ანდრეა პირლოს შთამბეჭდავი იუვენტუსი და 5 საინტერესო ამბავი

იტალიის ჩემპიონმა იუვენტუსმა ტიტულის დაცვა დიდებულად დაიწყო: 2020-21 წლების ჩემპიონატის საწყის ტურში გენუის სამპდორიას უმასპინძლა და 3:0 აჯობა.
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ სამწვრთნელო ასპარეზზე დებიუტი მშვენიერი გამარჯვებით აღნიშნა, კალჩოს სპეციალისტებმა კი პირლოს ლამის ყველა გადაწყვეტილება მოუწონეს.
მან გუნდი ამ ზაფხულს ჩაიბარა. ჯერ 23წლამდელთა თავკაცად დაინიშნა, მაგრამ რამდენიმე დღეში იუვენტუსმა მაურიციო სარი დაითხოვა და ანდრეა ანიელიმაც სეხნიას უხმო.
დასაწყისი ჩინებული გამოდგა: პირლომ წინამორბედისგან განსხვავებული ტაქტიკით ათამაშა იუვე, არც ახალგაზრდა ახალწვეულების ძირითად შემადგენლობაში გამწესებას მოერიდა და რაც მთავარია, მისი იუვე იყო პირველიდან ბოლო წუთამდე შემტევი, დომინანტი და დაუნდობელი.
როგორ გააგრძელებს იუვენტუსი, ეს სხვა საქმეა და ამას ერთად ვნახავთ, სამპდორიასთან 3:0იდან კი ამ 5 ფაქტზე გავამახვილებ თქვენ ყურადღებას:

1: იუვენტუსმა სერია ას სასტარტო თამაში ზედიზედ მეხუთედ მოიგო, იტალიის ჩემპიონატში მონაწილე კლუბთათვის კი ეს საუკეთესო შედეგია.

2: 30 წლის ვოიცეხ შჩესნიმ საიუბილეო, მე100 შეხვედრა ჩაატარა იუვენტუსის შემადგენლობაში.
75 თამაში სერია აში, 4 – იტალიის თასზე, 19 – ჩემპიონთა ლიგაში და 2 – იტალიის სუპერთასზე – ამ 4 ტურნირზე ნაწილდება მისი 100 მატჩი.
აქვე: სამპდორიასთან გუშინდელი თამაში მის საკლუბო კარიერაში 390ე იყო.
ყველაზე მეტ, 181 შეხვედრაში ის ლონდონის არსენალის კარს იცავდა.

3: დეიან კულუშევსკიმ იუვენტუსში დებიუტი ზუსტი დარტყმით აღნიშნა – მან მე11 გოლი გაიტანა სერია აში.
2000 წლის 1 იანვარს და შემდგომ დაბადებულთა შორის ის მხოლოდ მეორეა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში 10 და მეტი ბურთი შეაგდო. პირველი 10 გოლი მან პარმას მაისურით გაიტანა.
პირველი, ვინც 10გოლიან ნიშნულს უწია, მოიზე კინი გახლდათ, ასევე იუვენტუსის ფეხბურთელი.

4: ლეონარდო ბონუჩიმ სერია აში 22ე გოლი გაიტანა, იუვენტუსის მაისური კი მე20.

5: კრიშტიანუ რონალდუს საკლუბო და სანაკრებო კარიერაში სამპდორიას კარში შეგდებული ბურთი 740ეა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 21 სექტემბერი)

ka_GEGeorgian