დანია 5:1 საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 4დან მე3 მატჩი წააგო: ვლადიმირ ვაისის გუნდი კოპენჰაგენში 1:5 დამარცხდა.
დანია კარგი ევროპული გუნდია. კარგი გუნდის ერთ-ერთი მთავარი თვისება კი ისაა, რომ საშუალო დონის მოწინააღმდეგეს შანსს არ უტოვებს და მოსაგებს აუღელვებლად იგებს.
საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი უკლია დანიამდე და ამ შეხვედრაში ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოს დანიამდე დაახლოებით იმდენი უკლია, რამდენიც გიბრალტარს – ჯვაროსნებამდე.
ჩვენ შეგვიძლია მწვრთნელს ზედმეტად დაცვითი ტაქტიკა დავუწუნოთ; შეცდომად ჩავუთვალოთ თავდამსხმელის გარეშე თამაში და შესაბამისად, მეტოქისთვის მინდვრის დიდი ნაწილის დათმობა; ვთქვათ, რომ კონკრეტული მოთამაშის ძირითად შემადგენლობაში გამწესებას სხვის არჩევა სჯობდა, მაგრამ 1:5ზე ამაზე საუბარი ზედმეტად გვეჩვენება.
როცა ტაბლოზე 1:5 ანთია, მარცხის მიზეზი უფრო ღრმად უნდა ვეძიოთ. ანგარიში დიდ პრობლემაზე მიგვანიშნებს და არა კონკრეტული მოთამაშეების ან მწვრთნელის შეცდომაზე.
მე13 წუთი: კასპერ დოლბერგი დასწრებაზე თამაშობს, ოთარ კაკაბაძეს ჯაბნის და ახლო მანძილიდან გააქვს გოლი – 0:1.
25ე წუთი: საქართველოს ნაკრების ელვისებური კონტრიერიში ვაკო გვილიას პასით და საბა ლობჟანიძის ზუსტი დარტყმით მთავრდება – 1:1!
30ე წუთი: მსაჯმა ჩათვალა, რომ ჯაბა კანკავამ საჯარიმოში წესები დაარღვია და 11მეტრიანი დანიშნა. ტოტენჰემ ჰოთსფურის ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს გიორგი ლორია კუთხეს მიუხვდა, მაგრამ ბურთის მოგერიება ვერ შეძლო – 1:2.
63ე წუთი: დანიელთა მორიგი შეტევა და საქართველოს ნაკრების დაცვის ცუდი თამაში. ამას ლორიას შეცდომაც დაერთო – კარიდან გამოსული ბურთს ვერ შეწვდა და დოლბერგმაც ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით დუბლი შეასრულა – 1:3.
73ე წუთი: მასპინძელთაგან საუკეთესო დოლბერგი უძლიერესად ურტყამს. ლორია ბურთს კი იგერიებს, მაგრამ იანიკ პოულსენი დასწრებაზე მშვენივრად თამაშობს – 1:4.
90ე წუთი: მე3 დამატებულ წუთზე შეცვლაზე შესულმა მარტინ ბრაითვაიტმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:5. მსაჯმა რამდენიმე წამში დაასრულა შეხვედრა.
ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო შესარჩევ მატჩს 8 სექტემბერს, შინ გამართავს. მეტოქე კვლავ დანია იქნება. დღევანდელ შეხვედრაში მიღებული ყვითელი ბარათის გამო ჯაბა კანკავა ამ თამაშს გამოტოვებს.
ფრე და 3 წაგება – ასეთია მეტოქეთა სადღეისო სტატისტიკა. საქართველომ დანიასთან მხოლოდ პირველი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი თამაში არ წააგო – 2:2 თბილისში, შემდეგ კი ზედიზედ დამარცხდა: 1:6 იმავე ციკლში, 2005 წელს და 1:2 2013 წელს, ოლბორგში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.
ფაქტები ისტორიიდან:
*-2016 წლის 3 ივნისის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა პირველად გაუშვა 5 გოლი. მაშინ ვლადიმირ ვაისის გუნდი ბუქარესტში 1:5 დამარცხდა რუმინეთთან. ის ამხანაგური თამაში იყო.
*-კასპერ დოლბერგი მე3 დანიელია, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან დუბლი შეასრულა. 2004 წლის 17 ნოემბერს თბილისში 2 გოლი გაიტანა იონ დალ ტომასონმა, 2005 წლის 7 სექტემბერს კი, კოპენჰაგენში 1:6 წაგებულ მატჩში დუბლი შეასრულა სიორენ ლარსენმა.
*-საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 ივნისს მეორედ ითამაშა. 2009 წელს ალბანეთის დედაქალაქში მასპინძლებთან გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 11 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია