საბერძნეთი ფიფას დაუბრუნდა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია, ფიფამ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას დისკვალიფიკაცია მოუხსნა და თავის რიგებში აღადგინა.
ფიფას საგანგებო კომიტეტმა ხსენებული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო რომ, საბერძნეთის პარლამენტმა სპორტის ახალი კანონი ფიფას და უეფას კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანა. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის დისკვალიფიკაცია სწორედ დაუხვეწავ კანონს მოჰყვა.

საბერძნეთის მთავრობამ სკანდალური სპორტის კანონი 2005 წლის სექტემბერში მიიღო.

ფიფას საგანგებო კომიტეტმა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას 2006 წლის 15 ივლისამდე დაავალა პრობლემის მოგვარება და სპორტის ახალი კანონის ფიფას წესდებასთან შესაბამისობაში მოყვანა. დავალება არ შესრულდა, რასაც მოჰყვა კიდეც სასჯელი.

საგანგებო კომიტეტის სასჯელის გამო აიკრძალა საბერძნეთის გუნდების (ყველა ასაკის ნაკრებები და კლუბები) მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებში. ასევე აკრძალული იყო ამ ქვეყნის გუნდებთან საერთაშორისო ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების გამართვა. საბერძნეთის ყველა ასაკის ნაკრები და კლუბები მოიხსნა ფიფას და უეფას ეგიდით გასამართი შეჯიბრებიდან. სასჯელი გავრცელდა მსაჯებზეც – ბერძენი არბიტრები ფიფას და უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებს ვერ ემსახურებოდნენ.

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის და მისი ყველა წევრის (გუნდები, ფეხბურთელები, ოფიციალური პირები) დისკვალიფიკაცია უვადო იყო და მოქმედებდა მანამ, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლება კანონში სათანადო ცვლილებებს არ შეიტანდა.

ბერძენთა საბედნიეროდ, იზოლაციამ დიდხანს არ გასტანა.

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 13 ივლისი)

ka_GEGeorgian