სტადიონები: კამპ ნოუ

საღამო მშვიდობისა! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
ზუსტად 50 წელიწადია მანელ ვიჩი ასე ხვდება კამპ ნოუზე მისულ ულშემატკივრებს.
აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა ის სტადიონის დიქტორია და ამ შესანიშნავ სარბიელზე არაერთი დიდებული მოთამაშე უნახავს:მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ბარსელონას არასდროს აკლდა და მათი თამაშით კვირიდან კვირამდე ვტკბებოდი. მეტოქეებიც ისეთი გვყავდა, ვარსკვლავების ნაკლებობას არ განიცდიდნენ, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ალფრედო დი სტეფანომ და პელემ მოახდინეს.
ალფრედო დი სტეფანო ამ ლეგენდარულ სარბიელს მადრიდის რეალის შემადგენლობაში ხშირად სტუმრობდა, ფეხბურთის მეფემ კი კამპ ნოუზე ერთადერთხელ, 1959 წლის 28 ივნისს ითამაშა: ევროპულ ტურნეში მყოფი სანტოსი კატალონიის დედაქალაქს ესტუმრა და მასპინძლებს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა5:1.

კამპ ნოუ, ბარსელონის ლეგენდარული სტადიონი, წლეულს ნახევარსაუკუნოვან იუბილეს ზეიმობს: 1957 წლის 24 სექტემბერს, 3წლიანი მშენებლობის შემდეგ, სარბიელი ოფიციალურად გაიხსნა და მას შემდეგ არაერთ შესანიშნავ მოთამაშეს და დაუვიწყარ მატჩს უმასპინძლა.

კატალონიის სიამაყის პირველი მეტოქე კი პოლონეთის იმ წლების ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი ლეგია იყო. ბარსელონამ 4:2 გაიმარჯვა, კამპ ნოუზე პირველი გოლი კი ეულოხიო მარტინესმა გაიტანა მე11 წუთზე…

ახალ სტადიონზე გადასვლამდე ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა რამდენიმე სარბიელი გამოიცვალა:

1899 წლის 8 დეკემბერს ბარსელონამ ისტორიაში პირველი მატჩი ველოდრომო დე ლა ბონანოვაზე ჩაატარა.

მომდევნო წელს კატალონიელებმა ესტადიო კასანოვაზე გადაინაცვლეს, ხოლო 1901-05 წლებში მეტოქეებს დელ ორტაზე მასპინძლობდნენ. 1905-09 წლებში ბარსელონას ოფიციალური სტადიონი კამპო დე მუნტანერი იყო, რის შემდეგაც კლუბმა, პირველად ისტორიაში, საკუთარ სარბიელზე – ესტადიო დე ლა ინდუსტრიაზე გადაინაცვლა. ამ სტადიონმა ბარსელონას პირველ მატჩს 1909 წლის 14 მარტს უმასპინძლა.

1922 წლიდან კამპ ნოუს აგებამდე, ანუ 1957 წლამდე, ბარსელონა 25 ათასიან დე ლეს კორტსზე თამაშობდა, რომლის ტევადობა წლიდან წლამდე იზრდებოდა და ახალი სარბიელის დაბადებამდე 60 ათასს უწია.

1954 წლის 28 მარტს კამპ ნოუს საძირკველში პირველი ქვა ჩაიდო. არქიტექტორები ფრანსესკ მიჩანს მირო, ლორენსო გარსია ბარბონი და ხოსეპ სოტერას მაური ქომაგებს დაპირდნენ, რომ 3 წელიწადში მათ საყვარელ გუნდს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი ექნებოდა და 1957 წლის შემოდგომით სიტყვა საქმედ აქციეს.

როგორც საკლუბო ენციკლოპედია გვამცნობს, სტადიონის ასაგებად კლუბმა 288 მილიონი პესეტა, ანუ 925 ათასი გირვანქა დახარჯა. 50იანი წლების მიწურულს ეს ძალიან, ძალიან დიდი თანხა იყო.

* * *
სახელწოდება კამპ ნოუ სტადიონს ოფიციალურად მხოლოდ 2000-01 წლების სეზონის დაწყებამდე მიენიჭა, მანამდე კი ესტადი დელ ბარსელონა, ანუ ბარსელონის სტადიონი ერქვა.

იმ ჩემპიონატის დაწყებამდე საფეხბურთო კლუბ ბარსელონის წევრებს შორის გამოკითხვა ჩატარდა და უმრავლესობამ სახელის შეცვლას დაუჭირა მხარი. ასე იქცა ესტადი დელ ბარსელონა კამპ ნოუდ.

…ლეგიასთან პირველ მატჩს 90 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, 70იანი წლებიდან კი ბარსელონის საშინაო მატჩებზე სტადიონი 120 ათასამდე ქომაგს იტევდა: რამდენიმე ტრიბუნა მხოლოდ ფეხზე მდგომი მაყურებლებისთვის იყო და შესაბამისად, ქომაგთა რაოდენობაც იზრდებოდა.

90იანი წლების მიწურულს რეკონსტრუქცია დაიწყო, ყველა ტრიბუნაზე ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდა და დღეს კამპ ნოუ 98 772 მაყურებელს იტევს, აქედან 2 900 ადგილი VIP ლოჟაშია.

1999 წელს უეფამ სტადიონს 5 ვარსკვლავი მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ სარბიელი უმაღლესი დონისაა და პირველი რანგის შეხვედრებისთვის ზედგამოჭრილია.

მთავარი სარბიელის გარდა კამპ ნოუ მინი ესტადის აერთიანებს, რომელიც 16 ათას მაყურებელს იტევს და სადაც ბარსელონის მეორე შემადგენლობა თამაშობს.

სტადიონზევეა მუზეუმი – ელ მუზეუ დელ ბარსა, რომელიც ესპანეთში მე5 ადგილზეა ტურისტების სტუმრიანობით. მუზეუმს, რომელიც ბარსელონის ისტორიის ამსახველ 1 420 ექსპონატს, მათ შორის 420 თასს ითვლის, ყოველწლიურად მილიონ 200 ათასი დამთვალიერებელი სტუმრობს.

ელ მუზეუ დელ ბარსა 1984 წელს გაიხსნა კლუბის მაშინდელი პრეზიდენტის ხოსეპ ლუის ნუნიესის ინიციატივით.


კამპ ნოუმ, შესანიშნავმა არქიტექტურულმა ძეგლმა არაერთ დაუვიწყარ მატჩს უმასპინძლა, მათ შორის ევროპის საკლუბო ტურნირების რამდენიმე ფინალს:
1964 წელს აქ გაიმართა ბაზრობათა თასის გათამაშების გადამწყვეტი მატჩი სარაგოსას და ვალენსიას შორის;
1972 წელს შოტლანდიის გლაზგო რეინჯერსმა თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში მოსკოვის დინამოს სძლია;
1982 წელს ბარსელონამ მშობლიურ სარბიელზე მეორედ აღმართა თასების თასი – ფინალში ლიეჟის სტანდარდს 2:1 მოუგო, რომელმაც თავის მხრივ, ნახევარფინალში თბილისის დინამო შეაჩერა.
იმავე წელს, 13 ივნისს, ბელგია-არგენტინის თამაშით გაიხსნა მსოფლიო ჩემპიონატი;
1989 წელს, ჩემპიონთა თასის გადამწყვეტ მატჩში მილანმა 4:0 გაანადგურა სტიაუა;
1992 წელს ოლიმპიური თამაშების ფინალში ესპანეთის ნაკრებმა პოლონეთს არ დაანება ოქროს მედლები – 3:2;
1999 წელს კი კამპ ნოუმ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მატჩს უმასპინძლა – ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერ იუნაიტედმა მიუნხენის ბაიერნს 2:1 სძლია.
მსაჯის მიერ დამატებულ დრომდე გერმანელები 1:0 იგებდნენ, თუმცა ჯერ ტედი შერინგემმა, შემდეგ კი ოლე-გუნარ სოლშერმა 2ჯერ შეარხიეს ოლივერ კანის კარის ბადე და… 2:1!

* * *
ფეხბურთი ფეხბურთად, მაგრამ დიდი სტადიონები ხშირად ქცეულან არა მარტო სპორტული, არამედ სხვადასხვა, არასპორტული ღონისძიებების მასპინძლად და ამ მხრივ გამონაკლისი არც კამპ ნოუა.

სხვადასხვა დროს ბარსელონის სტადიონმა უმასპინძლა ისეთი როკ ჯგუფების და შემსრულებლების კონცერტებს, როგორებიც არიან: მაიკლ ჯექსონი, ბრიუს სპრინგსტინი, ხულიო იგლესიასი, ხოსე კარერასი, U2, ტრეისი ჩეპმენი, პიტერ გებრიელი, პინქ ფლოიდი, სტინგი, სამი ტენორი – ლუჩანო პავაროტი, ხოსე კარერასი, პლასიდო დომინგო…

1982 წლის 17 ნოემბერს კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, აწ განსვენებულმა რომის პაპმა იოანე პავლე II ამ სტადიონზე ჩაატარა მესა, რომელსაც 120 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო!

* * *
22 სექტემბერს ბარსელონა-სევილიის მატჩის წინ კამპ ნოუს ნახევარსაუკუნოვანი იუბილე აღინიშნა. ფრენკ რაიკაარდის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის წინ გამართულ საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა ცნობილი ინგლისელი არქიტექტორი სერ ნორმან ფოსტერი, რომლის კომპანიამ კამპ ნოუს სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა განახორციელოს.

ოფიციალური ინფორმაციით ბარსელონის სარბიელის რეკონსტრუქცია 2009-12 წლებში მოხდება. ტრიბუნები მთლიანად გადაიხურება, სტადიონის ტევადობა კი 104 ათასამდე გაიზრდება. წინასწარი გათვლით, მთლიანი პროექტი 290 მილიონი ევრო ღირს.

ჩვენი კლუბი საუკეთესოა მსოფლიოში და უმაღლესი დონის სტადიონს იმსახურებს. მჯერა, 5 წელიწადში ბარსელონას მსოფლიოში საუკეთესო სარბიელი ექნება“! – ჟოან ლაპორტა, ბარსელონის პრეზიდენტი.

ახლა მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ახალი სტადიონი არა მარტო ქალაქს, მთლიანად ესპანეთს დაამშვენებს. აიგება სარბიელი, რომელიც არქიტექტურული ნოვაციებით იქნება სავსე. ჩვენ ანტინიო გაუდიმ შთაგვაგონა!სერ ნორმან ფოსტერი.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2007)

ka_GEGeorgian