ჩელსი 4:1 არსენალი: მშვენიერი ფინალის 20 საინტერესო ამბავი
ძალიან კი შიშობდნენ, მაგრამ ბაქოური ფინალი კარგი და ლამაზი გამოდგა. ნუ, არსენალის ქომაგებისთვის არა, ცხადია.
ჩელსის ბევრი ფანიც ინანებს, რომ აზერბაიჯანში ჩასვლა დაიზარა ან ეძვირა. როგორც უეფას ერთი სარეკლამო რგოლი გვეუბნება, ყველაფერს ფულით ვერ იყიდი. ემოცია, გუშინ რომ სუფევდა ჩელსის ფანებში, მხოლოდ იქ და იმ წუთებში უნდა გამოსცადო, როცა შენი საყვარელი გუნდი ხარობს.
ჩელსიმ პირველ წუთებში ვერა, მაგრამ ტაიმის მიწურულიდან აშკარად აჯობა არსენალს და ტიტულიც, არაოფიციალურად, მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში გაიფორმა.
მაურიციო სარის გუნდმა დიდებულად ითამაშა, ედენ აზარმა კი უბრალოდ დახატა და სამართლიანად მოიგო კიდეც ფინალის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო.
ჩინებული იყო ოლივიე ჟირუ – ჩელსიმ ევროპალიგა რომ მოიგო, მისი ძალიან დიდი წვლილია. კეპა არისაბალაგაც უნდა გამოვარჩიოთ, გნებავთ ანდრეას ქრისტენსენი, დავიდ ლუიზი, ვილიანი, იღბლიანი და ტიტულიანი პედრო, კაპიტნის რანგში პირველი თასით გახარებული ასპილიკუეტა…
ახლა, როცა ევროსეზონის დასრულებიდან რამდენიმე საათია გასული, ნაჩქარევი დასკვნებისგან ან მეტოქეთა თამაშის ანალიზისგან, თქვენის ნებართვით, თავს შევიკავებთ. საამისოდ დრო კიდევ გვექნება.
დღეს მეორე ბაქოურ ფოტოალბომს შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტებით. გუშინდელი 4:1 ბევრი რამითაა საინტერესო და სხვადასხვა გამოცემებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებში რაც ამოვიკითხეთ, ყველაზე საინტერესოს აქვე გაგაცნობთ.
1: ჩელსიმ მეექვსე ევროპული ჯილდო მოიგო: 2012 – ჩემპიონთა ლიგა; 2013 და 2019 – ევროპალიგა; 1971 და 1998 – თასების მფლობელთა თასი; 1998 – ევროპის სუპერთასი. ამდენივე კონტინენტური თასი აქვს გამოფენილი მანჩესტერ იუნაიტედს (3 ჩემპიონთა ლიგა, თითო ევროპალიგა, თასების მფლობელთა და ევროპის სუპერთასი). ინგლისურ კლუბებს შორის მათზე ტიტულიანი მხოლოდ ლივერპულია: 5 ჩემპიონთა თასი და 3-3 უეფას და ევროპის სუპერთასები.
2: გუშინდელი ტრიუმფის ჩათვლით ჩელსიმ 2018-19 წლების ევროპალიგის გათამაშებაში 12 მატჩი მოიგო. რეკორდი მადრიდის ატლეტიკოს ეკუთვნის, რომელმაც 2011-12 წლების სეზონში 13 თამაში დაასრულა თავის სასარგებლოდ, მათ შორის ფინალი.
3: 2018-19 წლების ევროპალიგა ჩელსიმ დაუმარცხებლად და 36 გოლით დაასრულა. ტურნირის ისტორიაში ეს მეორე საუკეთესო შედეგია. 2011-12 წლების სეზონში მადრიდის ატლეტიკომ 37 გოლი შეაგდო.
4: ევროპალიგის ფინალი ჩელსიმ ინგლისელის გარეშე დაიწყო. ბოლო კლუბი, რომელსაც თავის ქვეყნის წარმომადგენელი არ ჰყავდა სასტარტო შემადგენლობაში, მილანის ინტერი იყო. ჩემპიონთა ლიგის 2010 წლის ფინალში იტალიელებმა 2:0 აჯობეს მიუნხენის ბაიერნს.
