კარიერა ფრაზებში #7: ქეთევან ლოსაბერიძე
მშვილდოსნობა ჩვენში XX საუკუნის 60-იან წლებში შემოვიდა, სათავეებთან კი ქუთაისელი სპეციალისტი შალვა ჯაშიაშვილი იდგა. პირველი შეჯიბრებები იმერეთში გაიმართა, მოგვიანებით კი სპორტის ეს სახეობა თბილისში, ბათუმში, სოხუმსა და თელავში გავრცელდა.
ნელ-ნელა მშვილდოსნობა კოლმეურნეს, ლოკომოტივის, ბურევესნიკის და სპარტაკის სპორტსაზოგადოებებმა აიტაცეს, თბილისში, ქუთაისსა და ანგისაში კი სასროლეთებიც მოეწყო.
1975 წელს თბილისმა პირველ საერთაშორისო შეჯიბრებას, ეგრეთ წოდებულ სამთა ტურნირს უმასპინძლა სსრკ-ს, პოლონეთის და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის.
1979 წელს, თბილისშივე, 19 ქვეყნის ნაკრებს შორის გამართულ დიდ საერთაშორისო ტურნირს – „გაზაფხულის ისრები“ – მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ფრანჩესკო რუსკონიც დაესწრო.
რატომ დამჭირდა ამხელა შესავალი?
მიზეზი მარტივია: იმ ქართველთა შორის, რომლებმაც ყველა სპორტსმენისთვის სანუკვარი ოლიმპიური ოქრო მოიპოვეს, ერთ-ერთი მშვილდოსანია – 1980 წელს ქეთევან ლოსაბერიძემ მოსკოვში გამართულ თამაშებში გაიმარჯვა! იმავე წელს ქალბატონი ქეთევანი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.
1999 წელს, როცა საქართველოს XX საუკუნის უძლიერესი ათლეტები დაასახელეს, მან მე-4 ადგილი დაიკავა ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის და ნინო სალუქვაძის შემდეგ.
და ბოლოს: ქეთევან ლოსაბერიძე პირველი და დღემდე ერთადერთი ევროპელი ქალი მშვილდოსანია, რომელმაც ოლიმპიადა მოიგო.
…ტყიბულში დავიბადე. 5 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა. მე და 8 და-ძმას პატარაობიდანვე დიდი ტვირთი დაგვაწვა, მაგრამ ვშრომობდით და ეს გვაძლებინებდა. ყველას ჩვენი წვლილი შეგვქონდა საოჯახო საქმეში და ამის წყალობით, მოთმინება და ნებისყოფა გამოვიმუშავე. ალბათ, ამიტომაც მოვიპოვე სპორტში დიდი წარმატებები.
…მშვილდოსნობაში ვარჯიში ქუთაისში დავიწყე, მაშინ პედაგოგიური ინსტიტუტის პირველკურსელი ვიყავი. მე და ჩემს რამდენიმე თანაკურსელს ბატონი შალვა ჯაშიაშვილი შეგვხვდა და ვარჯიში შემოგვთავაზა. დავინტერესდი. ფიზიკურ დატვირთვებთან შეგუება არ გამჭირვებია – შრომას ხომ ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი.
…მაშინ სად იყო ისეთი ინვენტარი, როგორიც დღეს აქვთ, არც შევადარებ ჩვენ დროინდელს! ბატონ შალვასთან ერთად გოგონები დროგამოშვებით ბაზარში დავდიოდით და ინდაურებს ჩუმად ვაჭრიდით ფრთებს. ცხადია, მალე გამოაშკარავდა ჩვენი ამბავი – ბატონ შალვას რომ დაინახავდნენ, ქალები ამ უწყინარ ფრინველს კალთის ქვეშ მალავდნენ.
…პირველ წარმატებას 1967 წელს, ვარჯიშის დაწყებიდან წელიწადში მივაღწიე – ქუთაისში, დინამოს სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა და პირველი ადგილი დავიკავე. მას შემდეგ, რაც მშვილდოსნობა ოლიმპიადის პროგრამაში დაბრუნდა, უფრო ინტენსიურად დავიწყე ვარჯიში, თან, სპორტის ეს სახეობა საკავშირო სპორტკომიტეტმაც დაამატა ხალხთა სპარტაკიადის პროგრამას.
