გუშინ საქართველოს ნაკრებმა მოიგო. და მერე რა?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ ევროპის საგაისო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი მოიგო სტუმრად – გიბრალტარში მასპინძლებს 3:2 სძლია.
უცნაურია, მაგრამ გამარჯვება არ გამხარებია.
სიხარული კი არა, დადებითი არაფერი მიგრძვნია. რაღაცნაირი სიცარიელე დამეუფლა. საყვარელი გუნდის მოგების და 3 ქულის შემდეგ ასეთი რამ, წესით, არ უნდა დაგემართოს, მაგრამ ასე მოხდა და რა გინდა რომ ქნა?!

25ე წუთამდე კარგ ხასიათზე გახლდით. ყველაფერი ჩინებულად იყო: გუნდი ნორმალურად თამაშობდა, გიორგი ხარაიშვილმა ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა და მალე კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა – მისი თავურის შემდეგ ბურთი სანტიმეტრებით ასცდა მასპინძელთა კარს…

21ე წუთზე ჯაბა კანკავამ შეაგდო თვალისმომჭრელი ბურთი – საჯარიმოს გარედან დიდებულად გაისროლა!

ვუყურებდი რეპორტაჟს და ვფიქრობდი, რომ ვაისის ნაკრები თამაშს უპრობლემოდ მოიგებდა. გულის სიღრმეში მეგონა რომ, საქართველო კიდევ ერთხელ გაიმარჯვებდა დიდი ანგარიშით. ასე რომ მომხდარიყო, გამიხარდებოდა და მგონი, ყველა ქომაგიც სულ სხვა განწყობით დაიძინებდა, თუმცა ის, რაც შესვენების შემდეგ ვნახე, რბილად რომ ვთქვა დიდი იმედგაცრუება იყო.

მომეჩვენა, რომ შესვენების შემდეგ მოედანზე გასულ ფეხბურთელებს საქმე მოთავებული ეგონათ – ბიჭები თითქოს უმიზნოდ თამაშობდნენ, არაზუსტმა პასებმა იმატა, ხშირად უაზროდ იგერიებდნენ ბურთს… არადა ვიქტორია სთედიუმზე თეთრ მაისურებში იმავე ფეხბურთელებს ვხედავდი, რომლებმაც თბილისში, დინამო არენაზე მშვენივრად ითამაშეს სექტემბერში დანიასთან (განსაკუთრებით II ტაიმში), რამდენიმე დღის წინ კი ირლანდიის წინააღმდეგ.

არ გამკვირვებია, რომ ვაისის გუნდის მოდუნების პარალელურად გიბრალტარი გააქტიურდა, გამორჩეულად კი ფლანგები. II ნახევრის შუაში ქართველთა შეცდომებმაც იმატა და 66ე წუთზე მასპინძლებმა პირველი საპასუხო გოლი გაიტანეს – 38 წლის ლი კაშიარომ დაცვის უყურადღებობით ისარგებლა და მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილმა, უძლიერესად დაარტყა – 1:2.

გიორგი ნავალოვსკიმ ბურთზე გადაფარება ვერ მოასწრო და შესანიშნავად მოთამაშე გიორგი ლორიაც უშანსოდ დარჩა. ისე, ლორია რომ არა, მეეჭვება გუნდი 3 ქულით დაბრუნებულიყო…

38 წლის კაშიაროს გოლი გიბრალტარის პირველი ბურთი იყო ევრო 2020ის საკვალიფიკაციოში. ვეტერანი თავდამსხმელი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია… 3 გოლით. და მან პირველად გაიტანა 2016 წლის ნოემბრის შემდეგ. ეს ისე, ინფორმაციისთვის.

74ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: საქართველოს დაცვის ცენტრი კიდევ ერთხელ შეცდა და გუნდის კაპიტანმა, 36 წლის როი ჩიპოლინამ შეაგდო – 2:2.

ასაკს სპეციალურად აღვნიშნავ. გულახდილად თქვით: ბევრი თამაში გახსოვთ, სადაც ჯერ 38, შემდეგ კი 36 წლის მოთამაშეებმა გაიტანეს გოლები?

გიბრალტარმა ერთ მატჩში 2 ბურთი ისტორიაში მესამედ შეაგდო და პირველად მსოფლიო/ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირში. გული მწყდება, რომ ჩვენი ნაკრები მეტოქეთა ისტორიის წერას განაგრძობს – საქართველომ ამჯერად გიბრალტარი გაახარა.

2:2ის შემდეგ მასპინძლები ძალიან ახლოს იყვნენ ისტორიულ ქულასთან – ევრო 2016ის და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევში, ასევე ამ საკვალიფიკაციოში გიბრალტარმა ყველა, 25 მატჩი წააგო.

მასპინძლებმა მიზანს ვერ მიაღწიეს – შეცვლაზე შესულმა გიორგი ქვილითაიამ, ვინც ბოლო სანაკრებო თამაშებში უდავოდ გამორჩეულია, 84ე წუთზე შეაგდო გამარჯვების გოლი, საქართველოს ნაკრები კი სირცხვილს გადარჩა.

და ნურავინ იტყვის, რომ გიბრალტართან ფრე სირცხვილი არ იქნებოდა: ნახევრადპროფესიონალების წინააღმდეგ თავმოყვარე გუნდი ქულებზე კი არ ნერვიულობს, მათ კარში შეგდებულ ბურთებს ითვლის.

აღარც მახსოვს ქართველთა გოლების გამო რამდენჯერ მიყვირია, მეგობარს თუ სრულიად უცნობს ჩავხუტებივარ, მაგრამ ქვილითაიას დარტყმის შემდეგ იქვე მიგდებული მობილური ავიღე და სხვა მატჩების ანგარიშებს დავხედე.

არც სიხარული, არც ყვირილი, აბსოლუტურად არაფერი. ემოცია – ნული!

მალე მსაჯმა თამაში დაამთავრა და ტელევიზორიც გამოვრთე. საშინელებაა, როცა საყვარელი გუნდი იგებს, შენ კი არ გიხარია. ამას მოხერხება უნდა.

ერთი თვის წინანდელი, დანიასთან მოედანზე გასული საქართველო და გუშინდელი, გიბრალტართან, ერთი და იგივე გუნდი იყო ორი სრულიად განსხვავებული თამაშით. დალოცვილო: თუ შეგიძლია, რომ ობიექტურად შენზე ძლიერს ყველა კომპონენტში აჯობო, მაჩანჩალასთან 2 ბურთით როცა იგებ, რა გემართება? ასე რთულია კარგად დაწყებულის კარგად დაგვირგვინება? პროფესიონალიზმი მეტი კი არაფერია.

ხშირად მსმენია: ცუდი თამაშით მოგებას კარგი ფეხბურთი და ჯანდაბას, წაგება მირჩევნიაო.

სისულელეა!

წაგება არასდროსაა სასიამოვნო. მაგრამ გულახდილად ვიტყვი: გუშინდელი გამარჯვებაც არაფრისმომცემია.

მეტყვიან: რა გინდა, გუნდმა სტუმრად მოიგო და 3 ქულა აიღო.

კი, ასეა. და მერე რა?

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 16 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian