საქართველო 0:2 გერმანია

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
V ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი 3 ქულით ბოლოსწინა, მე5 ადგილზეა.

გერმანელებმა უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზეს, შესარჩევ ტურნირში მე3 გამარჯვება მოიპოვეს, 10 ქულა მოაგროვეს და ახლა ლიდერ პოლონეთს მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან. პოლონელებმა, თავის მხრივ, ირლანდიაში ფრედ ითამაშეს, ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში კი შოტლანდიელებმა გიბრალტარი 6:1 გაანადგურეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართული მატჩი სტუმრების უპირატესობით წარიმართა, თუმცა დროგამოშვებით საქართველოს ნაკრებიც ახერხებდა მანუელ ნოიერის კარზე იერიშის მიტანას.

გერმანელებმა ორივე გოლი I ტაიმის მიწურულს გაიტანეს: 39ე წუთზე მარკო როისმა მარიო გიოტცეს პასის შემდეგ შეაგდო, 44ე წუთზე კი თომას მიულერმა მესუტ იოზილის შეტევა დააგვირგვინა ზუსტი დარტყმით.

ორი ბურთის გარდა იოახიმ ლიოვის გუნდს მინიმუმ 2ჯერ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მარკო როისის დარტყმების შემდეგ ბურთი ხარიხამ აისხლიტა. სათქმელია, რომ გიორგი ლორიამ 2ჯერ შესანიშნავად ითამაშა – სახიფათო დარტყმები მოიგერია.

„მარცხის მიუხედავად, ბიჭების მადლობელი ვარ. საერთოდ, მჯერა ამ გუნდის პოტენციალის და დარწმუნებული ვარ, მოვუმატებთ. მთავარია, რომ მათ საკუთარი თავის ირწმუნონ. ფეხბურთელებს მეტი თავდაჯერებულობა უნდა ჰქონდეთ და შედეგი აუცილებლად მოვა“, – განაცხადა კახი ცხადაძემ.

I ტაიმში ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო. 3 ქულის მოპოვება გვინდოდა, მოტივირებულები ვიყავით და შესვენებამდე ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, რაც მახარებს. მართალია II ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ“, – იოახიმ ლიოვი, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

საქართველოს ნაკრები მეოთხედ დაუპირისპირდა გერმანიას და ისევ დამარცხდა. ეს გუნდები პირველად ზუსტად 20 წლის წინ, 1995 წლის 29 მარტს დადგნენ ერთმანეთის პირისპირ თბილისში და მაშინაც სტუმრებმა მოიგეს – 2:0.

ჩვენ შესარჩევ ჯგუფში მომდევნო, VI ტური 13 ივნისს შედგება: კახი ცხადაძის გუნდი პოლონეთში ითამაშებს, ირლანდია შოტლანდიას უმასპინძლებს, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გერმანია კი გიბრალტარს ესტუმრება.

29 მარტი, 2015. ევრო 2016 – შესარჩევი მატჩი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 54 549
საქართველო 0:2 გერმანია
გოლები: 0:1 მარკო როისი (39), 0:2 თომას მიულერი (44)
საქართველო: გიორგი ლორია, საბა კვირკველია, ალექსანდრე ამისულაშვილი (ლაშა დვალი 4), გურამ კაშია, უჩა ლობჟანიძე, ჯაბა კანკავა (კაპ), კახა მახარაძე (ლევან ყენია 59), გიორგი ნავალოვსკი, სანდრო კობახიძე, თორნიკე ოქრიაშვილი (გიორგი ჭანტურია 46), ლევან მჭედლიძე
მწვრთნელი: კახი ცხადაძე
გერმანია: მანუელ ნოიერი, სებასტიან რუდი, ჯერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი, იონას ჰექტორი, ტონი კროოსი, ბასტიან შვაინშტაიგერი (კაპ), მესუტ იოზილი, მარკო როისი, თომას მიულერი (ანდრეას შურლე 83), მარიო გიოტცე (ლუკას პოდოლსკი 83)
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
გაფრთხილება: კახი მახარაძე, ჯაბა კანკავა, ბასტიან შვაინშტაიგერი, გიორგი ჭანტურია
მსაჯი: კ.ტრუპენი (საფრანგეთი)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 30 მარტი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian