უბრალო ისტორიები
ისინიც ბავშვობიდან მოვიდნენ.
მწვერვალებამდე, და ასეთები მათ კარიერაში არაერთი იყო, ბევრი იარეს და ამ მშვენიერი თამაშის ისტორიაში თავის კვალი დატოვეს.
ვარსკვლავების ავტობიოგრაფიების კითხვა ერთი სიამოვნებაა, ძალიან დიდი სიამოვნება.
და საწყენია, რომ ამ მხრივ განებივრებულნი არ ვართ. ერთი შოთა არველაძეა, ქომაგები რომ გაგვახარა. დანარჩენები? რა, არაფერი აქვთ სათქმელი?
ასეთი წიგნები აუცილებელია: მხოლოდ სტადიონი, ორი გუნდი და გოლი ხომ არაა ფეხბურთი?
ერთი გენიოსი ინგლისელი მწვრთნელისა არ იყოს, ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე სიცოცხლე და სიკვდილი.
ეს 1970 წელს იყო ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ ფეხბურთის მეფედ რომ აღიარეს, თორემ 40-იანი წლების მიწურულს არც არავინ იცოდა, რომ ბრაზილიის პატარა ქალაქ ბაურუში დაბადებული კაფანდარა პელე 3ჯერ გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი, ათასზე მეტ გოლს გაიტანდა და სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცეოდა.
ეუსებიო? პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მშობლიურ მოზამბიკში აღმოაჩინეს: თანატოლთაგან ძალიან გამოირჩეოდა და უმალ მოხვდა ლისაბონის სპორტინგის ყურადღების ცენტრში, მაგრამ მან სახელი დედაქალაქის მეორე კლუბში, ბენფიკაში გაითქვა. თუ როგორ, ეს სხვა, არანაკლებ საინტერესო ისტორიაა.
ან რა იცოდა მიუნხენ 1860-ის ბავშვთა გუნდის მწვრთნელმა რამხელა შეცდომას უშვებდა, პატარა ფრანც ბეკენბაუერს კონკურენტ კლუბში წასვლის უფლება რომ მისცა? მაშინ, 50-იანი წლების მიწურულს, ფრანცი ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გერმანელი ბიჭი იყო, ბურთის გორება ყველაფერს რომ ერჩივნა.
იოჰან კრუიფის პირველი საფეხბურთო ნაბიჯები ხომ საერთოდ ზღაპარს ჰგავს: დედამისი, ოჯახი რომ ერჩინა, აიაქსში მაისურების მრეცხავად მოეწყო, მერე კი იოჰანიც მიიყვანა საფეხბურთო სკოლაში და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!
და დიეგო მარადონა? ავტობიოგრაფიაში წერს, პირველი საჩუქარი, რაც მახსოვს, ფეხბურთის ნამდვილი ბურთია, დაბადების დღეზე რომ მისახსოვრესო. 7 წლისას ბიძაშვილმა ბეტომ საოცნებო შავ-თეთრ კოპლებიანი ბურთი მიართვა. მაშინ დიეგიტო დილიდან საღამომდე ეზოში თამაშობდა და ვარსკვლავობაზე ოცნებობდა…
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონთა კაპიტანი ფაბიო კანავარო ბავშვობაში ნაპოლის თამაშებზე ბურთის მიმწოდებელი იყო, იმ გუნდში კი სწორედ დიეგო მარადონა ბრწყინავდა, ფეხბურთის უგვირგვინო მეფე. ცხადია, ნეაპოლში არავინ იცოდა, რომ იქ, მოედნის კიდესთან მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი იდგა.
და განა ქართველთა ისტორიები ნაკლებ საინტერესოა?
ავთანდილ ღოღობერიძე თითქმის 20 წლის მანძილზე თამაშობდა კლუბში: ის დღემდე რეკორდსმენია თამაშების და გოლების მიხედვით, მისი წიგნი კი – ბურთი ცხრა მთას იქით, დინამოელის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა მოთამაშის განცდების გულშემატკივართან მიტანისა.
ყველა დროის უდიდესი ქართველი ათიანი დათო ყიფიანი ერთი წლის მისული არ იყო დინამოში, ისე ატკინეს გული, რომ თავი დაანება თამაშს – წადი, სკრიპკაზე დაუკარი, ფეხბურთი შენი საქმე არააო. არადა, ის ვინც ყიფიანში ფეხბურთელი ვერ დაინახა, არანაკლებ სახელოვანი მოთამაშე იყო! მერე რა მოხდა, ეს უკვე ცალკე ისტორიაა, უდიდესი გამარჯვებები და სევდა რომ დაიტია.
