ჰოლანდია ევროპის ჩემპიონია
ევროპის ჩემპიონატი 21წლამდელ ფეხბურთელთა შორის ჰოლანდიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა: ჰოპე დე ჰაანის გუნდმა ფინალურ შეხვედრაში ალექსეი მიხაილიჩენკოს გაწვრთნილ უკრაინას 3:0 სძლია.
ჰოლანდიამ პირველად მოიგო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი.
ფინალური შეხვედრის გმირად ამსტერდამის აიაქსის ახალგაზრდა გოლეადორი კლაას იან ჰუნტელაარი მოგვევლინა, რომელმაც უკრაინელებს 2 გოლი გაუტანა, საერთო ჯამში კი 4 ბურთით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა.
გარდა იმისა, რომ ჰუნტელაარი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მას ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც ერგო. შეგახსენებთ, რომ ახლახანს დასრულებულ სეზონში კლაას იან ჰუნტელაარმა ქვეყნის თასის გარდა ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორის ტიტულიც მოიგო. ამ წარმატებების მიუხედავად, ეროვნული გუნდის თავკაცმა მარკო ვან ბასტენმა ახალგაზრდა ფორვარდს მსოფლიო ჩემპიონატისთვის არ უხმო.
„ძალიან ბედნიერი ვარ, ვერც ვიფიქრებდი, რომ სეზონს ევროპის ჩემპიონის რანგში დავასრულებდი! მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვითამაშებ“ – განაცხადა ჩემპიონთა ლიდერმა.
წლევანდელ ტურნირში ჰოლანდიელებმა ჩინებულად ითამაშეს: მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში პირველსავე შეხვედრაში უკრაინელებთან დამარცხდნენ 1:2, დანიის საკმაოდ ძლიერ გუნდთან ქულა მოიპოვეს, ჯგუფის გადამწყვეტ თამაშში კი ფავორიტ იტალიას 1:0 სძლიეს. ნახევარფინალში დე ჰაანის გუნდმა დაძაბული ბრძოლის შემდეგ საფრანგეთი ჩამოიცილა – 3:2 და ფინალში გავიდა.
ფინალურ ეტაპზე შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა:
A ჯგუფი: პორტუგალია – საფრანგეთი 0:1, სერბეთი – გერმანია 0:1; პორტუგალია – სერბეთი 0:2, საფრანგეთი – გერმანია 3:0; საფრანგეთი – სერბეთი 2:0, გერმანია – პორტუგალია 0:1
B ჯგუფი: უკრაინა – ჰოლანდია 2:1, იტალია – დანია 3:3; იტალია – უკრაინა 1:0, დანია – ჰოლანდია 1:1; დანია – უკრაინა 1:2, ჰოლანდია – იტალია 1:0
1/2 ფინალი: საფრანგეთი – ჰოლანდია 2:3 (დდ), უკრაინა – სერბეთი 0:0 (პენ 5:4)
* * *
ცოტა რამ ტურნირის ისტორიიდან: 1967 წელს პირველად ჩატარდა კონტინენტის პირველობა ახალგაზრდულ გუნდებს შორის, თუმცა იმ წელს შეჯიბრში 23 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალში ბულგარეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა გდრის გუნდს 3:2 სძლია.
1970 წელს ჩეხოსლოვაკიამ იმარჯვა, 1974 და 1976 წლებში კი, შესაბამისად უნგრეთის და სსრკის ახალგაზრდულმა ნაკრებებმა.
1976 წელს უეფამ წესდებაში ცვლილებები შეიტანა – 23წლამდელთა ნაცვლად მონაწილეთა ასაკი 21 წლით განისაზღვრა.
ევროპის თანამედროვე ახალგაზრდული ჩემპიონატების დასაწყისად სწორედ 1976–78 წლების ტურნირი ითვლება. მას შემდეგ კონტინენტის პირველობა 14ჯერ მოეწყო.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულნი:
2004 იტალია
2002 ჩეხეთი
2000 იტალია
1998 ესპანეთი
1996 იტალია
1994 იტალია
1992 იტალია
1990 საბჭოთა კავშირი
1988 საფრანგეთი
1986 ესპანეთი
1984 ინგლისი
1982 ინგლისი
1980 საბჭოთა კავშირი
1978 იუგოსლავია
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 5 ივნისი)
ფოტო: uefa.com