პორტუგალია ფინალშია!

ერთა ლიგის პირველი ფინალისტი ფერნანდუ სანტუშის პორტუგალია გახდა, რომელმაც 3:1 მოუგო შვეიცარიას.
პორტუგალიამ წელს პირველად გაიმარჯვა, შვეიცარია კი პირველად დამარცხდა. მარტში მათ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშეს 2-2 შეხვედრა.
მასპინძელთა სამივე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. იუვენტუსის სუპერფორვარდი შეუდარებელი იყო და კარიერაში 53-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა. ისიც გაცნობეთ, რომ რონალდუმ ნაკრების მაისურით ჩატარებულ 157-ე მატჩში უკვე 88 გოლი გაიტანა.
უეფას ერთა ლიგის ჩემპიონის თასისთვის პორტუგალია ნიდერლანდებსა და ინგლისს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ეს ნახევარფინალი დღეს გაიმართება.
გუშინდელი მატჩის 5 გამორჩეული ფაქტი კი ასეთია:

1: ბოლო 8 დაპირისპირებიდან პორტუგალიამ მეხუთედ მოუგო შვეიცარიას.

2: 23 პაექრობის შემდეგ მეტოქეთა შორის ასეთი თანაფარდობაა: პორტუგალიის 8 მოგება, შვეიცარიის 10 გამარჯვება, 5 ფრე და ბურთები შვეიცარიელთა სასარგებლოდ – 33:30.

3: 1969 წლის აპრილში შვეიცარიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პორტუგალიაში 2:0 მოიგო. მას შემდეგ გუნდმა 9-ჯერ ითამაშა პორტუგალიაში (ამ ქვეყანაში გამართული ევრო 2004-ის ჩათვლით) და ერთხელაც ვერ გაიმარჯვა – 2 ფრე და 7 წაგება.

4: მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ურუგვაისთან წაგების შემდეგ – 1:2, პორტუგალია დაუმარცხებელია: 4 გამარჯვება და 5 ფრე.

5: რიკარდო როდრიგესმა შვეიცარიის ნაკრების მაისურით ბოლო 3 გოლი 11-მეტრიანით გაიტანა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 6 ივნისი)

ka_GEGeorgian