წითელი ხარი სტეფანწმინდაში

ევროპის კოხტა და დავარცხნილ ქვეყნებში ჯანმრთელი ცხოვრების წესს სპორტის ყველა ფედერაცია ქადაგებს, მათ შორის არაოლიმპიურიც. ისინი, როგორც წესი, სოლიდური კომპანიების დახმარებით ახორციელებენ საინტერესო პროექტებს.

ენერგეტიკული სასმელის მწარმოებელი რედ ბული კი ისეთ სახეობებს აფინანსებს, მასობრიობით რომ გამოირჩევა და რომელთაც ოლიმპიურ მოძრაობასთან ნაკლები შეხება აქვს, სხვანაირად რომ ვთქვა ოლიმპიური თამაშების სპორტულ პროგრამაში არ და ვერ ხვდება.

მაგალითად სხვადასხვა სახის სამჭიდი, მეკლდეურობა, დიდი სიმაღლიდან წყალში ხტომა, მარათონები, ექსტრემალური ნაოსნობები, საინტერესო ესტაფეტები ზამთრის სახეობებში… ავტო-მოტო-აერო სპორტზე არაფერს ვამბობ.

ეგ კი არა, ის პატიოსანი ავსტრიელი კოსმოსიდან რომ გადმოხტა და თითქმის 10წუთიანი თავისუფალი ვარდნის შემდეგ მშვიდობით ჩაეშვა თბილისის 16სართულიანი კორსპუსების ხელა ბადეში, სწორედ რედ ბულის ინიციატივა იყო…

მარათონული სამჭიდი GerGetIt 2013 წლის სექტემბერში სწორედ ავსტრიული კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის ძალისხმევით ჩატარდა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო სანახაობაც შედგა: გუნდები ნიჩბოსნობაში, მეკლდეურობაში, სამთო ველოსპორტსა და მთაში სირბილში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

იმხანად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და პირველ GerGetItს, გერგეტის სამებასთან რომ დასრულდა, თანამშრომლებთან ერთად ვუყურე.

გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ესტაფეტა პირველად მხოლოდ 2013 წელს გაიმართა ჩვენთან და მერეც გაუჭირდა ფეხის მოკიდება, თორემ ბებერი კონტინენტის შუაგულში მსგავსი ტურნირები ძალიან პოპულარულია. გამიხარდება, ამ მხრივ სიტუაცია თუ შეიცვლება.

სტეფანწმინდაში ასვლა კი სპორტის გარეშეც სასიამოვნოა, მაგრამ თუ იქაურობის მონახულების მიზეზი სპორტია – ამას რა სჯობს?! ამიტომაც: სექტემბრის ის ერთი მზიანი დღე ყოველთვის ტკბილად მახსენდება.

რედ ბულის ღონისძიება კი სასტუმრო რუმსში დასრულდა გემრიელი გართობით. როგორც ასეთ დროს ამბობენ, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2013 წლის 14 სექტემბერი

ka_GEGeorgian