FIFPro: რონალდინიო საუკეთესოა!
ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი რონალდინიო კიდევ ერთხელ დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად – ბარსელონის ლიდერმა FIFProს ტრადიციულ გამოკითხვაში იმარჯვა.
FIFPro პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციაა, რომელიც 1965 წლის 15 დეკემბერს დაარსდა და დღეისთვის მსოფლიოს 40 ქვეყნის რამდენიმე მილიონ პროფესიონალ ფეხბურთელს აერთიანებს.
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი FIFProმ პირველად შარშან დაასახელა, წელს კი მეორედ გამოავლინა რჩეული. ისევე როგორც შარშან, გამარჯვება წლეულსაც რონალდინიოს ხვდა წილად.
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დასახელების გარდა FIFPro წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშესაც ავლენს, ამავდროულად, წლის სიმბოლურ ნაკრებს ადგენს.
რონალდინიოს დარად, შარშან მოპოვებული ტიტული კრიშტიანუ რონალდუმაც შეინარჩუნა – მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი ნახევარმცველი მსოფლიოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ მეორედ აღიარეს.
რაც შეეხება FIFProს წლის სიმბოლურ ნაკრებს, ის ასეთია:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია; იტალია)
მცველები: ლილიან ტურამი (ბარსელონა, ესპანეთი; საფრანგეთი), ჯანლუკა ძამბროტა (ბარსელონა, ესპანეთი; იტალია), ჯონ ტერი (ჩელსი, ინგლისი; ინგლისი), ფაბიო კანავარო (რეალი, ესპანეთი; იტალია)
ნახევარმცველები: ანდრეა პირლო (მილანი, იტალია; იტალია), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი; კარიერა დაასრულა), კაკა (მილანი, იტალია; ბრაზილია)
თავდამსხმელები: სამუელ ეტოო (ბარსელონა, ესპანეთი; კამერუნი), ტიერი ანრი (არსენალი, ინგლისი; საფრანგეთი), რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
FIFproს 2005 წლის რჩეულები
საუკეთესო ფეხბურთელი: რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; პორტუგალია)
მსოფლიოს 2005 წლის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: დიდა (მილანი, იტალია; ბრაზილია)
მცველები: პაოლო მალდინი (მილანი, იტალია; იტალია), ალესანდრო ნესტა (მილანი, იტალია; იტალია), ჯონ ტერი (ჩელსი, ინგლისი; ინგლისი), კაფუ (მილანი, იტალია; ბრაზილია)
ნახევარმცველები: ფრენკ ლამპარდი (ჩელსი, ინგლისი; ინგლისი), კლოდ მაკელელე (ჩელსი, ინგლისი; საფრანგეთი), ზინედინ ზიდანი (რეალი, ესპანეთი; საფრანგეთი), რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
თავდამსხმელები: სამუელ ეტოო (ბარსელონა, ესპანეთი; კამერუნი), ანდრეი შევჩენკო (მილანი, იტალია; უკრაინა)
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 16 ნოემბერი)