იუვენტუსი მეხუთეა
იტალიის ჩემპიონატის ლიდერმა იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის IV ტურში, მოსკოვში ლოკომოტივი დაამარცხა და ფლეი-ოფში თამაში გაინაღდა.
2:1 – ამ ანგარიშით მოიგო მაურიციო სარის კლუბმა. პირველი გოლი, რომელიც აარონ რემზიმ შეაგდო კრიშტიანუ რონალდუს ჯარიმის შემდეგ, იუვენტუსის მე-300 გოლია ჩემპიონთა ლიგაში. და იუვენტუსი გახდა მე-5 კლუბი, რომელმაც ამ ნიშნულს უწია. მატჩის მიწურულს დუგლას კოშტამ იუვეს 301-ე გოლი შეაგდო.
და რომელია ის 4 კლუბი, რომელმაც 300 ან მეტი გოლი იუვენტუსამდე გაიტანა?
ლიდერი მადრიდის რეალია 554 გოლით. სამეფო კლუბის ყველაზე საძულველი მეტოქე ბარსა მეორეა 506 ზუსტი დარტყმით. გერმანიის ბოლო 7 ჩემპიონატის გამარჯვებულმა ბაიერნმა 470 ბურთი გაიტანა. მანჩესტერ იუნაიტედი კი, რომელიც ამ სეზონში ევროპალიგაზე თამაშობს, 373-ით მეოთხეა.
ჩემპიონთა ლიგა 1992-93 წლების სეზონიდან ტარდება, მაგრამ თუ ამ ტურნირს წინამორბედ ჩემპიონთა თასის გათამაშებასაც დავუმატებთ (1955-92), საინტერესო სურათს მივიღებთ:
1955-56 წლების სეზონიდან დაწყებული, რეალის აქტივში 966 გოლია, ბაიერნმა 697 ბურთი გაიტანა, ბარსელონა 624 ზუსტი დარტყმით მესამეა, მანჩესტერ იუნაიტედმა 506 ბურთი შეაგდო, იუვენტუსი კი აქაც მეხუთეა 436 გოლით.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე გათამაშებაში უკვე 8 იუვენტუსელმა გამოიჩინა თავი (ხუან კუადრადო, ბლაიზე მატუიდი, გონსალო იგუაინი, ფედერიკო ბერნარდესკი, კრიშტიანუ რონალდუ, პაულო დიბალა (2), აარონ რემზი, დუგლას კოშტა), რაც სეზონის თავისებური რეკორდია.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 7 ნოემბერი)