ქონას ქუეი ნომედსი: 10 საინტერესო ამბავი დინამოს ევრომეტოქეზე
ჩემპიონთა ლიგაზე ხელმოცარული თბილისის დინამო ევროსეზონს დღეს გააგრძელებს: ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსის ქონას ქუეი ნომედს სტუმრად დაუპირისპირდება.
ის, რომ გამარჯვებული მხოლოდ ამ შეხვედრით გამოვლინდება, კარგა ხანია ცნობილია – კოვიდ 19მა მთელ მსოფლიოს აურია გეგმები და გამონაკლისი არც ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლია.
ტირანასთან 0:2 წაგების შემდეგ დინამო მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დატოვა და მისი თანამდებობა ჩისკო მუნიოსმა დაიკავა, ახლო წარსულში ესპანელი უკვე წვრთნიდა კლუბს. თბილისელები უელსში სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩავიდნენ.
ჩისკოს ხელმძღვანელობით ბათუმის დინამოსთან ლამაზად მოგებული მატჩი გვაიმედებს, რომ მისი გაწვრთნილი დინამო იმაზე უკეთ ითამაშებს, ვიდრე ალბანელებთან შინ მოახერხა. ყველაფერი ამ საღამოს გამოჩნდება.
დინამოელთა მესამე უელსელ ევრომეტოქეზე 10 საინტერესო ამბავი კი ასეთია:
1: უელსური კლუბი თბილისის დინამოზე 21 წლის „უმცროსია“ – 1946 წლის ივლისში დაფუძნდა. ახლანდელი სახელწოდება გუნდმა 1951 წელს მიიღო. მანამდე 5 წელი ქონას ქუეი ჯუნიორსი ერქვა.
2: ნომედსამდე ქალაქს ორი კლუბი ჰყავდა: 1890 წელს დაარსებული ქონას ქუეი მალე დაიშალა, 1920 წელს კი ქონას ქუეი & შოტონი დაარსდა, რომელიც ნომედსის წინამორბედად ითვლება.
3: ნომედსი წმინდა ბრიტანული კლუბია: მიმდინარე სეზონისთვის მხოლოდ უელსელი და ინგლისელი ფეხბურთელები დაარეგისტრირა, მთავარი მწვრთნელი კი, 2015 წლიდან, შოტლანდიელი ენდი მორისონი გახლავთ.
4: საშინაო მატჩებისთვის წითელი, ხოლო გასვლით შეხვედრებში ყვითელი მაისურის გამოყენება გუნდმა 2013 წლის აპრილიდან დაიწყო. კლუბის ხელმძღვანელობამ მაისურის ფერები ქალაქის ღერბიდან აიღო.
5: კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული 1980-81 წლებია, როცა ნომედსმა ერთბაშად 7 თასი მოიგო.
6: უელსის მასშტაბით პირველი დიდი ტიტული – ლიგის თასი, ქონას ქუეი ნომედსმა 1995-96 წლების სეზონში მოიგო.
7: ნომედსის დებიუტი ევროპის საკლუბო ტურნირებში 2016-17 წლების ევროპალიგაზე შედგა. I საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრიტანელებმა ნორვეგიის სტაბეკს ორი მატჩის ჯამში 1:0 აჯობეს, II საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ორივე შეხვედრაში დამარცხდნენ სერბეთის ვოივოდინასთან – 1:2, 0:1.
8: ნომედსმა ევროტურნირებში მხოლოდ 2ჯერ დაძლია I ეტაპი. სტაბეკის გარდა 2019-20 წლების ევროპალიგაზე შოტლანდიის კილმარნოკი დაამარცხა – 1:2, 2:0.
9: ჩემპიონთა ლიგაზე ქონას ქუეი ნომედსმა პირველად და ერთადერთხელ ამ სეზონში ითამაშა: I საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნია-ჰერცეგოვინის სარაევოსთან 0:2 წააგო.
10: ზედიზედ 3 ევრომატჩია უელსელებს გოლი ვერ გააქვთ: სარაევოსთან 0:2მდე, 2019-20 წლების ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ნომედსი 2ჯერ დამარცხდა სერბეთის პარტიზანთან – 0:1, 0:3.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 17 სექტემბერი)
ფოტო: uefa.com