წლის ძალოსნები: ლაშა ტალახაძე და ლიდია ვალენტინი!

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გალა-დაჯილდოება დასრულდა. IWF-მა 2018 წლის საუკეთესო ათლეტებად ლაშა ტალახაძე და ესპანელი ლიდია ვალენტინი დაასახელა. ღონისძიებას ქობულეთმა, სასტუმრო ჯორჯიან პალასმა უმასპინძლა.

„ჩემი ლაშა, უმცროსო მეგობარო! გილოცავ ამ დიდ გამარჯვებას! გისურვებ წარმატებებს და მინდა, რომ შენ, შესანიშნავმა სპორტსმენმა და ძალოსანმა გამარჯვებებით და ტრიუმფებით ისევე გაახარო გულშემატკივრები, როგორც ქობულეთის მზე გვათბობს ამ მშვენიერ საღამოს“, – ამ სიტყვებით მიულოცა IWF-ის პრეზიდენტმა, დოქტორმა ტომაშ აიანმა ლაშა ტალახაძეს ტრიუმფი.

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს ზედიზედ მეორედ გადაეცა წლის ძალოსნის ტიტული. IWF-მა ის 2017 წელსაც გამოარჩია. ასევე ზედიზედ მეორედ მოიგო ეს ჯილდო ლიდია ვალენტინმაც. ისევე როგორც ლაშა, ესპანელი ათლეტი 2017 წელსაც საუკეთესო იყო.

„მადლობა კახის, ძალოსნობის ისტორიაში გამორჩეულ სპორტსმენს და ადამიანს, ვინც შესანიშნავად ხელმძღვანელობს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას. კახი კახიაშვილი ლეგენდარული ათლეტია და ვხედავ, რომ ის არამარტო ფიცარნაგზე იყო მიზანდასახული და გამარჯვებული. ლაშა ტალახაძის წარმატება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გამარჯვებაცაა. გილოცავთ“! – ეს სიტყვებიც ტომაშ აიანს ეკუთვნის.

„ლაშა გამორჩეული სპორტსმენი და საამაყო ადამიანია. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით, ვულოცავ დღევანდელ აღიარებას! მჯერა, რომ მას ჯერ კიდევ წინ აქვს ბევრი გამარჯვება. მომავალ ოლიმპიადაზე ის ჩვენი გუნდის ლიდერი იქნება და ვფიქრობ, დიდ სიხარულსაც მოგვანიჭებს“, – განაცხადა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა.

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული ლაშას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, ევროპის საჭადრაკო კავშირის ხელმძღვანელმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ, ღონისძიების მასპინძელმა, კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ და სხვა არაერთმა სტუმარმა მიულოცა.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ სტუმრებმა ჯორჯიან პალასის დიდ დარბაზში გადაინაცვლეს საზეიმო ვახშამზე.

ლაშა ტალახაძეს იქ კიდევ რამდენიმე პრიზი ერგო: ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი სპეციალური ჯილდოებით გაახარეს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერი კომპანია რომპეტროლის ხელმძღვანელებმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და ევროპის ძალოსნობის კავშირმა.

კახი კახიაშვილი ტომაშ აიანმა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა, ქართული ძალოსნობის ხელმძღვანელმა კი სამახსოვრო თასები და პრიზები უძღვნა დოქტორ ტომაშ აიანს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეს, ასევე უცხოელ სტუმრებს.

ლაშა გოდუაძე ქობულეთიდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 20 მაისი)

ka_GEGeorgian