რომ იმ შელაპარაკებას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო ჩემთვის საუკეთესოდ ეთამაშა… დელე ალიზეც იგივეს თქმა შემიძლია – რა იყო გუშინ, არ მაინტერესებს. მთავარია ახლა რას იზამს.
…პირველი ვარჯიშის შემდეგ ვკითხე: დელე ხარ თუ მისი ძმა? მიპასუხა დელე ვარ! მეც ვუთხარი: ჰოდა ძმასავით ნუ ვარჯიშობ-მეთქი. ის არაა საუკეთესო ფორმაში, მაგრამ როცა ფორმაშია – საუკეთესოა.
…დელე ალი ნიჭიერი ფეხბურთელია და არც იმას დავმალავ, რომ თაობაში გამორჩეულია, მაგრამ სულაც არ ველი, რომ შაბათსვე ითამაშებს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ჯერ ფორმაში უნდა ჩადგეს და ახალ მონახაზს მოერგოს. როცა ამას გააკეთებს, ვფიქრობ, ძველებურად ათამაშდება. თუ ვინმეს სურს ეს, პირველ რიგში მე.

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 23 ნოემბერი)

ka_GEGeorgian