როჟე მილა უდიდესია
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია თებერვალში დაარსების 50 წლის იუბილეს ზეიმობს.
ამ თარიღთან დაკავშირებით შავი კონტინენტის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს, მათ შორის ერთ-ერთი კი უკვე დასრულდა – კონფედერაციის ოფიციალურმა ინტერნეტ-გვერდმა აფრიკის ბოლო 50 წლის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.
კამერუნის ნაკრების სახელგანთქმული თავდამსხმელი, მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მშვენება როჟე მილა 1957-2007 წლების აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა!
მან 2 246 ხმა დააგროვა და მცირედით აჯობა ეგვიპტელ მაჰმუდ ელ-ხატიბს (2 165). ეგვიპტური ფეხბურთის კიდევ ერთი მშვენება ჰოსამ ჰასანი 2 011 ქულით III ადგილზე გავიდა. საინტერესოა, რომ 2 000ზე მეტი ხმის დაგროვება მხოლოდ პირველმა სამეულმა შეძლო.
როჟე მილა წლების მანძილზე იცავდა კამერუნის ნაკრების ღირსებას და გუნდთან ერთად მსოფლიოს 3 ჩემპიონატზეც ითამაშა: 1982, 1990 და 1994 წლებში.
1990 წელს მისი შესანიშნავი თამაშის წყალობით კამერუნი 1/4ფინალში გავიდა, ხოლო 1994 წელს მან უდიდესი საფეხბურთო ტურნირების დღემდე არსებული რეკორდი დაამყარა – რუსეთთან 1:6 წაგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი და მსოფლიოს ჩემპიონატების უხუცესი მეგოლეც შეიქნა – 42 წლის.
1976 და 1990 წლებში როჟე მილა აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს დაეუფლა.
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური განცხადებით, თებერვალში საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ოთხთა საერთაშორისო ტურნირი იგეგმება, რომელშიც აფკის დამაარსებელი ქვეყნების – ეგვიპტე, ეთიოპია, სამხრეთი აფრიკა, სუდანი – ნაკრები გუნდები ითამაშებენ.
აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი 1957-2007
1.როჟე მილა (კამერუნი) – 2 246 ქულა
2.მაჰმუდ ელ-ხატიბი (ეგვიპტე) – 2 165
3.ჰოსამ ჰასანი (ეგვიპტე) – 2 011
4.სამუელ ეტოო (კამერუნი) – 1 840
5.აბედი პელე (განა) – 1 783
6.ჟორჟ ვეა (ლიბერია) – 1 604
7.დიდიე დროგბა (კოტ დივუარი) – 1 467
8.ნვანკვო კანუ (ნიგერია) – 1 209
9.რაბა მაჯერი (ალჟირი) – 1 176
10.კალუშა ბვალია (ზამბია) – 1 073
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2007 წლის 16 იანვარი)