…1971 წელს საკავშირო სპარტაკიადაზე ვიასპარეზე. პირად ჩათვლაში მე-5 ადგილზე გავედი, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ჩემთან ერთად ნაკრებში გუგული რიჟამაძე და ლუბოვ ასატუროვა ასპარეზობდნენ. ლუბა იმ წლებში საუკეთესო იყო – სპარტაკიადაზე პირად ჩათვლაში გაიმარჯვა და წლის ბოლოს საკავშირო თასიც მოიგო. სხვათა შორის, ის მშვილდოსნობაში ერთი წლის მოსული იყო, მანამდე ნიჩბოსნობაში ვარჯიშობდა.
…იმავე წელს პირველად ვიასპარეზე საერთაშორისო ტურნირში. ეს საფრანგეთში, სტრასბურში მოხდა. იქ მხოლოდ იმიტომ წამიყვანეს, რომ ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი და პერსპექტიულად ვითვლებოდი. დიდ ასპარეზზე დებიუტის წინ ბევრი ვინერვიულე, ამის გამო კი პრიზიორთა შორის ვერ მოვხვდი. თუმცა, ეტყობა მაინც კარგად გამოვედი, რადგან მწვრთნელებმა ჟენევაშიც წამიყვანეს. ის შეჯიბრება კი უკვე ჩემი გამარჯვებით დასრულდა!
…სტაბილური შედეგების გამო საბჭოთა კავშირის ნაკრებში მალევე მოვხვდი. 1972 წელს მე, ემა გაპჩენკომ და ვალენტინა კოფმანმა ლუქსემბურგში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოვიგეთ, ის ტურნირი ჩემთვის ორმაგად ტკბილადმოსაგონარია, რადგან მანამდე პირად ჩათვლაშიც გავიმარჯვე, 70-მეტრიან დისტანციაზე კი მსოფლიო რეკორდი დავამყარე!
…მიუნხენის ოლიმპიური თამაშების წინ ფავორიტად ვითვლებოდი, მაგრამ საბოლოოდ მეოთხე ადგილი დავიკავე – ბრინჯაოს მედალოსან ემა გაპჩენკოს მხოლოდ ქულით ჩამოვრჩი. თუ არ მეშლება, ჩემპიონი ამერიკელი დორინ იულბერი გახდა, მეორე ადგილზე კი პოლონელი ირენა შიდლოვსკა გავიდა. ცხადია, გული დამწყდა, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული და მხოლოდ ჩემპიონობაზე ვფიქრობდი. ჩვენმა მწვრთნელმა არსენ ბალოვმა თქვა, ქეთევანმა ოქრო დაკარგა, ვერცხლი დათმო და ბრინჯაო გააჩუქაო.
…მომდევნო წელს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოვიგე გუნდურში, საკავშირო ჩემპიონატზე კი პირად პირველობაზე გავიმარჯვე. წარმატებები არც მომდევნო წლებში მაკლდა – პოლონეთში ლოძის და იტალიაში მილანის საერთაშორისო ტურნირებში გავიმარჯვე… მილანში, ამბროზიანოს თასის მოგების შემდეგ მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ფრანჩესკო რუსკონიმ საზეიმო ვახშამზე შინ მიგვიწვია და ვერცხლის ყელსაბამით დამაჯილდოვა!
…1975 წლის დასაწყისში სპორტკომიტეტს განცხადებით მივმართე, ნაკრებიდან გამათავისუფლეთ-მეთქი. ყველას გაუკვირდა, წარმატებული სპორტსმენები ასეთ ნაბიჯებს, როგორც წესი, არ დგამდნენ. საქმე ისაა, რომ 1974 წელს დავქორწინდი, დედობაზე ვოცნებობდი, ოჯახს და დიდ სპორტს კი ვერაფრით შევუთავსებდი ერთმანეთს.
…სპორტში საქართველოს სპორტკომიტეტის მესვეურების თხოვნით დავბრუნდი. 1978 წელს ისინი მეუღლეს დაუკავშირდნენ და უთხრეს, თუ 1979 წელს საკავშირო სპარტაკიადაზე პრიზიორთა შორის მოხვდება, ვაკეში ოროთახიან ბინას მიიღებთო. მაშინ არ იყო იოლი ბინის მიღება, თან ასეთ უბანში. ეს დიდი სტიმული იყო. ვარჯიში დავიწყე, სპარტაკიადაზეც გამოვედი და მეორე ადგილი დავიკავე – ნატალია ბუტუზოვამ მაჯობა. იმ დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი მათემატიკის კურსს ვკითხულობდი. კათედრის გამგე პოლიკარპე ზერაგიამ ჩემი წარმატების ამბავი რომ შეიტყო, შესანიშნავად იხუმრა – ქეთევანი ბინას უმიზნებდა და როგორ ააცდენდაო!
