პაოლო მალდინი – 1000
ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა პაოლო მალდინიმ სერია ას ბოლო ტურში, 16 თებერვალს პარმასთან ფრედ 0:0 დასრულებულ შეხვედრაში საიბულიეო, მე1000 ოფიციალური მატჩი ჩაატარა!
მალდინი, რომელიც 1994 წელს ინგლისურმა ჟურნალმა უორლდ სოკერმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, 1985 წლიდან თამაშობს მილანში, 1988-2002 წლებში კი იტალიის ნაკრების ღირსებას იცავდა.
პარმასთან მატჩი მალდინის მილანურ კარიერაში 861ე იყო: 611ჯერ სერია აში ითამაშა, 72ჯერ იტალიის თასზე, 157 მატჩი ჩაატარა ევროპის საკლუბო ტურნირებში, 21 კი კონტინენტის და მსოფლიოს საერთაშორისო საკლუბო თასებზე.
იტალიის ნაკრების მაისური პაოლომ 126ჯერ მოირგო, 12ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა, ერთხელ კი ოლიმპიურ გუნდში.
„1000 მატჩი ბევრ რამეზე მეტყველებს და მიხარია, რომ ამდენს მივაღწიე, თუმცა რეკორდი ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია და ძალიან მინდა, რომ ფეხბურთს დიდი საერთაშორისო ტიტულით დავემშვიდობო – მიზანი სწორედ ესაა“! – განაცხადა მალდინიმ. პარმასთან მატჩში ის 70ე წუთზე ჩაერთო მარეკ იანკულოვსკის ნაცვლად.
მილანთან ერთად მალდინიმ 7ჯერ მოიგო სკუდეტო, ერთხელ იტალიის თასი, 5ჯერ კი იტალიის სუპერთასი. რაც შეეხება საერთაშორისო საკლუბო ჯილდოებს, ის 13 ტიტულის მფლობელია და ამ მხრივ რეკორდსმენია: 5ჯერ მოიგო ჩემპიონთა და ევროპის სუპერთასები, 2ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი, ერთხელ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
იტალიის ნაკრებთან ერთად პაოლომ მსოფლიოს 1994 წლის და ევროპის 2000 წლის ჩემპიონატებზე II ადგილი დაიკავა, მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
შარშან პაოლო უეფამ ევროპის საუკეთესო მცველად დაასახელა. ვეტერანი ფეხბურთელი 26 ივნისს 40 წლის ხდება.
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 18 თებერვალი)