პიტერ შილტონი: მარადონას ვერასდროს ვაპატიებ!
32 წლის იყო პირველად რომ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. და მიუხედავად ამისა, დღეს ერთ-ერთია ორად ორი მეკარიდან, რომელმაც ყველაზე მეტ მატჩში შეინახა კარი მშრალად – მან და ფაბიენ ბარტეზმა ეს 10-ჯერ მოახერხეს.
31-წლიანი კარიერის განმავლობაში 1 390 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. და ეს ფიფას მიერ აღიარებული მსოფლიო რეკორდია.
ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ის ერთადერთია, რომელმაც 5 სხვადასხვა კლუბის მაისურით ითამაშა მინიმუმ 100 სალიგო მატჩში.
ყველაზე ძალიან კი იმით ამაყობს, რომ ინგლისის ნაკრებში 125-ჯერ ითამაშა. ესეც კიდევ ერთი რეკორდი.
დღეს პიტერ ლესლი შილტონი 70 წლის მოხუცია და დროდადრო, ჟურნალისტებთან ინტერვიუებში, საამაყო კარიერას იხსენებს. ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერს გარდიანის ჟურნალისტი კოლჩესტერის ერთ პატარა სასტუმროში შეხვდა.
„30 წელზე მეტი ვთამაშობდი, მაგრამ ახლა, როცა ნაკრებში დებიუტიდან ნახევარი საუკუნე გავიდა და პატარა აღარ მეთქმის, მხოლოდ სამი რამაა, რითაც მართლა ვამაყობ – ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი, ყველაზე მეტი თამაში ინგლისის ნაკრებში და ის 10 თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც გოლი არ გავუშვი“, – ამბობს შილტონი და დასძენს – „რომ არა ბატონი დიეგო, ეს რიცხვი ერთით მეტი იქნებოდა – ჩვენ კარში ხელით შეგდებულ იმ გოლს მას ვერასდროს ვაპატიებ“.
გეცოდინებათ: მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალი, არგენტინა-ინგლისის დაპირისპირება, სამხრეთამერიკელებმა დიეგო არმანდო მარადონას დუბლით 2:1 მოიგეს. დიდი ათიანის მიერ გატანილი პირველი გოლი დღემდე ყველაზე საკამათო ბურთია ფეხბურთის ისტორიაში, მეორე კი ფანებმა XX საუკუნის ყველაზე დიად გოლად აღიარეს.
მატჩის შემდეგ დიეგომ ხელით თამაში იუარა და თქვა, რომ თუ გოლი ხელით გავიდა, ეს „ღმერთის ხელი“ იყო. ინგლისელ ჟურნალისტებს შანსი ხელიდან არ გაუშვიათ და მარადონას მეორე ბურთს „ღმერთის ფეხი“ უწოდეს.
დღეს ყველამ კარგად იცის – პირველი გოლის დროს მარადონამ ხელით ითამაშა. უბრალოდ, იმ დღეს, 1986 წლის 22 ივნისს, ტუნისელმა არბიტრმა ალი ბინ ნასერმა შილტონს არ დაუჯერა და გოლი ჩათვალა:
„ღმერთის ხელი… მეცინება მარადონას ამ ფრაზაზე… ეს უნამუსობაა და სხვა არაფერი – მან ხელით ითამაშა და მსაჯი მოატყუა, მისი საქციელი პატივისცემას არ იმსახურებს. ჩემთვის ასეთი რამ მიუღებელია. მაშინ რომ ყოფილიყო მსაჯთა დახმარების რამე საშუალება, ვთქვათ VAR, დიეგო იმ დიდების მეათედსაც ვერ ეღირსებოდა, რაც ჩვენთან მატჩის შემდეგ მოიხვეჭა. და ვერც არგენტინა მოიგებდა მსოფლიო ჩემპიონატს“.
და ვინ მოსწონს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს გოლკიპერს?
„ვაღმერთებ ბუფონს! ის საუკეთესოა, პრემიერლიგაში კი ყველაზე ძალიან ალისონი მესიმპათიურება. ედერსონიც კარგია… უცნაურია: ჩვენ დროს ბრაზილიას ყოველთვის სუსტი მეკარეები ჰყავდა“.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 16 იანვარი)