როჯერ ფედერერის 101 ტიტული ციფრებსა და რიცხვებში

კვირას, 31 მარტს, მაიამის მასტერსის ფინალში როჯერ ფედერერმა შარშანდელი გამარჯვებული ჯონ ისნერი დაამარცხა – 6:1, 6:4 – და 101-ე ტიტული მოიგო!
„ახლა ცოტა უნდა დავისვენო. წელს თიხნარზე ვბრუნდები და მინდა კარგად მოვემზადო. მადრიდსა და როლან გაროზე მიზანი უცვლელი იქნება – გამარჯვება, თუმცა კარგად ვიცი, რომ საამისოდ დიდი ძალისხმევა დამჭირდება. სხვა რა ვთქვა? დღევანდელი გამარჯვებით უზომოდ გახარებული ვარ, კარგა ხანია ასე ბედნიერი არ წავსულვარ დასასვენებლად“, – განაცხადა 37 წლის შვეიცარიელმა მაესტრომ ATP პრესსამსახურთან საუბარში.

კარიერული ტრიუმფებით ის დღეს მხოლოდ ლეგენდარულ ამერიკელ ჯიმი კონორსს ჩამორჩება, რომელმაც 1972-89 წლებში 109 ტურნირზე გაიმარჯვა. ხაზგასასმელია, რომ ფედერერი კონორსს უმაღლესი კატეგორიის შეჯიბრებით აშკარად ჯობნის. მაგალითისთვის დიდი სლემებიც გამოდგება – როჯერმა 20-ჯერ მოიგო ყველა ჩოგბურთელისთვის საოცნებო თასები, კონორსმა კი „მხოლოდ“ 8-ჯერ.

და აქვე ისიც ვთქვათ, რომ მხოლოდ ამ ორს მოუგია 100 და მეტი ტიტული.

ფედერერის 101 გამარჯვებიდან 47 ATP-ის 250-იან და 500-იან ტურნირებზე მოდის: პირველი რანგისა შვეიცარიელმა 25-ჯერ მოიგო, მეორე კატეგორიის კი 22-ჯერ.

ორივე მსოფლიო რეკორდია!

ციფრებსა და რიცხვებში მოკლედ გაშლილი სამაგალითო კარიერა და ტრიუმფები კი ასეთია:

9: როჯერ ფედერერი ყველაზე წარმატებით ჰალესა და ბაზელში თამაშობს. ეს ტურნირები შვეიცარიელმა 9-ჯერ მოიგო! დიდი სლემიდან ყველაზე მეტი გამარჯვება – 8 – შვეიცარიელმა უიმბლდონზე იზეიმა.

10: ყველაზე ხშირად როჯერმა ფინალში რაფაელ ნადალს სძლია (თავის მხრივ ესპანელმა შვეიცარიელს 14 ფინალი მოუგო). ფედერერმა 7 გადამწყვეტ მატჩში აჯობა ენდი როდიკს, ნოვაკ ჯოკოვიჩს კი 6 შეხვედრაში.

12: ერთ კალენდარულ წელიწადში როჯერმა ყველაზე მეტი ტიტული 2006 წელს მოიგო: კატარი, ავსტრალიის ღია პირველობა, ინდიან უელსი, მაიამი, ჰალე, უიმბლდონი, ტორონტო, აშშ-ის ღია პირველობა, ტოკიო, მადრიდი, ბაზელი, წლის შემაჯამებელი.

16: 2019 წლის სეზონი მეთექვსმეტეა, რომელშიც როჯერმა თასი აღმართა. შეგახსენებთ, რომ მაიამიმდე მან დუბაიშიც გაიმარჯვა.

20: ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ჩოგბურთელმა ამდენჯერ მოირგო ყველაზე პრესტიჟული რანგის ტურნირი. უიმბლდონზე 8 ტრიუმფის გარდა მან 6-ჯერ აღმართა მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის მთავარი ჯილდო, 5-ჯერ გაიხარა ამერიკაში, ფლეშინგ მედოუს კორტებზე, ერთხელ კი როლან გაროზე იმარჯვა და კარიერული სლემიც შეკრა.

28: მაიამის მასტერსი მან მეოთხედ მოიგო, ამ კატეგორიის ტურნირები კი 28-ედ. მასზე წინ მხოლოდ რაფაელ ნადალი (33) და ნოვაკ ჯოკოვიჩი (32) არიან.

50: პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის – ATP – ერთეულთა ტურნირების ფინალში ფედერერმა ზუსტად ამდენი მეტოქე დაამარცხა. ამასთანავე, როჯერმა მაიამიში 50-ედ ითამაშა მასტერსის ფინალში და პირველია, რომელმაც ამ ნიშნულს უწია.

70: ყველაზე ხშირად როჯერმა ჰარდზე გაიმარჯვა. 18 ტიტული ბალახზე მოიგო, 11 კი თიხაზე. და მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვა ჭერქვეშა ხალიჩაზე, მათ შორის მილანში, სადაც პირველი ტიტული მოიგო (დღეს ეს ტურნირი აღარ არსებობს).

2016: ერთადერთი წელიწადია, როცა მან ტიტული ვერ მოიგო. იანვარში მუხლი იტკინა და ივლისის მიწურულს განაცხადა, რომ მომავალ წლამდე აღარ ითამაშებდა.

ტურნირები, ქალაქები და კატეგორიები
დიდი სლემი – 20
8 – უიმბლდონი; 6 – ავსტრალიის ღია პირველობა; 5 – ამერიკის ღია პირველობა; 1 – როლან გარო
მასტერსი – 28
7 – ცინცინატი; 5 – ინდიან უელსი; 4 – ჰამბურგი, მაიამი; 3 – მადრიდი; 2 – ტორონტო, შანხაი; 1 – პარიზი
250-500-იანი ტურნირები – 47
9 – ჰალე, ბაზელი; 8 – დუბაი; 3 – ყატარი, როტერდამი; 2 – ვენა, ბანგკოკი; 1 – მილანი, სიდნეი, მარსელი, მიუნხენი, გშტაადი, ტოკიო, ეშტორილი, სტოკჰოლმი, ბრისბენი, სტამბული, შტუტგარტი
ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი – 6

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 2 აპრილი)

ka_GEGeorgian