39-ე ტანგო პარიზში: ნადალი ფედერერის წინააღმდეგ
ხვალ, 7 ივნისს, როლან გაროსის ცენტრალურ კორტზე რაფაელ ნადალი როჯერ ფედერერს დაუხვდება. ორი ლეგენდარული ჩოგბურთელის მორიგი სუპერმატჩი ფინალისტს გამოავლენს.
წილისყრის მიხედვით პირველი ფედერერი უნდა გვეხსენებინა, მაგრამ როლან გაროზე 11 ტრიუმფი ამის უფლებას არ გვიტოვებს – პარიზში მასპინძელი სწორედ ნადალია. მუშკეტერების თასი ფედერერსაც მოუგია, თუმცა მხოლოდ ერთხელ – 2009 წელს და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ თიხნარის მეფე სენსაციურად დამარცხდა ნახევარფინალში.
რაფაელ ნადალის და როჯერ ფედერერის მეტოქეობა წლებია გრძელდება და უამრავ დასამახსოვრებელ ეპიზოდს ითვლის. სხვა თუ არაფერი, ამ ორ გენიალურ ჩოგბურთელს 37-ჯერ მოუგიათ დიდი სლემის ტურნირები, რაც თქმა არ უნდა, ზღაპრული შედეგია.
ხვალინდელი ნახევარფინალი მათი 39-ე დაპირისპირებაა. ინტერესი ძალიან დიდია და რა შედეგითაც უნდა დასრულდეს პაექრობა, ყველამ იცის: ჩოგბურთი მხოლოდ მოიგებს.
კლასიკურ მატჩამდე ერთი დღით ადრე რაფაელ ნადალის და როჯერ ფედერერის 5-5 ფრაზას შემოგთავაზებთ, რომლითაც მეტოქეებმა ერთმანეთს მიაგეს პატივი.
რაფაელ ნადალი:
…საუკეთესოდ რომ ეთამაშა, უშანსოდ ვიქნებოდი, მაგრამ ჩოგბურთის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ყოველთვის ერთ დონეზე ვერ იასპარეზებ. როცა უმაღლეს დონეზე ვთამაშობ, ხოლო ის ამას ვერ ახერხებს, მაშინ მოგება შემიძლია, – 2004 წელი, მაიამის მასტერსი.
…თუ ის კარგად თამაშობს, მაშინ მე უნაკლოდ უნდა ვითამაშო. როცა როჯერი 100%-ით მზადაა მატჩისთვის, მასთან პაექრობა წარმოუდგენელია, ამ დროს ის სხვა პლანეტაზეა და მისი შეჩერება შეუძლებელია, – 2007 წელი, ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი.
…ჩვენ ურთიერთობას დაპირისპირებას ვერ დავარქმევ. ბევრჯერ გვიწევს ერთმანეთთან თამაში, რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად ვხვდებით კორტს მიღმაც და ეს მხოლოდ პროფესიული კავშირი არაა, ეს დიდი ურთიერთპატივისცემაა, – 2010 წელი, ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი.
…როცა როჯერს ვეთამაშები, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. ჩვენი თითოეული დაპირისპირება დიდი ისტორიაა და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდა წინა შეხვედრა, – 2014 წელი, ავსტრალიის ღია პირველობა.
…სხვადასხვა სათამაშო სტილი გვაქვს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორივენი წარმატებულები ვართ. ჩვენი მეტოქეობა კარგა ხანია გასცდა საჩოგბურთო სამყაროს, სხვა პროფესიის ხალხი სულ უფრო ხშირად საუბრობს ჩემი და როჯერის პაექრობაზე და ვფიქრობ, ეს ჩვენი სპორტისთვის ძალიან კარგია, – 2017 წელი, ავსტრალიის ღია პირველობა.
როჯერ ფედერერი:
…უნიკალური ჩოგბურთელია! ვერავინ აწვდის მისნაირად, ძალიან ძლიერი და მრავალფეროვანია… რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყოველთვის მზადაა დიდი ფსიქოლოგიური წნეხისთვის. თამაშიდან თამაშამდე, კვირიდან კვირამდე, წლიდან წლამდე ამტკიცებს, რომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ჩოგბურთელია. ბევრი ტრავმა გადაიტანა და მაინც ძლიერად დაბრუნდა. მას უამრავი მიზეზის გამო დიდ პატივს ვცემ, – 2017 წელი, ავსტრალიის ღია პირველობა.
…სამწუხაროა, რომ ჩოგბურთში ფრე არ არსებობს. ასე რომ ყოფილიყო, ამ თასს სიამოვნებით გავუნაწილებდი რაფას, – 2017 წელი, ავსტრალიის ღია პირველობა.
…მეეჭვება, რომ პირად დაპირისპირებაში დავწინაურდე – ჩამორჩენა ძალიან დიდია, თან, რეიტინგიდან გამომდინარე, მხოლოდ ბოლო ეტაპებზე თუ შევხვდებით ერთმანეთს და ისიც ხომ ყველამ ვიცით, რომ მალე ორივე დავასრულებთ კარიერას, – 2017 წელი, შანხაის მასტერსი.
…ნადალი იმ იშვიათ მოთამაშეთაგანია, რომლებმაც ამ დონის ჩოგბურთელად მაქციეს. სწორედ მასთან განცდილი მარცხი მაიძულებდა ვარჯიშს და ტექნიკის დახვეწას. ამდენი წაგების მიუხედავად, ის ერთ-ერთი სასურველი მეტოქეა, – 2017 წელი, შანხაის მასტერსი.
…ძალიან დიდი ხანია მხარდამხარ მოვდივართ, არც კი ვიცი ზუსტად რამდენ ტურნირზე გვითამაშია, საქველმოქმედო შეხვედრებს ხომ სათვალავი არ აქვს… რაფა, გარდა იმისა, რომ ძლიერი მეტოქეა, საინტერესო ადამიანია. ჩვენი პაექრობა ერთი დიდი თავგადასავალია, – 2019 წელი, ინდიან უელსის მასტერსი.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 6 ივნისი)