მინსკი 2019: ევროპა კმაყოფილია

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტი იანეზ კოციანჩიჩი მინსკში ჩატარებულ II ევროპულ თამაშებს საუკეთესოდ აფასებს.

მისი თქმით საორგანიზაციო კომიტეტმა სამუშაო შესანიშნავად შეასრულა, ყველა საკითხი სწრაფად მოაგვარა, საერთო ჯამში თამაშებმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა და მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა.

კონტინენტის უმთავრეს მულტისპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ევროპის 50 ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელმა, მათ შორის მედალოსანი გახდა 43 ქვეყანა. საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედლით მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ევროპულ თამაშებზე ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა მხატვრული ტანვარჯიში, 3X3 კალათბურთი, პლაჟის ფეხბურთი, ველოსპორტი და მძლეოსნობა. თამაშების ყველაზე ასაკოვანი სპორტსმენი იყო 61 წლის ბადმინტონისტი სვეტლანა ზილბერმანი ისრაელიდან, ყველაზე ახალგაზრდა კი 14 წლის უკრაინელი აკრობატი მარია ლოსი.

ყველაზე მცირერიცხოვანი დელეგაცია ჰყავდა ლიხტენშტაინს – ერთი ძიუდოკა, ხოლო 224 სპორტსმენით ყველაზე წარმომადგენლობითი იყო რუსეთი.

იანეზ კოციანჩიჩის განცხადებით, ასპარეზობებს მსოფლიოს 196 ქვეყანაში მილიონობით ადამიანმა მიადევნა თვალ-ყური.

EOC-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეჯიბრების ჩასატარებლად 10-დღიანი ვადა ყველაზე ოპტიმალურია. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ EOC დაახლოებით 6-9 თვეში მასპინძელ მხარესთან ხელს მოაწერს 2023 წელს კრაკოვსა და მალოპოლსკის სავოევოდოში III ევროპული თამაშების ჩატარებისთვის საჭირო დოკუმენტებს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 4 ივლისი)

ka_GEGeorgian