XXI საუკუნის უეფას სიმბოლური ნაკრები: დაჩაგრულები

დეკემბერში უეფა მეცხრამეტედ გამოავლენს წლის გუნდს.
წინა წერილში ის თერთმეტეული შემოგთავაზეთ, რომლებიც ყველაზე ხშირად მოხვდნენ განვლილ 18 სიმბოლურ ნაკრებში. ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ წლის გუნდი პირველად 2001 წელს დაასახელა და მას შემდეგ საუკეთესოთა შორის არაერთი დიდებული მოთამაშე მოხვდა.
შეგახსენებთ: იკერ კასილიასი, სერხიო რამოსი, ჟერარ პიკე, კარლეს პუიოლი, ფილიპ ლამი, სტივენ ჯერარდი, ჩავი, ანდრეს ინიესტა, ტიერი ანრი, კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი – ასეთი იყო 2001-18 წლების ნაკრები, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, უკმარისობის გრძნობა თქვენც გაგიჩნდათ. ამ 11 ვარსკვლავის გარდა ხომ უამრავი შესანიშნავი მოთამაშე გვახსოვს?!
დღეს უეფას 2001-18 წლების მეორე, ასე ვთქვათ „დაჩაგრულების“ ნაკრებს გთავაზობთ. ფეხბურთელები ზუსტად ისე შევარჩიეთ, როგორც უეფამ – ნაკრები: წლის გუნდების მეტი ლაურეატობით.
ორი აზრი არ არის – არანაკლებ ძლიერი გუნდი გამოგვივიდა! ტაქტიკა კი ოდნავ შევცვალეთ, 3 თავდამსხმელის ნაცვლად 4 ნახევარმცველი გვყავს, მაგრამ ეგ არაფერი, ტაქტიკაზე კამათიც ხომ სასიამოვნოა?!
ერთი სიტყვით, აგერ ჩვენი რჩეული 11 და დანარჩენი გემოვნების ამბავია.

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (2003-04, 2006, 2016, 2017)
დღემდე დავობენ კასილიასია XXI საუკუნის დასაწყისის საუკეთესო მეკარე თუ ჯანლუიჯი ბუფონი.
ესპანელმა იტალიელს ერთით მეტი სიმბოლურით აჯობა, სხვა მხრივ კი იუვენტუსის ლეგენდა კასილიასის ტოლ-სწორი გახლდათ: უამრავი საკლუბო ტიტული, მსოფლიოს ჩემპიონობა, ინდივიდუალური ჯილდოები…
ჯიჯი ძალიან დიდი იყო და ახლაც, 41 წლისა, იუვენტუსში ირიცხება.

დაცვა: დანი ალვეში (2007, 2009, 2011, 2015, 2017)
კაფუსთან ერთად ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მოთამაშე – ბრაზილიელმა განსაცვიფრებელ კარიერაში 50-მდე ტიტული მოიგო!
ის საუკეთესო იყო სევილიაში, ბარსელონაში, იუვენტუსსა და პარი სენ-ჟერმენში, ამ ზაფხულს მოგებულ კოპა ამერიკაზე კი უძლიერეს ფეხბურთელად აღიარეს.

დაცვა: ჯონ ტერი (2005, 2007-09)
დღეს ჩელსი მსოფლიო ფეხბურთის გრანდად რომ ითვლება, ეს რომან აბრამოვიჩის მილიარდების, ჟოზე მოურინიოს და რამდენიმე სუპერფეხბურთელის დამსახურებაა. ერთ-ერთი ასეთი ჯონ ტერი გახლავთ: ლონდონური კლუბის ახლა უკვე ლეგენდარული კაპიტანი.

დაცვა: ალესანდრო ნესტა (2002-04, 2007)
სუსტი სქესის გულთამპყრობელი 90-ების და 2000-ების შესაყარზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლებოდა. კარიერის საუკეთესო წლები რომის ლაციოში და მილანში გაატარა, სადაც უმარავი ჯილდო მოიგო, მათ შორის 2003 და 2007 წლებში ჩემპიონთა ლიგა. ტრავმებმა გატანჯა, თორემ კიდევ დიდხანს გაამაგრებდა იტალიის ნაკრების დაცვას.

დაცვა: მარსელო (2011, 2017-18)
90-ებში ბრაზილიის ნაკრების ფლანგებზე კაფუ და რობერტო კარლოსი იდგნენ. მათი წასვლის შემდეგ ამ პოზიციებზე რამდენიმემ ითამაშა, თუმცა დანი ალვეშის და მარსელოს გამოჩენის შემდეგ, სხვებმა სათადარიგოთა შორის გადაინაცვლეს.
დღეს მარსელო რეალის ლეგენდად ითვლება და სამეფო კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნაცადი ლეგიონერია.
ფიფას ოქროს თასს თუ არ ჩავთვლით, ყველა ჯილდო მოიგო.

ნახევარდაცვა: რონალდინიო (2004-06)
ჯადოქარი, ილუზიონისტი და უბრალოდ სუპერფეხბურთელი!
2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ბარსელონაში გადასულმა კი კატალონიელთა აღორძინება დაიწყო.
თუ მესის ვინმეს მემკვიდრე შეგვიძლია ვუწოდოთ, პირველ რიგში რონალდინიოსი! ბრაზილიელი კამპ ნოუზე ფანტასტიკური იყო!

ნახევარდაცვა: ზინედინ ზიდანი (2001-03)
გენიალურმა ფრანგმა კარიერის საუკეთესო წლები იუვენტუსში (90-ების მიწურულს) და რეალში გაატარა.
მას მხოლოდ 2000-ებში რომ ეთამაშა, უეფას პირველ გუნდში უპრობლემოდ მოხვდებოდა, მაგრამ სანამ სერია ა-ში ხატავდა, უეფას წლის ნაკრების შედგენის იდეა არ გასჩენია.
მის მიერ 2002 წლის ფინალში შეგდებული გოლი ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ნახევარდაცვა: პაველ ნედვედი (2003-05)
თუ ოდესმე სერია ა-ს ყველა დროის უდიდეს ლეგიონერებს დაასახელებენ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ პაველ ნედვედი რჩეულთა შორის აუცილებლად მოხვდება.
ევრო 96-ზე ამონათების შემდეგ მან რომის ლაციოში გადაინაცვლა და დედაქალაქური კლუბის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, იუვენტუსში კი ლამის გუნდის სიმბოლო გახდა. დღეს ტურინული გრანდის მაღალჩინოსანია. ხოლო ის, რომ იოზეფ მასოპუსტის შემდეგ „ოქროს ბურთის“ მეორე ჩეხი მფლობელია, ალბათ იცით.

ნახევარდაცვა: ტონი კროოსი (2014, 2016-17)
მას პატარაობიდანვე მიიჩნევდნენ გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად.
2007 წელს, როცა თბილისმა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფს უმასპინძლა, კროოსი პატარა ბუნდესნაკრების ლიდერად ითვლებოდა.
დღეს რეალის ნახევარდაცვის უცვლელი წევრია, მისი ტიტულების ჩამონათვალი კი უბრალოდ საარაკოა: ფიფას ოქროს თასი, ჩემპიონთა 4 თასი, ჩემპიონის ტიტულები ესპანეთსა და გერმანიაში…

თავდასხმა: ანდრეი შევჩენკო (2004-05)
უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ახლო წარსულში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო, 2000-ების მილანში კი უბრალოდ შეუცვლელი გახლდათ.
1999-2005 წლებში ის ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის“ და ფიფას წლის მოთამაშის რეფერენდუმის ათეულში იყო, 2004 წელს კი მესამე უკრაინელი გახდა, ვინც ევროპის წლის მოთამაშედ აღიარეს.
გეცოდინებათ: შევა მილანური დერბის გოლეადორია 14 ბურთით.

თავდასხმა: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2007, 2009, 2013)
შვედეთის 11-გზის საუკეთესო მოთამაშე, შვედეთის ნაკრების ყველა დროის გოლეადორი 62 ბურთით, პრემიერლიგის 25 000-ე გოლის ავტორი; ერთადერთი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 6 კლუბის მაისურით გაიტანა გოლი; ერთადერთი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 7 კლუბის მაისურით ითამაშა…
კრიშტიანუ რონალდუს და მესის შემდეგ იბრაკადაბრა მესამე ყველაზე შედეგიანი ფორვარდია (მოქმედთა შორის), მისი ავტობიოგრაფია კი შესანიშნავია. გირჩევთ.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 27 ნოემბერი)

ka_GEGeorgian