5: ჩელსი მხოლოდ და მხოლოდ მე-7 კლუბია, რომელმაც უეფას თასი/ევროპალიგა დაუმარცხებლად მოიგო. გიოტებორგმა (შვედეთი) ეს ორჯერ მოახერხა – 1982, 1987, დანარჩენ „უძლეველთა“ ჩამონათვალი კი ასეთია: ტოტენჰემ ჰოთსფური – 1972; მიონხენგლადბახის ბორუსია – 1975; ამსტერდამის აიაქსი – 1992; სტამბოლის გალათასარაი – 2000 და როტერდამის ფეიენოორდი – 2002. 2006-07 წლებში ესპანიოლმა, ხოლო 2013-14 წლებში ბენფიკამ ასევე წაუგებლად დაასრულეს გათამაშება, მაგრამ თასი ვერ მოიგეს – ფინალი პენალტების სერიაში დათმეს.
6: 2017 წლის მარტში, მიუნხენის ბაიერნთან 1:5 წაგების შემდეგ არსენალმა ევროპის საკლუბო ტურნირებში პირველად გაუშვა ერთ მატჩში 4 გოლი.
7: მიდლსბროს შემდეგ არსენალი პირველი კლუბია, რომელსაც უეფას თასის/ევროპალიგის გადამწყვეტ მატჩში 4 გოლი გაუტანეს. 2006 წელს მიდლსბრო სევილიასთან 0:4 დამარცხდა.
8: არსენალმა მეექვსედ ითამაშა ევროპის საკლუბო ტურნირების ფინალში და მეხუთედ წააგო. ლონდონელებმა ზედიზედ დათმეს ბოლო 4 ფინალი: 1995 წელს, თასების მფლობელთა თასზე „მეთოფეებს“ სარაგოსამ აჯობა; 2000 წელს, ევროპალიგის წინამორბედ უეფას თასის ფინალში – სტამბოლის გალათასარაიმ, 2006 წელს კი არსენ ვენგერმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, მაგრამ ბარსელონა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
9: მაურიციო სარი მესამე იტალიელი სპეციალისტია, რომელმაც ჩელსის საერთაშორისო ჯილდო მოუტანა. 1998 წელს ჯანლუკა ვიალიმ კლუბს თასების მფლობელთა თასი მოაგებინა, 2012 წელს კი ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგა რობერტო დი მატეოს ხელში მოიგეს.
10: მაურიციო სარი ევროპალიგის მომგები უხუცესი მწვრთნელია. კარიერაში პირველი საერთაშორისო გამარჯვება მან 60 წლის და 141 დღის ასაკში იზეიმა. აქვე გეტყვით, რომ სარიმდე იტალიელმა მწვრთნელმა უეფას თასი ზუსტად 20 წლის წინ, 1999-ში მოიგო: ალბერტო მალესანის გაწვრთნილმა პარმამ მოსკოვში მარსელის ოლიმპიკი გაანადგურა – 3:0.
11: ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ედენ აზარმა არსენალს ორი გოლი გაუტანა. ბოლო, რომელმაც ინგლისური კლუბის მაისურით ფინალში შეასრულა დუბლი, უელსელი მარკ ჰიუზი გახლდათ – 1991 წლის მაისში თასების მფლობელთა თასზე ბარსელონასთან.
12: ედენ აზარმა, როგორც თავად თქვა, უკანასკნელად ითამაშა ჩელსის მაისურით. საგულისხმოა, რომ ლონდონურ კლუბში სადებიუტო სეზონი, 2012-13 წლებისა, ბელგიელმა ასევე ევროპალიგის გამარჯვებულის მედლით დაასრულა. საერთო ჯამში მან 7 სეზონი გაატარა სტემფორდ ბრიჯზე და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 351 შეხვედრაში 108 გოლი შეაგდო. მიმდინარე სეზონი მან 19 გოლით დაასრულა, რაც პირადი რეკორდის გამეორებაა – 2014-15 წლებში, როცა პრემიერლიგა და ლიგის თასი მოიგო, ამდენივე ბურთი შეაგდო.
13: 11 გოლით ჟირუმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიგო. ერთ გათამაშებაში მასზე მეტი გოლი – 12 – ბოლოს რადამელ ფალკაომ გაიტანა 2011-12 წლების სეზონში. კოლუმბიელი იმხანად მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას იცავდა. ფალკაოს ეკუთვნის უეფას თასის/ევროპალიგის ყველა დროის საუკეთესო მიღწევაც – 17 გოლი ერთ გათამაშებაში (2010-11 – პორტუ).
14: ლეგენდარული ალან შირერის შემდეგ ოლივიე ჟირუ პირველია, რომელმაც ინგლისური კლუბის მაისურით ერთ ევროსეზონში 11 გოლი შეაგდო. პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორმა ეს შედეგი 2004-05 წლების სეზონში დააფიქსირა ნიუკასლ იუნაიტედის მაისურით. იმ 11 გოლიდან შირერმა ერთი თბილისის დინამოს გაუტანა: 2004 წლის 4 ნოემბერს, ნიუკასლში, სენტ-ჯეიმს პარკზე 2:0 მოგებული მატჩის 37-ე წუთზე. დინამოს კარს იმ შეხვედრაში ზურაბ მამალაძე იცავდა.
15: ოლივიე ჟირუმ ერთი ფრანგული რეკორდიც გააუმჯობესა: პირველია, ვინც ერთ ევროსეზონში შეაგდო 11 გოლი. მანამდე საუკეთესო მიღწევა – 10 ბურთი – ლეგენდარულ ჟიუსტ ფონტენს (1958-59 – ჩემპიონთა თასი) და ნესტორ კომბინს (1963-64 – თასების მფლობელთა თასი) ეკუთვნოდათ.
16: ჩელსის ესპანელი თავდამსხმელი პედრო მხოლოდ და მხოლოდ მეხუთეა, ვინც ჩემპიონთა თასის/ლიგის და უეფას თასის/ევროპალიგის ფინალში შეძლო გოლის გატანა! პედრომდე იგივე დანიელმა ალან სიმონსენმა, რუსმა დმიტრი ალენიჩევმა, არგენტინელმა ერნან კრესპომ და ინგლისელმა სტივენ ჯერარდმა შეძლეს.
17: პედრო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ყველა დიდი საერთაშორისო სანაკრებო და კლუბო ტიტული მოუგია: ესპანეთის ნაკრების მაისურით მან 2012 წელს მსოფლიო, 2012 წელს კი ევროპის ჩემპიონატები მოიგო. ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონის თასი აღმართა, გუშინ კი ამ საოცარ ჩამონათვალს ევროპალიგაც დაუმატა.
18: ალექს აივობი პირველი ნიგერიელია, რომელმაც ევროტურნირის ფინალში გოლი გაიტანა.
19: არსენალის ჩეხმა მეკარე პეტრ ჩეხმა გუშინდელი ფინალით 20-წლიანი კარიერა დაასრულა. ევროპის საკლუბო ტურნირებში ის 15 სეზონის განმავლობაში იცავდა პრაღის სპარტას, ჩელსის და არსენალის კარს და 140 საერთაშორისო შეხვედრაში მხოლოდ მესამედ გაუშვა ერთ შეხვედრაში 4 გოლი. 59-ჯერ მან კარი „მშრალად“ შეინახა.
20: უეფას თასის/ევროპალიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყნების სიაში ინგლისი იტალიას გაუთანაბრდა. ჩელსის გუშინდელი ტრიუმფი ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენელთა მე-9 გამარჯვებაა: ლივერპული – 3, ტოტენჰემ ჰოთსფური და ჩელსი – 2-2, იფსვიჩ თაუნი და მანჩესტერ იუნაიტედი. ფინალების საერთო რაოდენობით – 16 – ინგლისი იტალიას ერთით უსწრებს, ხოლო მათზე წინ ესპანეთია, რომლის კლუბებმა ჯილდო 11-ჯერ მოიგეს, 5 შემთხვევაში კი ფინალში დამარცხდნენ.
ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 29 მაისი)
ფოტო: uefa.com