როჯერის მეთორმეტე ფინალი
7:6, 1:6, 6:3, 6:4 – ამ ანგარიშით დაამარცხა როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალი და უიმბლდონის ფინალში თამაშის უფლება მეთორმეტედ მოიგო!
ჩოგბურთის მოყვარულებს კვირას კლასიკა ელით: მსოფლიოს I ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის 8-გზის ტრიუმფატორ ფედერერის წინააღმდეგ.
„ძალიან რთული თამაში იყო… რაფა ერთ-ერთი საუკეთესო მეტოქეა და მასთან ყოველი მატჩი საინტერესო და დაძაბულია, მგონი, ქომაგები გახარებულნი არიან იმით, რაც იხილეს… ფინალი უფრო რთული იქნება: ნოვაკი დიდებული მოთამაშეა და მან წელსაც დაამტკიცა, რომ საუკეთესოა – უიმბლდონის ფინალში შემთხვევით ვერავინ ითამაშებს… ვნახოთ რა იქნება“, – ცენტრალური კორტის გასახდელში გაუჩინარებამდე ფედერერი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
ამ ნახევარფინალის წინ ჟურნალისტები თუ გულშემატკივრები ხშირად იხსენებდნენ 2008 წლის ლეგენდარულ ფინალს, როცა ნადალმა, გადამწყვეტ მატჩში ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, პირველად სძლია როჯერს და უიმბლდონი მოიგო. იმ ფინალში როჯერი ტურნირის ზედიზედ მეექვსედ მოგებას ცდილობდა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და იმ ფინალის შემდეგ დიდებული შვეიცარიელი და ბრწყინვალე ესპანელი დღეს პირველად დადგნენ უიმბლდონის კორტზე ერთმანეთის პირისპირ. მატჩი კვლავ დიდებული გამოდგა, შვეიცარიელი კი თითქმის უნაკლო იყო – თუ მეორე სეტს არ ჩავთვლით, სადაც დიადმა ალპელმა ჩაგდებული სტარტის შემდეგ ძალები დაზოგა, მან ყველა სხვა შემთხვევაში დიდებულად ითამაშა.
კვირას, 14 ივლისს, როჯერი 31-ედ ითამაშებს დიდი სლემის ფინალში. ის 21-ე უდიდეს ტიტულს შეუტევს, ჯოკოვიჩი კი სლემის მე-16 მოგებას შეეცდება.
2015 წელს, როცა მათ მთავარი თასი გაითამაშეს, სერბმა გაიხარა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 12 ივლისი)