პრემიერლიგა დროებით შეწყდება

სათაურმა არ შეგაშინოთ – საუბარია 2022 წელზე. მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ 3 წელია დარჩენილი, თუმცა საუკეთესო საფეხბურთო ლიგამ უკვე დაიწყო კატარი 2022-თვის მზადება.

ცნობილია, რომ 3 წელიწადში ფიფას ოქროს თასი ზაფხულის ნაცვლად პირველად გათამაშდება წლის მიწურულს: მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. ერთი შეხედვით უცნაური კალენდრის მიზეზი მასპინძელი ქვეყნისთვის დამახასიათებელი სიცხეა – ივნის-ივლისში კატარში თამაში შეუძლებელია, ნოემბერ-დეკემბერში კი შედარებით გრილა.

მაგრამ ამ თვეებში ევროპაში გაგანია საკლუბო სეზონია. სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ პრემიერლიგის აქციონერები ნოემბერში დაგეგმილ პირველ შეხვედრაზე. გავრცელებული ინფორმაციით, 2022-23 წლების სეზონში პრემიერლიგა, სავარაუდოდ, 12 ნოემბერს შეწყდება და 26 დეკემბერს განახლდება. ამ საკითხზე პრემიერლიგის საბჭო კლუბების წარმომადგენლებთან ერთად არაერთხელ იმსჯელებს. პროექტის მიხედვით, ხსენებულ პერიოდში ჩემპიონშიფის გუნდებიც შეისვენებენ, თუმცა იქ თამაშები შედარებით მალე განახლდება. რაც შეეხება I და II ლიგებს, მათ კალენდარს არაფერი ემუქრება.

საინტერესოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ჯერ არაფერი უთქვამს უეფას. ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2021 წლამდე ჩემპიონთა ლიგასთან და სხვა საკლუბო ტურნირებთან დაკავშირებით არაფერს გადაწყვეტს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 24 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian