პიეტრო ანასტაზი 1948-2020
იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, 60-70-იანი წლების კალჩოს ვარსკვლავი პიეტრო ანასტაზი გუშინ, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შემდეგ რაც სიმსივნე აღმოუჩინეს, ანასტაზი მშობლიურ კატანიაში ცხოვრობდა.
ანასტაზის კარიერა 15 წლის მანძილზე გაგრძელდა და საუკეთესო წლებში ქვეყნის ორი დიდი კლუბის, იუვენტუსის და ინტერის მაისურით ითამაშა, 1968-75 წლებში კი 25-ჯერ გამოჩნდა ნაკრებში და 8 გოლიც შეაგდო.
ტურინულ გრანდთან ერთად ის 4-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ინტერთან ერთად კი ქვეყნის თასი მოიგო. რაც შეეხება ნაკრებს, ქვეყნის მთავარ გუნდში მან 1968 წელს ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
1977-78 წლების სეზონში თბილისის დინამომ უეფას თასის პირველ ეტაპზე მილანის ინტერი ორი მატჩის ჯამში 1:0 დაამარცხა. ქართველმა გულშემატკივრებმა ანასტაზი სწორედ მაშინ იხილეს – 28 სექტემბერს, დინამოს სტადიონზე მან ინტერის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა 46-ე წუთზე ალესანდრო ალტობელიმ შეცვალა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 18 იანვარი)