პატრიკ ვიეირა ნაკრების კაპიტანია
საფრანგეთის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს – ფეხბურთიდან წასული ზინედინ ზიდანის შემდეგ გუნდისთავის სამკლავურს პატრიკ ვიეირა მოირგებს.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთა მთავარმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა ვიეირას კაპიტნად დასახელებას ლოგიკური არჩევანი უწოდა: „ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არაერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა. იმ მოთამაშეთაგან, რომლებიც საფრანგეთის ნაკრებში დარჩნენ, პატრიკ ვიეირა ერთ–ერთ ყველაზე გამოცდილია და ამიტომაც შევაჩერეთ მასზე არჩევანი. გარდა იმისა, რომ ვიეირა ჩინებული ფეხბურთელია, ის ნამდვილი ლიდერია“!
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში პატრიკ ვიეირამ 94 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 1997 წლის 26 თებერვალს შედგა პარიზში, ჰოლანდიელების წინააღმდეგ – 2:1.
ოფიციალურ შეხვედრაში ვიეირა ნაკრებს პირველად საქართველოსთან მატჩში გაუძღვება – რაიმონ დომენეკის გუნდი ჩვენ ნაკრებს 2 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაუპირისპირდება.
დღესდღეობით პატრიკ ვიეირა მილანის ინტერის ფეხბურთელია – რამდენიმე დღის წინ გადავიდა ამ კლუბში ტურინის იუვენტუსიდან და 4წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.
ტანმაღალი ნახევარმცველი 1998 წელს მსოფლიოს, ხოლო 2000 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, სახელი კი ლონდონის არსენალში თამაშით გაითქვა, სადაც 3ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 4ჯერ კი თასის მფლობელი.
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 7 აგვისტო)