ერთა ლიგა იწყება: პორტუში პირველი ნახევარფინალია
დღეს უეფას პირველი ერთა ლიგის პირველი ნახევარფინალია: ტურნირის მასპინძელი პორტუგალია შვეიცარიას პორტუში, დრაგაუზე დაუხვდება.
ფერნანდუ სანტუშის ევროპის ჩემპიონი გუნდი საუკეთესო შემადგენლობით ემზადება ნახევარფინალისთვის. მწვრთნელის რჩეულთა შორისაა კრიშტიანუ რონალდუც, რომელსაც სერია ა-ს ბოლო ტურებში არ უთამაშია – იუვენტუსმა სუპერვარსკვლავს დასვენების საშუალება მისცა.
რონალდუს გარდა პორტუგალიას ჟოაუ ფელიშის ეიმედება – ლისაბონის ბენფიკას ახალგაზრდა ლიდერმა ცოტა ხნის წინ ევროპალიგაზე გაიბრწყინა და ფიქრობენ, რომ ის ტურნირის აღმოჩენა გახდება.
„რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ. ბიჭები ჩინებულ განწყობაზე არიან და სეზონის ტიტულით დასრულება სურთ. რონალდუ? მას დიდი ხანი არ უთამაშია ნაკრებში, მაგრამ ამას მნიშვნელობა აქ აქვს – ყველამ ძალიან კარგად ვიცით მისი შესაძლებლობები და ის კვლავ გუნდის ლიდერია“, – განაცხადა ფერნანდუ სანტუშმა.
სრულ მზადყოფნაშია შვეიცარიაც. გუნდთან ერთად არიან ჩაკა და შაქირიც, რომლებმაც ევროსეზონი გასულ კვირას დაასრულეს: ჩაკას არსენალი ბაქოს ფინალში ჩელსისთან დამარცხდა, შაქირიმ კი ლივერპულის მაისურით ჩემპიონთა თასი აღმართა.
„პორტუგალია ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის მოედანზე ვთამაშობთ და მათ მეტი ქომაგი ეყოლებათ, მინდორზე 11-11-ზე ვიქნებით, ასე რომ, ფინალში გასვლა ჩვენც შეგვიძლია“, – ამბობს შვეიცარიელთა მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი.
პორტუგალიამ წელს ორჯერ ითამაშა, ორივე შემთხვევაში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით და ორივე მატჩი ფრედ დაასრულა: ჯერ უკრაინასთან – 0:0, შემდეგ კი სერბეთთან – 1:1.
2019 წელს შვეიცარიაც ორჯერ გავიდა მინდორზე. 23 მარტს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქართველოსთან 3:1 მოგებით დაიწყო ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი, 26 მარტს კი შინ, ბაზელში ვერ დაამარცხა დანია – 3:3.
ორიოდ სიტყვით წინა დაპირისპირებების შესახებ: დღეს ისინი 23-ედ ითამაშებენ. პორტუგალიამ 7, შვეიცარიამ კი 10 მატჩი მოიგო. ბურთების შეფარდებაც ამ უკანასკნელთა მხარესაა – 27:32.
პორტუგალიისა და შვეიცარიის გზები პირველად 1938 წლის 1 მაისს გადაიკვეთა მილანში – შვეიცარიამ 2:1 მოიგო. ბოლო თამაში 2017 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა – მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა ლისაბონში პორტუგალიის 2:0 გამარჯვებით დასრულდა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 5 ივნისი)