პარიზში რომის თასით
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი წლის მესამე სლემს – როლან გაროს, კარგ ფორმაში და ჩინებულ განწყობაზე ხვდება: რომის მასტერსის ფინალში სერბმა დიეგო შვარცმანს სძლია და მთავარი პრიზი ჩაიბარა.
ჯოკოვიჩის საამსეზონო სტატისტიკა შესაშურია – 31:1! ის ერთადერთი წაგება ამერიკის ღია პირველობიდან დისკვალიფიკაციაა, ესპანელ პაბლო კარენო ბუსტასთან. იმ შემთხვევის შემდეგ ჯოკოვიჩმა პირველ ტურნირზე ითამაშა.
7:5, 6:3 – ამ ანგარიშით მოიგო ნოვაკმა ფინალი და კარიერაში 36ე მასტერსი მიითვალა, რაც ATPის ახალი რეკორდია! ამავდროულად, ეს მსოფლიოს პირველი ჩოგნის 81ე კარიერული თასია.
„გახარებული კი არა, სუპერნასიამოვნები ვარ“! – განაცხადა ჩემპიონმა და დასძინა – „ვერ ვიტყვი, რომ რომში საუკეთესო ჩოგბურთი ვაჩვენე, თუმცა საჭირო დროს შევძელი მობილიზება და გადამწყვეტი ბურთების მოგება. ეს ძალიან მახარებს“!
ნოვაკ ჯოკოვიჩმა 52ე მასტერს-ფინალიდან 36ე მოიგო, რომში კი მე10 ფინალიდან მეხუთედ გაიმარჯვა: გუშინდელის გარდა 2008, 2011 და 2014-15 წლებშიც მოიგო გადამწყვეტი პაექრობა, 2009, 2012, 2016-17 და 2019 წლებში კი ფინალები წააგო.
2020 წლის სეზონში ნოლემ უკვე 4 თასს მოუყარა თავი – რომის მასტერსის გარდა ამავე კატეგორიის ტურნირი მოიგო ცინცინატიში, წლის დასაწყისში, გემახსოვრებათ, ავსტრალიის ღია პირველობის მთავარი თასი ჩაიბარა, დუბაიში კი 500იანი კატეგორიის ტურნირში იმარჯვა.
რომამდე ის და რაფაელ ნადალი ლიდერობდნენ 35 მასტერსით, მაგრამ გუშინდელის შემდეგ წინ სერბია. საინტერესოა, რომ ესპანელი იტალიის დედაქალაქში დიეგო შვარცმანთან დამარცხდა – მომავალმა ფინალისტმა თიხნარის მეფეს 1/4ფინალში აჯობა – 6:2, 7:5.
როლან გაროს კორტებზე ნოვაკ ჯოკოვიჩს 720 ქულა აქვს დასაცავი, ნადალი კი თავისივე რეკორდი გაუმჯობესებას და მთავარი თასის მეცამეტედ მოგებას შეეცდება. ესპანელი 2 ათას ქულას იცავს.
მასტერსის რეკორდსმენები
1.ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 36 ტიტული
2.რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 35
3.როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 28
4.ანდრე აგასი (აშშ) – 17
5.ენდი მარი (შოტლანდია) – 14
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 22 სექტემბერი)
ფოტო: atptour.com