…მოსკოვის ოლიმპიური თამაშების წინ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი – ზედიზედ ვიგებდი ტურნირებს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ნაკრებში ადგილის მოსახვედრად ბოლომდე უნდა მებრძოლა. ერთ-ერთ ბოლოსწინა შეჯიბრებაზე, პოლონეთში, მესამე ადგილი დავიკავე, ამის გამო გუნდის ხელმძღვანელებმა ლამის ნაკრებს მიღმა დამტოვეს. მე, ბუტუზოვა, როგოვა და რუსტამოვა – ჩვენ ოთხნი ვიყავით კანდიდატები. საბოლოოდ მე და ბუტუზოვა შეგვიყვანეს გუნდში. როგოვას უზბეკეთის სპორტის მესვეურები მფარველობდნენ, რომლებიც მიდგნენ-მოდგნენ და იმდენი ქნეს, რომ ოლიმპიადამდე ორი კვირით ადრე ჩვენ შორის დამატებითი, ოთხდღიანი პაექრობა დაინიშნა. როგოვამ მცირე ხნით ადრე პოლონეთის საერთაშორისო ტურნირში 30-მეტრიან დისტანციაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა, საკუთარი თავის ძალიან ეიმედებოდა და… 2569 ქულა მოვაგროვე და დიდი უპირატესობით გავიმარჯვე! სხვათა შორის, მესამე დღის შემდეგ თვითონ ოლგამ მთხოვა, შევწყვიტოთ ორთაბრძოლა, ჩემზე ძლიერი ხარ, ნაკრებში შენ უნდა იყოო. მერე მომიბოდიშა კიდეც, მე არ მინდოდა ეს დამატებითი შეჯიბრი, მაიძულეს გამოვსულიყავიო.
…ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი 1980 წლის 3 აგვისტოს მოვიგე. ეს დღე არასდროს დამავიწყდება! თავიდანვე ზუსტად ვისროდი და ამის წყალობით გავიმარჯვე, ეს ჩემი სპორტული ცხოვრების ყველაზე დიდი ტრიუმფია! სხვათა შორის, პირველი საბჭოთა მშვილდოსანი ქალი ვარ, რომელმაც ოლიმპიადა მოიგო. ეგ კი არა, საერთოდ პირველი ევროპელი ქალი ვარ, ვინც ამ დისციპლინაში გაიმარჯვა.
…ყველა ნატალია ბუტუზოვას უწინასწარმეტყველებდა ჩემპიონობას, მაგრამ როგოვასთან იმ დამატებითმა დაპირისპირებამ ჩემზე დოპინგივით იმოქმედა – ძალიან კონცენტრირებული ვიყავი და ისარს ისარში ვარჭობდი! მე და ბუტუზოვა აბსოლუტურად ერთნაირ პირობებში გამოვდიოდით – ერთ ცვლაში მოვხვდით და ერთადვე ვისროდით. შეჯიბრების ბოლო, მეოთხე დღეს ამინდი გაფუჭდა, თუმცა ბოლო სერიაში 29 ქულა დავაგროვე და ჩემპიონიც გავხდი. თან, 30-მეტრიან სასროლეთზე ოლიმპიური რეკორდი დავამყარე!
…უკანასკნელი გასროლის შემდეგ ჟურნალისტების, ფოტოკორესპონდენტების და კინოოპერატორების ალყაში აღმოვჩნდი. გამარჯვება პირველებმა საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარე დავით პერტენავამ და მისმა მოადგილემ, ტყვიის სროლაში მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა და ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა შოთა ქველიაშვილმა მომილოცეს.
…ის ბინა ვაკეში, საკავშირო სპარტაკიადის წინ რომ შემპირდნენ, ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ გადმომცეს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ორ ოთახს ერთიც წაუმატეს და… მოკლედ, სამოთახიანი ბინით დამასაჩუქრეს!
…მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები ხშირად ცდილობდნენ შუღლის ჩაგდებას, სპორტსმენები მაინც მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებდით. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობდით ასე ყოფილიყო. თუ თავს კომფორტულად ვერ გრძნობ და შეჯიბრების წინ კონცენტრირებული არ ხარ, ათას რამეზე ფიქრობ, ვერასდროს გახდები ჩემპიონი.
