ბაქო 2019: არსენალის გზა

ბაქოს ოლიმპიური სტადიონი ევროპალიგის ფინალის მოლოდინშია: ლონდონის ჩელსის და არსენალის გადამწყვეტ მატჩამდე საათები რჩება.
უნაი ემერის გუნდი 2018-19 წლების სეზონში მეორედ ითამაშებს აზერბაიჯანის დედაქალაქის მთავარ სარბიელზე: შარშან, 4 ოქტომბერს, ლონდონელებმა ჯგუფური ტურნირის მატჩი მოუგეს ყარაბაღს – 3:0.

ის II ტურის თამაში გახლდათ, პირველში კი მეთოფეებმა კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა გუნდს, პოლტავის ვორსკლას უმასპინძლეს და 4:2 სძლიეს.

არსენალის შედეგების გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლონდონელებმა ჯგუფური ეტაპი უპრობლემოდ მოიგეს: 5 გამარჯვება, ფრე, 12 გატანილი და მხოლოდ 2 გაშვებული გოლი. ის 2 ბურთიც პირველივე შეხვედრაში მიიღეს, თორემ მომდევნო 5 ტურში არსენალმა მეტოქეების ფორვარდებს შანსი არ დაუტოვა.

ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის და მეტოქეების დონის გათვალისწინებით – ლისაბონის სპორტინგი, ვორსკლა, ყარაბაღი – ზემოხსენებული სტატისტიკა არაა მოულოდნელი, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ამ შედეგს ემერის გუნდმა თითქმის სათადარიგო შემადგენლობით უწია, ის უფრო დასაფასებელი გახდება. არაერთი ტოპ-კლუბის მსგავსად, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე არსენალიც, მეტწილად, იმ ფეხბურთელებს ეყრდნობოდა, რომლებსაც პრემიერლიგასა თუ სათასო მატჩებში ნაკლებად ტვირთავდა.

ფლეი-ოფში არსენალი ყველა ეტაპზე ფავორიტი იყო და თუ 1/16 და 1/8-ფინალებში თავს მოდუნების უფლება მისცა – 0:1 ბელარუსის ბატესთან და 1:3 საფრანგეთის თასის მომავალ მფლობელ რენთან, 1/4 და 1/2-ფინალები გაცილებით ტიტულიან და სახიფათო მეტოქეებთან ნერვიულობის გარეშე, დიდოსტატურად მოიგო.

ნაპოლის მრავლისმნახველი თავკაცი კარლო ანჩელოტი არსენალთან ორრაუნდიან დაპირისპირებამდე ამბობდა, რომ სეზონის ტიტულით დასრულება აუცილებელი იყო. ჩემპიონთა ლიგის 3-გზის მომგები მწვრთნელი თავის გუნდის პლუსებსა და მეტოქის მინუსებზე ამახვილებდა ყურადღებას, მაგრამ 11 და 18 აპრილის მატჩებმა არსენალის უპირატესობა ყველას ნათლად დაანახა – 2:0 ლონდონში და 1:0 ნეაპოლში.

ემერის გუნდმა ნახევარფინალშიც ორივე თამაში მოიგო: ემირეითსზე 3:1 აჯობა ვალენსიას, მესტალიაზე კი 4:2. როცა ერთი გუნდი 7:3-ს იგებს, იქ პაექრობაზე საუბარი სიმბოლურია.

ვეტერანი ჩეხი მეკარე პეტრ ჩეხი, ბერძენი მცველი სოკრატის პაპასთატოპულოსი, ესპანელი უკანახაზელი ნაჩო მონრეალი, გერმანელი მესუტ იოზილი, ფრანგი მატეო გენდუზი, შვეიცარიელი გრანიტ ჩაკა და 21 წლის ინგლისელი ენსლი მეიტლენდ-ნაილსი ნახევარდაცვაში, გაბონელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ფრანგი ალექსანდრ ლაკაზეტი შეტევის ხაზზე – ძირითადად სწორედ ამ, ერთი შეხედვით კოსმოპოლიტურ შემადგენლობაზე გადაიარა არსენალის ევროსეზონმა.

ლონდონელთა ერთპიროვნული ბომბარდირი კი ობამეიანგია, რომელმაც ამ გათამაშებაში შეგდებული 8 გოლიდან 6 ფლეი-ოფში გაიტანა, მათ შორის ჰეთ-თრიქი ფინალისწინა მატჩში, საპასუხო ნახევარფინალში ვალენსიასთან. გაბონელი თავდამხმელი არსენალის შეტევების ლიდერია: ყველა ტურნირზე 31 გოლი შეაგდო, აქედან 22 პრემიერლიგაში და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ლიგის თანაბომბარდირიც გახდა.

პიერ-ემერიკ ობამეიანგს ევროპალიგის ყველაზე შედეგიან თავდამსხმელებს 2 გოლი აშორებს: ფრანკფურტის აინტრახტის სერბმა ფორვარდმა ლუკა იოვიჩმა და ჩელსის ფრანგმა შემტევმა ოლივიე ჟირუმ 10-10 გოლი მიითვალეს.

სხვა რა ვთქვათ? არსენალი ზედიზედ მეორედ თამაშობს ევროპალიგაზე და მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი შედეგი – ნახევარფინალი – უკვე გააუმჯობესა, ბაქოში მხოლოდ ევროთასისთვის არ ითამაშებს.

მეთოფეებს ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება სურთ, აზერბაიჯანული ფინალის გამარჯვებული კი სწორედ ამ უფლებით ისარგებლებს. უნაი ემერის ბიჭებმა პრემიერლიგა V ადგილზე დაასრულეს და საშინაო სარბიელიდან მთავარი ევროპული საკლუბო შეჯიბრის მიღმა დარჩნენ, მაგრამ თუ ხვალ ბაქოში გაიხარეს…

არსენალის გზა ბაქომდე
ჯგ
– ვორსკლა (პოლტავა, უკრაინა) 4:2, 3:0
ჯგ – ყარაბაღი (ბაქო, აზერბაიჯანი) 3:0, 1:0
ჯგ – სპორტინგი (ლისაბონი, პორტუგალია) 1:0, 0:0
1/16 – ბატე (ბორისოვი, ბელარუსი) 0:1, 3:0
1/8 – რენი (საფრანგეთი) 1:3, 3:0
1/4 – ნაპოლი (ნეაპოლი, იტალია) 2:0, 1:0
1/2 – ვალენსია (ესპანეთი) 3:1, 4:2

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 28 მაისი)

ka_GEGeorgian