ირლანდია ტრაპატონიმ ჩაიბარა
ირლანდიის ნაკრები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ–ერთი მეტოქე მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, კარგა ხანს მთავარი მწვრთნელის გარეშე იყო, თუმცა ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ პრობლემა მოაგვარა – ცნობილი იტალიელი მწვრთნელის ჯოვანი ტრაპატონის თქმით, ის მალე ირლანდიის ნაკრების თავკაცი გახდება.
68 წლის აპენინელი მწვრთნელი, რომელიც მეორე სეზონია ავსტრიის ზალცბურგს თავკაცობს, მზადაა ზაფხულში, კლუბთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ირლანდიის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.
„ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლები დაახლოებით 10 დღის წინ დამიკავშირდნენ და წინადადებით მომმართეს. რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ მათ შეთავაზებას დავთანხმდი – ირლანდიის ნაკრების გაწვრთნა, ვთვლი, რომ ძალიან კარგი საქმე იქნება. ბევრ ირლანდიელ ფეხბურთელს ვიცნობ და მიმაჩნია, რომ ამ საქმეს თავს გავართმევ. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ირლანდიის ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდა, თუმცა ვთვლი, რომ ჩვენ პირველ ადგილზე გასვლას შევძლებთ“, – განაცხადა ჯოვანი ტრაპატონიმ.
იტალიელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელია: სხვადასხვა კლუბებთან ერთად იტალიის, გერმანიის, პორტუგალიის და ავსტრიის ჩემპიონატები მოიგო, ტურინის იუვენტუსთან ერთად კი ყველა საერთაშორისო საკლუბო თასი აღმართა: 1977 და 1993 წლებში უეფას თასი, 1984 წელს – თასების მფლობელთა და ევროპის სუპერთასები, 1985 წელს კი ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები.
ცნობისათვის: მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა სწორედ ჯოვანი ტრაპატონის გაწვრთნილ იტალიის ნაკრებს უმასპინძლა.
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 13 თებერვალი)