ძალა მხოლოდ ერთობაშია

თბილისის ლოკომოტივმა ერთი თვის წინ დაახლოებით ასეთივე სტილში და ზუსტად იგივე ანგარიშით მოუგო კრაიოვის უნივერსიტატიას.
არ დავმალავ: გამიხარდა, რომ ერთმა ქართულმა კლუბმა მაინც გაიმარჯვა. მაგრამ ჩემთვის რუმინელებთან მოგება იყო მხოლოდ მოგება და მეტი არაფერი.
გუშინდელს კი სხვა ფასი აქვს და მას მხოლოდ საფეხბურთო საზომებით ვერ შევაფასებ.

გავა დრო და მეეჭვება გამახსენდეს კრაიოვასთან გატანილი გოლები, აი მოსკოვის დინამოსთან შეგდებულ ბურთებს კი დეტალურად და სიამოვნებით გავიხსენებ.

არც ბიჭების თავგანწირული თამაში დამავიწყდება და საქართველოს დროშასთან შეკრებილი მთელი ლოკომოტივის ფოტო ხომ – თავისთავად!

24 წლის წინ თბილისის დინამომ მოსკოვის ტორპედო უეფას თასიდან დაიფრინა. იმ თამაშის შემდეგ დინამოელებმა უამრავი საერთაშორისო შეხვედრა გამართეს, მაგრამ ტორპედოსთან მოსკოვური 1:0 და თბილისური 1:1 გუშინდელივით მახსოვს, ბევრი სხვა შეხვედრა კი კარგა ხანია გონებაში დაილექა.

ლოკომოტივის და დინამოს ევროდაპირისპირებები რუსებთან არ იყო მხოლოდ საფეხბურთო პაექრობა.

ეს იყო ამ ორი კლუბის ბრძოლა საქართველოს მტრის გუნდთან და ეს იცოდა ყველამ: ფეხბურთელებმაც, მწვრთნელებმაც და ყველა მათმა მხარდამჭერმა.

ყველას და ყველაფერს თავის სახელი უნდა დაარქვა კაცმა: კეთილისმსურველსაც და მტერსაც.

ოკუპანტის გუნდთან გამარჯვებები უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული მარადიულ გრძნობებთან, შეუნელებლად რომ ამოხეთქავს საფინალო სასტვენისთანავე.

ამიტომაც: მოსკოვის დინამოსთან გუშინდელი გამარჯვება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ მოგება. შესაბამისად, ის დაუვიწყარია!

ადამიანის ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა.

სხვა საქმეა რომ რიგითი შვედი, ფრანგი ან ჩეხი დღეს, 2020 წლის სექტემბერში სხვა რამისთვის იბრძვის, XXI საუკუნის ქართველს კი ისევ ოკუპანტთან უთანასწორო ჭიდილი გვიწევს, მათ შორის საფეხბურთო მინდორზე.

ბოროტების იმპერია, რაც ევროპამ მეტ-ნაკლებად მოინელა, ჩვენ ქვეყანას ყოველდღე ერჩის და თავს ესხმის.

ის, რაც ჩემი ასაკის შვედისთვის, ფრანგისთვის ან ჩეხისთვის წარმოუდგენელია, ქართველისთვის მოურჩენელი ჭირია და ხელის გაწვდენაზეა.

მაღალ ტრიბუნაზე შემდგარი მედროვეები დროდადრო იტყვიან, რომ სპორტი პოლიტიკა არაა.

სპორტი დიახაც რომ პოლიტიკაა.

საქართველო გაცილებით ბევრმა უცხოელმა გაიცნო წარმატებული სპორტსმენების წყალობით, ვიდრე ერთ თარგზე მოჭრილი უსახური პოლიტიკოსებით.

მეც, როგორც რიგით ქართველს და ჩემი ქვეყნის კეთილდღეობაზე მეოცნებეს, გაცილებით ხშირად მიამაყია ჩვენი გუნდების და სპორტსმენების გამარჯვებით, ვიდრე რომელიმე მაღალჩინოსნის ღირსეული საქციელით.

გუშინ თბილისის ლოკომოტივმა ოკუპანტი ქვეყნის ერთ-ერთ საფეხბურთო ფლაგმანს აჯობა, გაცილებით მდიდარსა და შეძლებულს.

და ყველას დაგვანახა, რომ თუ მოვინდომებთ და ჭკვიანურად ვიბრძოლებთ, მიზანსაც მივაღწევთ. თუნდაც ერთი შეხედვით წამგებიან პოზიციაში მყოფები.

საქართველოს სახელმწიფო ღერბს დიდებული სიტყვები ამშვენებს.

და რაც მალე დავიჯერებთ, რომ ეს მარადიული შეგონებაა, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის.

მოსკოვის დინამოს წინააღმდეგ ლოკომოტივი იყო ერთიანი. გაიხარა კიდეც.

და სადაც ქართული საზომებით ერთმა საშუალო ძალის, მაგრამ ერთ მუშტად შეკრულმა საფეხბურთო კლუბმა გაიმარჯვა, ერთი მიზნისთვის გაერთიანებული ერი გაცილებით მეტს შეძლებს.

ძალა მხოლოდ ერთობაშია.

ოკუპანტის წინააღმდეგ – მით უმეტეს.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 18 სექტემბერი)
ფოტო:
თბილისის ლოკომოტივი

ka_GEGeorgian