მათიის დე ლიხტი საუკეთესოა!

ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტული ნიდერლანდების ნაკრების და ამსტერდამის აიაქსის 19 წლის მცველმა მათიის დე ლიხტმა მოიგო. ჯილდო, რომელსაც მხოლოდ 21-წლამდელები ეუფლებიან, იტალიურმა გამოცემა ტუტოსპორტმა 2003 წელს დააწესა.

ასაკის მიუხედავად დე ლიხტი ამსტერდამული კლუბის კაპიტანი გახლავთ, ნარინჯისფერთა მაისურით კი უკვე მოასწრო 13 მატჩის გამართვა. მისი სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა. გავრცელებული ინფორმაციით დე ლიხტის გადაბირებით ტურინის იუვენტუსი, პარი სენ ჟერმენი, ბარსელონა და მიუნხენის ბაიერნი არიან დაინტერესებულნი.

დე ლიხტმა ევროპის რჩეული ახალგაზრდა მოთამაშის წოდებისთვის ბრძოლაში ჯასტინ კლუივერტს (რომა), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს (ლივერპული), ვინისიუს ჟუნიორს (რეალი) და პატრიკ კუტრონეს (მილანი) აჯობა.

განვლილ სეზონებში ტუტოსპორტის რეფერენდუმი მოუგიათ:
2018 – მათიის დე ლიხტი (ამსტერდამის აიაქსი; ნიდერლანდები)
2017 – კილიან მბაპე (მონაკო/პარი სენ-ჟერმენი; საფრანგეთი)
2016 – რენატუ სანჩესი (ლისაბონის ბენფიკა/მიუნხენის ბაიერნი; პორტუგალია)
2015 – ანტონი მარსიალი (მონაკო/მანჩესტერ იუნაიტედი; საფრანგეთი)
2014 – რაჰიმ სტერლინგი (ლივერპული; ინგლისი)
2013 – პოლ პოგბა (ტურინის იუვენტუსი; საფრანგეთი)
2012 – ისკო (მადრიდის რეალი; ესპანეთი)
2011 – მარიო გიოცე (დორტმუნდის ბორუსია; გერმანია)
2010 – მარიო ბალოტელი (მილანის ინტერი/მანჩესტერ სიტი; იტალია)
2009 – ალეშანდრუ პატუ (მილანი; ბრაზილია)
2008 – ანდერსონი (მანჩესტერ იუნაიტედი; ბრაზილია)
2007 – სერხიო აგუერო (მადრიდის ატლეტიკო; არგენტინა)
2006 – სესკ ფაბრეგასი (ლონდონის არსენალი; ინგლისი)
2005 – ლეო მესი (ბარსელონა; არგენტინა)
2004 – უეინ რუნი (ლივერპულის ევერტონი/მანჩესტერ იუნაიტედი; ინგლისი)
2003 – რაფაელ ვან დერ ვაარტი (ამსტერდამის აიაქსი; ნიდერლანდები)

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 17 დეკემბერი)

ka_GEGeorgian