…ერთხელ მე და ემა გაპჩენკო საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირიდან ვბრუნდებოდით. თვითმფრინავში გვერდიგვერდ მოვხვდით და ათას თემაზე ვისაუბრეთ. ერთი დამამახსოვრდა: ემამ მითხრა, დედაჩემი გემრიელ კერძებს ამზადებს, ვიცი რომ მელოდება, მივალ, ვისადილებ და მერე კარგად გამოვიძინებო. მისმა სიტყვებმა ბავშვობა გამახსენა, ნაადრევად გარდაცვლილი დედაჩემი და თვალები ცრემლით ამევსო. ემას ეს არ შეუმჩნევია. მოსკოვში რომ ჩავედით, დედამისი აეროპორტში შეეგება და შინ წაიყვანა, მე კი მშვილდოსნობის საკავშირო ფედერაციის წარმომადგენელი დამხვდა, რომელმაც საერთო საცხოვრებელში მიმაცილა.
…ცრურწმენა? სტადიონზე ყოველთვის მარჯვენა ფეხით შევდიოდი. დღემდე, ყოველ დილით, ვცდილობ მარჯვენა ფეხზე ავდგე. რაც შეეხება თილისმას, 70-იანების დასაწყისში ერთმა რუსმა მშვილდოსანმა ფოცხვერის კლანჭი მაჩუქა, რომელსაც ყველა შეჯიბრებაზე დავატარებდი.
…ნებისმიერი სპორტსმენი ოცნებობს ოლიმპიურ ჩემპიონობაზე. ცხადია, არც მე ვარ გამონაკლისი – ეს ხომ უდიდესი ტიტულია! მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება მაინც დედობა გახლავთ. ჩემი თინიკოს დაბადებით გამოწვეულ სიხარულზე უფრო დიდი განცდა მე არ მქონია. თანაც როდის – გათხოვებიდან მეცხრე წელიწადს!
…ჩვენ მშილდოსნობაზე რა ვთქვა? ძალიან რთული დრო გამოვიარეთ, მაგრამ ხედავთ, წარმატებებსაც ვაღწევთ. გულახდილად გეტყვით: თამაზ ფუტკარაძემ და მისმა ოჯახმა საქართველოს მშვილდოსნობა შეუნარჩუნა. მიხარია, რომ შიგადაშიგ წარმატებებსაც ვაღწევთ. მიმაჩნია, რომ თუ სპორტის ეს სახეობა უფრო დაფინანსდება, მეტი წარმატება გვექნება.
ქეთევან ლოსაბერიძე
დაიბადა 1949 წლის 1 აგვისტოს ტყიბულში
მშვილდოსანი
ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი – 1980 (მოსკოვი; 2 491 ქულა); მსოფლიოს ჩემპიონი – 1973 (გუნდური), 1981 (გუნდური); ევროპის ჩემპიონი – 1972 (პირადი, გუნდური), 1978 (გუნდური), 1980 (გუნდური); სსრკ ჩემპიონი – 1973, 1979; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1971, 1972, 1974, 1975, 1981; სსრკ თასი – 1972, 1978; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1979; საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი – 1975 (მილანი, იტალია), 1976 (ლოძი, პოლონეთი), 1978 (კიოლნი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), 1980 (მილანი, იტალია), 1981 (ლვოვი, უკრაინა); საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) – 1980; სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – 1971; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1980; ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი; ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი – 2018; ხალხთა მეგობრობის ორდენი (სსრკ)
*–საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში ქეთევან ლოსაბერიძე XX საუკუნის მე-4 საუკეთესო ქალ სპორტსმენად დასახელდა (მოჭადრაკეების ნონა გაფრინდაშვილის და მაია ჩიბურდანიძის, ასევე ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძის შემდეგ).
*-ქეთევან ლოსაბერიძე პირველი და ერთადერთი საბჭოთა მშვილდოსანია, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიგო!
*–ოლიმპიადაზე მშვილდოსანთა შორის მედლები 1972 წლიდან თამაშდება. მას შემდეგ ქეთევან ლოსაბერიძე ერთადერთი ევროპელია, რომელმაც პირადი პირველობა და ოქროს მედალი მოიგო!
*-1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადაზე IV ადგილი დაიკავა (2 402 ქულა).
*-2002-05 წლებში იყო საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ავთანდილ გურასაშვილის წიგნი „ქეთევან ლოსაბერიძე“.
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge