საქართველო 0:2 შვეიცარია: შეფასებები

ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირი საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან 0:2 მარცხით დაიწყო.
ეროვნული გუნდის მოთამაშეთა ჩვენეული შეფასება (10-ბალიანი სისტემა) ასეთია:

მეკარე: გიორგი ლორია – 6
კარიდან გამოსვლისას და ბურთის ამოტანისას რამდენჯერმე შეცდა, თუმცა რიგ მომენტებში საიმედოდ ითამაშა.
გაშვებულ გოლებში ვერ დავადანაშაულებთ: ზუბერის დარტყმულს, სავარაუდოდ, ვერ ხედავდა – მცველი ეფარებოდა, მეორე გოლის დროს კი პირისპირ გასული აიეტის დარტყმა მოიგერია, ზაკარიას დამატებულისგან კი კარი ვეღარ იხსნა.

მარჯვენა მცველი: ოთარ კაკაბაძე – 5
საწყის წუთებში შვეიცარიელები მისი ფლანგიდან უტევდნენ და რამდენიმე კუთხურიც მოიპოვეს, თუმცა შესვენებამდე კაკაბაძემ თამაში გამოასწორა და შეტევაშიც აქტიურად ჩაერთო.
კაკაბაძე მეორე ნახევარშიც მიდიოდა წინ, რამდენჯერმე ეფექტურადაც ითამაშა, მაგრამ მის ფინტებს სახიფათო გაგრძელება არ მოჰყოლია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტოქემ ანგარიში მისი ფლანგიდან გახსნა.

დაცვის ცენტრი: დავით ხოჭოლავა – 5
ხოჭოლავა გურამ კაშიასთან ერთად იდგა დაცვის ცენტრში. ასეთ სურათს არცთუ ხშირად ვხედავთ. რამდენად კმაყოფილი დარჩა ვაისი არჩევანით, მალე გავიგებთ.
ზოგადად, უკანახაზელების თამაში აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა, განსაკუთრებით მეკარისა და მცველების ურთიერთშეთანხმებული მოქმედება.

დაცვის ცენტრი: გურამ კაშია – 5
ნაკრების ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელი საიმედო იყო თავით თამაშისას, დაზღვევაზე, პოზიციური ბრძოლისას, თუმცა გაშვებული გოლის შემდეგ დაცვის ცენტრში ბზარები გაჩნდა, რითაც მეტოქემ მეორე გოლის დროს ჩინებულად ისარგებლა.

მარცხენა მცველი: ჯიმი ტაბიძე – 6
დაცვის ოთხეულიდან საუკეთესო ის იყო, მაგრამ I ტაიმის შუაში მიღებული თავის ტრავმის გამო მატჩი ვერ დაასრულა.
ფლანგს საიმედოდ იცავდა, შეტევაშიც კარგად ერთვებოდა, საწყის წუთებში კი გასაქანი არ მისცა გაცილებით გამოცდილ ლიხტშტაინერს და ამიტომ თუ იყო, რომ მეტოქე, მეტწილად, მარცხენა ფლანგიდან უტევდა.

საყრდენი ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი – 5
სტუმრებმა პირველი საჯარიმო დარტყმის უფლება კვეკვესკირის შეცდომის გამო მოიპოვეს. ეს 31-ე წუთზე მოხდა. სტანდარტული მდგომარეობა როდრიგესმა შეასრულა, ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა და რიკოშეტის შემდეგ საქართველოს ნაკრების კარს მცირე მანძილით ასცდა.
კვეკვესკირს შეუძლია თამაშის გამწვავება, თუმცა შვეიცარიელების წინააღმდეგ ეს უნარი ვერ გამოავლინა.

მარჯვენა ნახევარმცველი: ვაკო ყაზაიშვილი – 5
ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე შედეგიანმა ფეხბურთელმა ძალიან სუსტად ითამაშა. ამას მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით ვამბობთ.
I ტაიმის მიწურულს გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ზუსტად იქ დაარტყა, სადაც შვეიცარიელთა მეკარე იდგა. რამდენჯერმე პასი დააგვიანა ან ერთი შეხებით ითამაშა, როცა მეტი დაკვირვებით მოქმედება შეეძლო.
II ნახევარში უფრო მოუკლო.

ცენტრალური ნახევარმცველი: ჯაბა კანკავა – 6
გიორგი ქვილითაიასთან ერთად კაპიტანი საუკეთესო იყო. ტრადიციულად  ძლიერად ითამაშა ბურთის ართმევისას, ამოტანისას, რამდენჯერმე ჩაჭრა სახიფათო გადაცემა.
გულდასაწყვეტია, რომ მისი მონაცემების ფეხბურთელმა ევროპის საუკეთესო ჩემპიონატებში ვერ ითამაშა.

ცენტრალური ნახევარმცველი: ვაკო გვილია – 5
I ტაიმში უკეთესად ითამაშა, შესვენების შემდეგ კი, როგორც მთელმა გუნდმა, აშკარად მოუკლო.
შვეიცარიამ მეორე საგოლე შეტევა მისი ზონიდან დაიწყო – გვილიამ მეტოქის შეჩერება ვერ მოახერხა.
0:1-ის შემდეგ, საჯარიმოს მიახლოებულმა, სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

მარცხენა ნახევარმცველი: ჯანო ანანიძე – 5
მისი ერთ-ერთი უსუსტესი გამოსვლა ეროვნულ გუნდში – ასე შეიძლება შეფასდეს ანანიძის დღევანდელი ასპარეზობა.
ზოგადად, ნახევარდაცვას ბურთის შენარჩუნება-გათამაშება ძალიან გაუჭირდა და ეს მხოლოდ ანანიძის ბრალი არაა. მატჩის მიწურულს დაღლილობაც დაეტყო, სწრაფად მოძრაობა უჭირდა და მწვრთნელმაც, სავარაუდოდ, ამიტომ შეცვალა.

ცენტრალური თავდამსხმელი: გიორგი ქვილითაია – 6
რამდენად მართებულია წაგებულ მატჩში ვინმეს გამორჩევა, ეს სხვა საკითხია, თუმცა ქვილითაიას თამაში აღნიშვნას იმსახურებს: კარგად იღებდა და ინარჩუნებდა ბურთს. მისი დამსახურებაა, რომ რიგ მომენტებში საქართველოს ნაკრებმა თამაშის მეტოქის მოედანზე გადატანა მოახერხა.
დღევანდელი ასპარეზობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ქვილითაიას თავდასხმის ცენტრში სათანადო პარტნიორი სჭირდება. ფიზიკურად ძლიერ ცენტრალურ მცველებთან ეულად ჭიდილისთვის გიორგი ცოდოა.

შეცვლაზე შესულნი: საბა კვერკველია – 5
ჯიმი ტაბიძის ნაცვლად შევიდა მინდორზე, თუმცა მისგან განსხვავებით ფლანგზე კი არა, ჩვეულ პოზიციაზე – დაცვის ცენტრში ითამაშა.
დღევანდელი ასპარეზობა აქტივში ვერ ჩაეთვლება.

შეცვლაზე შესულნი: საბა ლობჟანიძე – 5
ლობჟანიძე ტექნიკურია, სწრაფია, ჩინებული დრიბლინგიც ახასიათებს, მაგრამ დადებითი თვისებების გამოვლენა ვერ შეძლო.
მიგვაჩნია, რომ მწვრთნელს ის ადრე უნდა შეეშვა მინდორზე.

შეცვლაზე შესულნი: ნიკა კაჭარავა – შეფასების გარეშე

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 23 მარტი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian