ლევანდოვსკიმ უეფაშიც გაიტანა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა სახლმა 2019-20 წლების საუკეთესო მოთამაშედ მიუნხენის ბაიერნის გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა. მასვე გადაეცა გასული ევროსეზონის საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდო.
ლევანდოვსკის ტრიუმფი მოსალოდნელი იყო: ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა საოცარ სტილში მოიგო, პოლონელი კი ყველა მატჩში შეუდარებელი გახლდათ და ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა.

2019-20 წლების სეზონი რობერტისა გამოდგა: ბაიერნთან ერთად ყველა ტურნირში გაიმარჯვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველგან: ბუნდესლიგაშიც, გერმანიის თასზეც და ჩემპიონთა ლიგაშიც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა!

55 ბურთი 47 თამაშში – ფენომენალური შედეგია და ამ სტატისტიკაზე თვით რონალდუ და მესიც ხელს მოაწერდნენ.

გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, რომ ფრანს ფუტბოლი წელს ოქროს ბურთს არ გასცემს. ფრანგულ გამოცემას ნაჩქარევი ნაბიჯი რომ არ გადაედგა, დარწმუნებული ვარ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოც პოლონელს დარჩებოდა. და პოპულარული რეფერენდუმის 64წლიან ისტორიაში პირველი პოლონელი ტრიუმფატორიც გახდებოდა.

„ის საუკეთესო იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა. წელს დიდებული სეზონი ჰქონდა და დიდი იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა სეზონის საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა მანუელ ნოიერმა.

გერმანიის ნაკრების გოლკიპერი უეფას მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს ერთ-ერთი კანდიდატი იყო ლევანდოვსკის და რჩეულ ნახევარმცველად აღიარებული კევინ დე ბრუინის მხარდამხარ.

უეფას და ევროპული სპორტული გამოცემების (ESM) ერთობლივ გამოკითხვაში, რომელშიც კონტინენტის წამყვანი ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები და მიმომხილველები მონაწილეობდნენ, ლევანდოვსკიმ 477 ქულა დააგროვა, დე ბრუინს 90 ერგო, ნოიერს – 66. საინტერესოა, რომ ამ ჯილდოს 3ჯერ მომგები კრიშტიანუ რონალდუ 25 ქულით მე10 ადგილზე გავიდა, 2გზის ტრიუმფატორმა ლეო მესიმ კი 53 მიიღო და ნეიმართან ერთად მე4-5 ადგილები გაიყო.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ უეფას წლის ფეხბურთელის 10წლიან ისტორიაში კრიშტიანუ რონალდუ პირველად ვერ მოხვდა სამეულში. პორტუგალიელმა მთავარი პრიზი 2013-14, 2015-16 და 2016-17 წლების სეზონებში ჩაიბარა, 2ჯერ მეორე ადგილზე გავიდა, 4ჯერ კი მესამე იყო.

და რადგან ლევანდოვსკის 477 ქულა ვახსენე, ამასაც დავწერ: რეფერენდუმის ისტორიაში მასზე მეტი მხოლოდ რონალდუმ დააგროვა 2016-17 წლების სეზონში, როცა 482 ხმით იპირველა.

უეფას წლის ფეხბურთელი
2019-20 რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია; პოლონეთი)
2018-19 ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული, ინგლისი; ნიდერლანდები)
2017-18 ლუკა მოდრიჩი (რეალი, ესპანეთი; ხორვატია)
2016-17 კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, ესპანეთი; პორტუგალია)
2015-16 კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, ესპანეთი; პორტუგალია)
2014-15 ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა)
2013-14 კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, ესპანეთი; პორტუგალია)
2012-13 ფრანკ რიბერი (ბაიერნი, გერმანია; საფრანგეთი)
2011-12 ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, ესპანეთი; ესპანეთი)
2010-11 ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა)

უეფას 2019-20 წლების სეზონის რჩეულები
ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია; პოლონეთი)
მეკარე: მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
მცველი: იოშუა კიმიხი (ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
ნახევარმცველი: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი; ბელგია)
თავდამსხმელი: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია; პოლონეთი)
მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
ევროპალიგის ფეხბურთელი: რომელუ ლუკაკუ (ინტერი, იტალია; ბელგია)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 2 ოქტომბერი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian