რობერტო მანჩინის იტალია ვიტორიო პოცოს იტალიას გაუტოლდა

რობერტო მანჩინის გაწვრთნილმა იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირში ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო – ლიხტენშტაინი სტუმრად 5:0 გაანადგურა.
საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა მთლიანად შეცვალა ძირითადი შემადგენლობა და სასტარტოში 10 ახალი ფეხბურთელი გაამწესა.

მიუხედავად იმისა, რომ სკუადრა აძურა მე-2 წუთზე დაწინაურდა ფედერიკო ბერნარდესკის გოლით, შთამბეჭდავი გამარჯვება ბოლო 20 წუთში გატანილმა ბურთებმა განაპირობეს – დავიდე ბელოტიმ 70-ე და 90-ე წუთებზე დუბლი შეასრულა, 77-ე და 82-ე წუთებზე კი რომანიოლიმ და ელ შაარავიმ გამოიჩინეს თავი.

წელს მანჩინის იტალიამ მხოლოდ ოფიციალური მატჩები გამართა, შარშან, 20 ნოემბერს, ბელგიის ქალაქ გენკში ამერიკასთან 1:0 გამარჯვების ჩათვლით კი აპენინელებს ზედიზედ 9 მოგება დაუგროვდათ, რაც იტალიის ნაკრების რეკორდის გამეორებაა. 1938-39 წლებში სკუადრა აძურამ ასევე 9 მატჩი მოიგო ლეგენდარული ვიტორიო პოცოს ხელმძღვანელობით.

„რეკორდი? ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. კარგია თუ პოცოს შედეგი გავიმეორე, მაგრამ უფრო გამიხარდება თუ ორჯერ მოვიგებ მსოფლიო ჩემპიონატს“, – ასე იხუმრა რობერტო მანჩინიმ, როცა ხსენებული მიღწევის შესახებ უთხრეს. გეცოდინებათ: ვიტორიო პოცო ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც 2-ჯერ მოიგო ფიფას ოქროს თასი – 1934 და 1938 წლებში.

ლიხტენშტაინთან გუშინდელი თამაში კიდევ ერთი ფაქტის გამოა აღსანიშნავი: მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა ლეონარდო ბონუჩიმ 92-ედ მოირგო ნაკრების მაისური და კეპების მხრივ ათეულში შეაბიჯა. ახლა ის 2 მატჩით ჩამორჩება ლეგენდარულ ჯაჩინტო ფაკეტის, რომელმაც 1963-77 წლებში 94 თამაშში 3 გოლი შეაგდო.

ვიტორიო პოცოს იტალიის სერია:
1938.05.15 მილანი               ამხანაგური   ბელგია 6:1
1938.05.22 ჯენოა                  ამხანაგური   იუგოსლავია 4:0
1938.06.05 მარსელი             მსოფლიო      ნორვეგია 2:1
1938.06.12 კოლომბი            მსოფლიო      საფრანგეთი 3:1
1938.06.16 მარსელი             მსოფლიო      ბრაზილია 2:1
1938.06.19 კოლომბი            მსოფლიო      უნგრეთი 4:2
1938.11.20 ბოლონია            ამხანაგური   შვეიცარია 2:0
1938.12.04 ნეაპოლი             ამხანაგური   საფრანგეთი 1:0
1939.03.26 ფლორენცია       ამხანაგური   გერმანია 3:2

რობერტო მანჩინის იტალიის სერია:
2018.11.20 გენკი                   ამხანაგური   აშშ 1:0
2019.03.23 უდინე                ევრო 2020      ფინეთი 2:0
2019.03.26 პარმა                   ევრო 2020      ლიხტენშტაინი 6:0
2019.06.08 მარუსი               ევრო 2020      საბერძნეთი 3:0
2019.06.11 ტურინი              ევრო 2020      ბოსნია-ჰერცეგოვინა 2:1
2019.09.05 ერევანი              ევრო 2020      სომხეთი 3:1
2019.09.09 ტამპერე              ევრო 2020      ფინეთი 2:1
2019.10.12 რომი                   ევრო 2020      საბერძნეთი 2:0
2019.10.15 ვადუცი              ევრო 2020      ლიხტენშტაინი 5:0

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 16 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian