ინტერვიუ: ანდრეი შევჩენკო

ინგლისურ საფეხბურთო ჟურნალს FourFourTwo ერთი კარგი რუბრიკა აქვს: ვარსკვლავები გულშემატკივართა ათასნაირ კითხვას პასუხობენ.
გამოცემის ოცწლიან ისტორიაში ჟურნალი არაერთმა ასეთმა კითხვაპასუხმა დაამშვენა: ფეხბურთის მეფე პელემ, მარადონამ, ბუნდესგუნდის სიმბოლო ფრანც ბეკენბაუერმა, ევროპის სამგზის საუკეთესო მოთამაშე მიშელ პლატინიმ, გადარეულმა პოლ გესქოინმა, ცივსისხლიანმა დენის ბერხკამპმა, იან რაშმა, ლუიშ ფიგუმ, გაბრიელ ბატისტუტამ, რონალდომ, კენი დალგლიშმა და სხვებმა და სხვებმა უამრავი საინტერესო ამბავი გაიხსენეს.
FourFourTwo ერთერთი ბოლო სტუმარი მილანელი ჟურნალისტების მიერ აღმოსავლეთის ეშმაკადწოდებული უკრაინელი სუპერფორვარდი, ევრო 2012-ის შემდეგ ფეხბურთიდან პოლიტიკაში წასული ანდრეი შევჩენკო გახლდათ.

სტამბოლში წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი მისთვის ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა, მაგრამ არც ისეთი მძიმე, როგორც ავბედითად ცნობილი ჩერნობილის ატომური რეაქტორის ახლოს გატარებული ბავშვობა.
როცა ინტერვიუს შესახებ შევეხმიანეთ, ჯერ თავი აარიდა, გვითხრა, რომ სიცხე აქვს. მისი დონის მოთამაშეებისგან უარს ნაჩვევნი ვართ და ვიფიქრეთ, რომ „სიცხე“ მოგონილი იყო. ვიფიქრეთ, რომ კარგა ხანს მოგვიწევდა ცდა, მაგრამ რამდენიმე დღეში თავად შეგვეხმიანა, რედაქციაში სტუმრობაც შევათანხმეთ და ინტერვიუც შედგა.
თითქმის სამი საათის განმავლობაში ანდრეი შევჩენკომ უამრავი ამბავი გაიხსენა, მათ შორის კიევის დინამოში, მილანსა და ლონდონის ჩელსიში გატარებული წლები, რომელმაც დიდი გამარჯვებებიც დაიტია და მარცხიც.

მართალია, რომ კიევის ერთერთმა საფეხბურთო სკოლამ დრიბლინგი დაგიწუნათ და არ მიგიღოთ?
ნაწილობრივ მართალია, თუმცა მხოლოდ დრიბლინგი არაფერ შუაშია. იცით იქ როგორ იყო: რამდენიმე გამოცდა გავიარე, ზოგი კარგად, ზოგი – ცუდად, საერთო ჯამში კი ქულათა ის რაოდენობა, რომელიც დავაგროვე, სკოლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა… ერთი ადამიანი არ წყვეტდა ვინ დარჩებოდა და ვინ – არა. მწვრთნელთა მთელი გუნდი მუშაობდა ბიჭებზე… გული დამწყდა, მაგრამ ორ თუ სამ თვეში კიევის დინამოში ჩავირიცხე და წარუმატებლობაზე აღარც მიფიქრია.

რამდენად იმოქმედა თქვენზე ჩერნობილის კატასტროფამ, თქვენ ხომ ახლოს ცხოვრობდით
პირველ დღეებში ვერავინ ხვდებოდა, თუ რა მოხდა რეალურად. მაშინდელი ხელისუფლება ასეთ მოვლენებს მკაცრად ასაიდუმლოებდა და ხალხმაც არაფერი იცოდა… რამდენიმე დღეში მთელი ოჯახი ავიბარგეთ და აზოვის ზღვის სიახლოვეს გადავედით. სახლის დატოვება მთავრობამ მოითხოვა. მაშინ კიევის დინამოს სკოლაში ახალი მიღებული ვიყავი… დაახლოებით სამი თვის შემდეგ დავბრუნდით ქალაქში, მშობლები კი ფეხბურთზე ჩემს მიყვანას არ ჩქარობდნენ. მოგვიანებით ჩემი მწვრთნელი ალექსანდრ შპაკოვი მამას შემთხვევით შეხვდა და სთხოვა სკოლაში მივეყვანე. ასე დავუბრუნდი ფეხბურთს. ამ ამბის გამო დღემდე მისი მადლობელი ვარ!

ერთერთ ინტერვიუში თქვით, რომ მამათქვენი, რომელიც სამხედრო მაღალჩინოსანი იყო, ფეხბურთისთვის თავის დანებებას და ჯარში სამსახურს გთხოვდათ. მართალია?
კი, ასე იყო. წლების შემდეგ, როცა წამოვიზარდე და კიევის ფიზკულტურის უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარე, მამა ძალიან მკაცრად მელაპარაკა. ფეხბურთისთვის თავის დანებება არასდროს მიფიქრია და ვთხოვე, ერთი წელი კიდევ მოეცა. შევთანხმდით, რომ თუ დინამოში ვერ მოვხვდებოდი, ჯარში წავიდოდი. საბედნიეროდ ოცნება ავისრულე! ისე, ჩემი თავი სამხედრო ფორმაში დღემდე ვერ წარმომიდგენია…

1986 წელს 14-წლამდელ ფეხბურთელთა შორის იან რაშის სახელობის თასის გათამაშებაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეთ და რაშის ბუცებით დაგაჯილდოვეს. სად არის ის პრიზი?
შენახულია, თუმცა იმ ბუცებით ბევრი ვითამაშე და ამიტომ, ახლა უკვე გაცვეთილია… ისე, ყველა ჩემი თასი და ჯილდო დედაჩემთან ინახება, ის ბუცებიც მასთანაა. სხვათა შორის, რაში საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ მე კიევის დინამოს ლიდერს, ოლეგ ბლოხინს ვაღმერთებდი! მის გარდა ყველაზე ძალიან იოჰან კრუიფი, ფრანც ბეკენბაუერი, დიეგო მარადონა და მარკო ვან ბასტენი მომწონდა.

ცნობილია, რომ იუნიორთა შორის წარმატებული მოკრივე იყავით. როგორ ფიქრობთ, რამდენი ანდრეი შევჩენკოა საჭირო თუნდაც ერთი კლიჩკოს დასამარცხებლად?
ბავშვობაში ლამის სპორტის ყველა სახეობაზე დავდიოდი: ფეხბურთი, კრივი, ჭიდაობა, ტანვარჯიში… ამიტომ ფიზიკურად საკმაოდ ღონიერი ვიყავი, თუმცა კლიჩკოზე ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ძმებთან ვმეგობრობ. ნაღდად არ მიფიქრია მათთან კრივზე… ის თუ გაინტერესებთ რამდენი კლიჩკოა საჭირო, ფეხბურთში რომ მაჯობონ?

17 წლის იყავით, როცა კიევის დინამოს პირველ გუნდში მოხვდით. თითქმის ყოველ კვირას თამაში გიწევდათ. თინეიჯერისთვის ეს რთული ხომ არ იყო?
სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი მაღიზიანებდა, სხვა არაფერი. ფიზიკურად კარგად ვიყავი განვითარებული, მაგრამ ვალერი ლობანოვსკის ვარჯიშები ჩემთვის მაინც რთული გადასატანი იყო. თუმცა, მწვრთნელმა ნაბიჯ-ნაბიჯ შემაჩვია დატვირთვებს და შემდეგ უკვე აღარ მიჭირდა. შესაძლოა არ იცოდეთ, ამიტომ გეტყვით: მილანში სანამ წავიდოდი, დინამოს ექიმმა მითხრა, რომ 8 კილოგრამი სუფთა კუნთი მქონდა მომატებული, ეს ძალიან ბევრია!

უკრაინაში თამაშისას ზედიზედ 5-ჯერ გახდით ჩემპიონი. რა იყო იმ კიევის დინამოს წარმატების საიდუმლო?
მთავარი მაინც ის მგონია, რომ მთელი გუნდი პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული, მათ შორის ხელმძღვანელობა. კონკრეტულად დინამოს რაც შეეხება, ძირითადის 6-7 მოთამაშე ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით და ნაკრების ბირთვად ვითვლებოდით… იცით, იმდენად ძლიერები ვიყავით, რომ უკრაინის ჩემპიონატის მატჩებს ხანდახან ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის კარგად მოსამზადებლად ვიყენებდით…

ამბობენ, რომ თინეიჯერობის პერიოდში დღეში 30-40 ღერ სიგარეტს ეწეოდით, შემდეგ კი ვალერი ლობანოვსკიმ გიშველათ
ტყუილია, ასეთი რამ არასდროს მომხდარა. რა თქმა უნდა გამისინჯავს სიგარეტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც დინამოში მოვხვდი, დავივიწყე. არც ალკოჰოლი მიზიდავდა – პროფესიონალმა სპორტსმენმა ასეთ რამეზე აუცილებლად უარი უნდა თქვას, სხვანაირად წარმატებას ვერ მიაღწევს. საერთოდ, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ცხოვრება სიგარეტის გარეშე გაცილებით სასიამოვნოა.

რამდენად დიდი გავლენა იქონია თქვენზე ვალერი ლობანოვსკიმ?
მან მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება! ლობანოვსკი დიდი ადამიანი იყო, ძალიან განათლებული და ბრწყინვალე ფსიქოლოგი. ბევრი საუბარი არ უყვარდა, მაგრამ ვარჯიშებზე  ყველაფერს დაწვრილებით გვიხსნიდა. სწორედ მან შექმნა ფეხბურთელი, რომელშიც მილანმა 16 მილიონი გირვანქა გადაიხადა.

ანდრეი შევჩენკო

ანდრეი შევჩენკო უკრაინის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია 111 მატჩში გატანილი 48 გოლით

1997-98 წლების ჩემპიონთა ლიგაში კამპ ნოუზე ჰეთთრიქი შეასრულეთ. მართალია, რომ მეგობარს დაენიძლავეთ ბარსელონ კარში 3 გოლის გატანაზე?
კი, ასე იყო. პირველი თამაშის შემდეგ, რომელიც კიევში 3:0 მოვიგეთ, მან მითხრა, რომ ესპანეთში ასეთი შედეგის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდებოდა, მე კი საპირისპიროს ვგრძნობდი. დავნაძლევდით, თამაშის შემდეგ კი უბედნიერესი ვიყავი! იმიტომ კი არა, რომ ის ნიძლავი მოვიგე, უბრალოდ, დაუვიწყარი თამაში იყო, ალბათ, კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო კარიერაში.

დინამოში თქვენ და სერგეი რებროვი თავდასხმის ბრწყინვალე წყვილს ქმნიდით, უსიტყვოდ გესმოდათ ერთმანეთის. მოედნის მიღმაც ასე ადვილად უგებდით ერთმანეთს?
ჩვენ თითქმის თანატოლები ვართ, ძირითად შემადგენლობაშიც ერთდროულად მოვხვდით… ის მეორე ფორვარდად თამაშობდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, რომ ბევრი გოლი გაეტანა… მოედნის მიღმა კი, როგორ გითხრათ, პრობლემა არასდროს გვქონია.

კიევის დინამოში მე-10 ნომერი იყავით, დროდადრო – 11, შემდეგ კი 7-ნომრიანი მაისური გეცვათ. რატომ?
როცა მილანში გადავედი, მე-7 ნომერი შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე – ისრაელში მცხოვრებმა მეგობარმა მითხრა, რომ შევა ივრითზე 7-ს ნიშნავს.

მილან 1999 წლის აგვისტოში შეუერთდით, მაგრამ ითქვა, რომ იმავე პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედიც გეპატიჟებოდათ. რატომ აირჩიეთ მილანი?
კი, იუნაიტედიც დაინტერესებული იყო ჩემით და ბარსელონაც, თუმცა მაინც მილანი ვამჯობინე. იტალიელებისგან მეტი ყურადღება ვიგრძენი, სხვა თუ არაფერი, თითქმის წელიწადნახევარი მაკვირდებოდნენ. თანაც, კიევის დინამოს ხელმძღვანელებს მილანის ბოსებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ… მთავარი კი მაინც ის იყო, რომ მილანში დემეტრიო ალბერტინი, ალესანდრო კოსტაკურტა და პაოლო მალდინი თამაშობდნენ, მე კი მათ მხარდამხარ თამაშზეც ვოცნებობდი!

სადებიუტო სეზონში სერია ბომბარდირი გახდით. ასეთ წარმატებას თუ ელოდით?
არ მოვიტყუები – იმედი მქონდა. ყოველთვის მახსოვდა ვალერი ლობანოვსკის სიტყვები: „ყველაფერს მიაღწევ თუ ვარჯიშებზე თავს არ დაზოგავ“. მეც მაქსიმალურად ვიხარჯებოდი, მოედანზე გასული თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და სანაცვლოდ ყველაზე მთავარს ვიღებდი – გულშემატკივართა სიყვარულს, მილანის მატჩებზე აფრიალებულ უკრაინის უამრავ დროშას!

პაოლო მალდინი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, ზვონიმირ ბობანიმილანში მოდის მიმდევარი არაერთი მოთამაშე დაგხვდათ. საინტერესოა, ვინ იყო ყველაზე გემოვნებიანი და ვინუარესი?
ეგ მართალია, იქ ყველა გიჟდებოდა მოდაზე, ყველაზე გემოვნებიანი კი პაოლო იყო. რაც შეეხება უარესს, გამიჭირდება ამის თქმა, რადგან, ჩემი აზრით, კლუბის ყველა წევრს შეეძლო ყოფილიყო წარმატებული მოდელი.

მილანში თამაშისას ხშირად გადარებდნენ მარკო ვან ბასტენს. ეს გაღიზიანებდათ თუ მოტივაციას გიორმაგებდათ?
მილანში გადასული ვერცერთი თავდამსხმელი გაექცევა მარკოსთან შედარებას და ეს ბუნებრივი მგონია. ის კლუბის ლეგენდაა, რომელმაც ისტორიაში შეაბიჯა. ვან ბასტენს რომ შემადარებდნენ, წინასწარ ვიცოდი, მაგრამ საბედნიეროდ, გულშემატკივართა მხარდაჭერაც ვიგრძენი და ამან ბევრი რამ გამიადვილა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ თამაშის სტილით განვსხვავდებით და ამიტომ, მხარდამხარ რომ გვეთამაშა, ერთმანეთს შევავსებდით, ძალიან მაგარი წყვილი ვიქნებოდით!

ჩემპიონთა ლიგის 2003 წლის ფინალში, იუვენტუსთან მატჩში გოლი არ ჩაგითვალეს, მაგრამ პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა თქვენ შეასრულეთ. რას გრძნობდით იმ წუთებში?
გაუქმებული გოლის გამო ძალიან გავღიზიანდი, მაგრამ ამაზე დიდხანს არ მიფიქრია, თამაშია და ყველაფერი ხდება. ისე, ის ფინალი ძალიან მძიმე იყო – მინდვრის სანტიმეტრსაც კი არავინ თმობდა და ყოველ ნაბიჯზე ბრძოლა გვიწევდა… გამარჯვების შემდეგ ძალიან გავიხარე, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, მაგრამ გასახდელში ისეთი გამოფიტული ვიყავი, რამდენიმე საათი დამჭირდა გონს მოსასვლელად.

ორი წლის შემდეგ სტამბლის ფინალი იყო: ლივერპულთან შესვენებაზე 3-ბურთიანი უპირატესობით გახვედით, თამაში კი 3:3 დასრულდა. ბოლო წამებზე ერჟი დუდეკმა თქვენი დარტყმა მოიგერია, მერე კი პენალტების სერიაში გაჯობათ
ის დარტყმა, ბოლო წამებზე, ახლაც თვალწინ მიდგას! დღემდე ვერ გამიგია, როგორ ვერ გავიტანე! დაახლოებით 50-ჯერ მაინც ვნახე ის მომენტი… გადავახვევ და ვუყურებ-ხოლმე, მაგრამ მაინც მიჭირს დაჯერება… არც ის მესმის, როგორ ვერ მოვიგეთ – 3:0 პირველ ტაიმში, მერე ის კოშმარული 6 წუთი, როცა ლივერპულმა გაათანაბრა… ეტყობა, გამარჯვება არ გვეწერა.

არაერთი თასი და ტიტული მოიგეთ, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის უკრაინის ნაკრების კაპიტნობა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე?
გულწრფელად გეტყვით: ნაკრებთან ერთად გერმანიაში ასპარეზობა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებაა! ძალიან მინდოდა იგივე მომხდარიყო ევრო 2008-ზე და 2010-ში სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შევძელით. რა დროც უნდა გავიდეს, ყოველთვის სიამაყით გავიხსენებ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე! მერე რა, რომ 1/4-ფინალი წავაგეთ. იქ ხომ მომავალმა ჩემპიონმა იტალიამ მოგვიგო?!

კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ იუვენტუსს სერია ა-ს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს, მილანს ქულები დააკლეს, სკუდეტო კი ინტერს გადაულოცეს. როგორ აღიქვამენ ფეხბურთელები, როცა მათ მიღწევებზე გარეშე ამბები მოქმედებს?
როცა მინდორზე გადიხარ, თამაშის გარდა არაფერზე ფიქრობ – მთლიანად მატჩში ხარ ჩართული… როგორც მილანის ფეხბურთელმა, შემიძლია გითხრათ, რომ იმ მოვლენების გამო ყველანი ძალიან იმედგაცრუებულნი ვიყავით, მით უმეტეს, რომ იმ სიბინძურეში მონაწილეობა არავის მიგვიღია.

2006 წელს ჩელსიმ თქვენ სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქა გადაიხადა. შთამბეჭდავი სატრანსფერო ფასი დამაბრკოლებელი არასდროს ყოფილა?
არსად მიფიქრია კონტრაქტში ჩაწერილ თანხაზე, მით უმეტეს ლონდონში. ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა და მთავარი მიზანი ყველგან და ყოველთვის გუნდისთვის მაქსიმალური შედეგის მოტანა იყო.

შევჩენკო

2004 წელს ფრანს ფუტბოლმა ანდრეი შევჩენკო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა

ჩელსიში თქვენი გადასვლის მთავარი ინიციატორი ლონდონური კლუბის პატრონი რომან აბრამოვიჩი იყო, თქვენ კი ყოველთვის უარყოფდით მის განსაკუთრებულ მფარველობას
ახლაც იგივეს ვიტყვი – რომან აბრამოვიჩს ჩელსის სხვა ფეხბურთელებთანაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება ჰქონდა, როგორიც ჩემთან.

წლების მანძილზე თამაშობდით პაოლო მალდინის, ალესანდრო ნესტას და ჯონ ტერის მხარდამხარ. რომელია მათ შორის საუკეთესო?
ყველა მათგანი თავისებურად გამორჩეულია. მაგალითად პაოლო ძალიან სასარგებლოა: არ არსებობს სხვა მცველი, ვისაც მისი დარი წარმატებით შეუძლია თამაში მარჯვნივ, ცენტრში და მარცხნივ. სანდრო ძალიან გონიერი ფეხბურთელია, ზუსტად „კითხულობს“ თამაშს და ეს მის მთავარ ღირსებად მიმაჩნია. რაც შეეხება ჯონს, ის ჩელსის სული და გულია, უშიშარი სიმბოლო!

მილანში მთავარ წარმატებებს კარლო ანჩელოტის დროს მიაღწიეთ, შემდეგ კი, როცა ის ჩელსის მწვრთნელად დაინიშნა, კლუბი დატოვეთ. რატომ?
33 წლის ვიყავი… ვხვდებოდი, რომ კლუბში ძალიან მძაფრი კონკურენცია იყო, მე კი, ალალად გეტყვით, ძირითადში დამკვიდრების მცირე შანსი მქონდა. ამიტომაც კიევში დაბრუნება ვარჩიე. ანჩელოტიმ გამიგო.

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ, შინ ინგლისთან მატჩში პენალტი ვერ გაიტანეთ. მოგვიანებით ჯონ ტერიმ თქვა, რომ დარტყმის წინ რაღაც გითხრათ. საინტერესოა რა?
არც მახსოვს. გადამწყვეტ მომენტებში საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, ვინ რას მეუბნება.

ლონდონში, კინგს როუდის ტანსაცმლის მაღაზიები უფრო გხიბლავთ თუ მილანში, ლა რინაშენტეს ქუჩის ბუტიკები? პოლ სმიტი თუ ჯორჯო არმანი?
იცით, ამ საკითხს ძალიან მარტივად ვუყურებ: ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯინსს და სპორტულ მაისურს ვამჯობინებ, მაგრამ თუ საქმიანი შეხვედრა ან ოფიციალური მიღებაა, მხოლოდ და მხოლოდ არმანი!

ანდრეი შევჩენკო
დაიბადა 1976 წლის 29 სექტემბერს
1994-99 და 2009-12 წლებში კიევის დინამოს, 1999-2006 და 2008-09 წლებში მილანის, 2006-09 წლებში ლონდონის ჩელსის თავდამსხმელი
ტიტულები: უკრაინის ჩემპიონი – 1995, 1996, 1997, 1998, 1999; უკრაინის თასი – 1996, 1998, 1999; უკრაინის სუპერთასი – 2011; იტალიის ჩემპიონი – 2004; იტალიის თასი – 2003; იტალიის სუპერთასი – 2004; ინგლისის თასი – 2007; ინგლისის ლიგის თასი – 2007; ინგლისის სუპერთასი – 2009; ჩემპიონთა ლიგა – 2003; ევროპის სუპერთასი – 2003; დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩემპიონთა თასი – 1996, 1997, 1998; უკრაინის საუკეთესო ფეხბურთელი – 1997, 1999, 2000, 2001, 2004, 2005; უკრაინის საუკეთესო სპორტსმენი – 1999; იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი – 2000; დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფეხბურთელი (სპორტ-ექსპრესი, რუსეთი) – 2004, 2005; ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ფრანს ფუტბოლი, საფრანგეთი) – 2004; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი (უეფა) – 1999; გოლდენ ფუტის პრემია (ESM) – 2005; უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 1999 (18 გოლი); იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 2000 (24 გოლი), 2004 (24 გოლი); ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი – 1999 (10 გოლი), 2006 (9 გოლი)
უკრაინის ნაკრები: 111 მატჩი, 48 გოლი (1995-2012)

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2012)

ka_GEGeorgian