კახა კალაძე? ფეხბურთელს, რომელმაც ორჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა საკლუბო დონეზე, მშობლიურ სამტრედიაში ფორმა არ შეხვდა – კენჭი ყარეს და ახალი ტრუსი და მაისური სხვას ერგო.
ნამდვილად ღირს ფეხბურთელთა ბიოგრაფიების გაცნობა. ღირს კი არა, აუცილებელიცაა – იმდენ საინტერესოს აღმოაჩენ კაცი, რომ…
დღეს ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მას უთვალავი დამფასებელი ჰყავს, მაგრამ ბევრმა არც იცის: ბარსელონის ძალისხმევა რომ არა, შესაძლოა ლიონელ ანდრეს მესი მშობლიურ როსარიოში ინვალიდად დარჩენილიყო.
ლეოს და ბარსელონას ისტორია განსაკუთრებულია.
„როცა მისი თამაშის ჩანაწერები ვნახე, ვიფიქრე, რომ ეს პატარა ბიჭი სხვა პლანეტიდან იყო“! – იხსენებს ხოსეპ მარია მინგელა, კლუბის ერთ-ერთი ტოპ-სელექციონერი, კაცი, რომელმაც 80-იანი წლების დასაწყისში დიეგო მარადონა გადაიყვანა კლუბში.
ლეო მინგელას ორმა თანაშემწემ, სამხრეთ ამერიკაში მივლინებულმა სკაუტებმა მარტინმა და ფაბიანმა შენიშნეს. ერთხელ ნახეს მისი თამაში, ორჯერ და მიხვდნენ, რომ ბიჭის ხელიდან გაშვება დიდი შეცდომა იქნებოდა. და როცა მინგელას ლეოს შესახებ შეატყობინეს, ისიც უთხრეს, რომ მესი ასაკთან შედარებით სათანადოდ განვითარებული არ იყო – ზრდის ჰორმონების საგრძნობი ნაკლებობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მინგელამ ჩათვალა, რომ გარისკვა ღირდა და ბარსელონის მაშინდელ პრეზიდენტ ჟოან გასპარს და მის მარჯვენა ხელს ანტონ პარერას შეხვდა.
ლეოს ბარსელონაში ჩაყვანა და მკურნალობა სწორედ მაშინ გადაწყდა: 2000 წლის მიწურულს ბიჭი მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად ბარსელონაში ჩადის. კლუბი ოჯახს თვეში 4 ათას ევროს ახმარდა, აქედან ათასი მკურნალობის კურსი ღირდა.
13 წლის იყო მესი, ბარსელონამ პირველად რომ გაუფორმა კონტრაქტი. იმ დროს ლეო სიმაღლეში 147 სანტიმეტრი იყო და 39 კილოს იწონიდა.
სამი წლის შემდეგ, სპეციალური კურსის დასრულებისას, ლეომ 18 სანტიმეტრი მოიმატა და 64 კილო გახდა, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი დღევანდელ მონაცემებს უწია: 169 სმ და 69 კგ.
საერთო ჯამში, ბარსელონამ ლეოს მკურნალობას თითქმის 50 ათასი ევრო დაახარჯა.
დიდი იყო რისკი, მაგრამ დღეს ნათელია, რომ როსარიოში დაბადებულ პატარა ბიჭზე ზრუნვა ღირდა ამად.
დღეს ბარსელონა მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, მესი კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.
და ვინ იცის, იქნებ ახლა, როცა მესის თამაშით ვტკბებით, სადმე ბურთს დასდევს ბიჭი, რომელსაც ცხოვრება ძალიან დიდ სიურპრიზს უმზადებს. ეგებ, იმ ბიჭმა, რომლის სახელიც დღეს მხოლოდ დედ-მამამ, და-ძმებმა ან მეგობრებმა იციან, წლების შემდეგ დაწეროს რომ, 2010 წლის სექტემბერში…
რატომაც არა?
გთხოვთ, ნუ გეღიმებათ.
ჩვენ ხომ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ.
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 19 ოქტომბერი)