დიდი უნგრელი გარდაიცვალა

პარასკევს, 17 ნოემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფერენც პუშკაში გარდაიცვალა. გასული საუკუნის 50-60იანი წლების დიდებული თავდამხმელი 79 წლის იყო.

პუშკაშმა წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში, ისტორიას კი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად შემორჩა – კარიერის მანძილზე ათასზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და 1 100ზე მეტი გოლი გაიტანა.

ბრწყინვალე ფორვარდი მხოლოდ ორი კლუბის ღირსებას იცავდა: 1943-56 წლებში სამშობლოში, ბუდაპეშტის კიშპეშტის შემადგენლობაში თამაშობდა, 1958 წელს კი მადრიდის რეალის მაისური მოირგო და 1966 წლამდე უერთგულა სამეფო კლუბს.

უნგრეთისა და ესპანეთის ჩემპიონატებში პუშკაშმა 533 შეხვედრა ჩაატარა და 511 გოლი გაიტანა, ესპანეთის თასის გათამაშებაში კი 40 მატჩში 50ჯერ გამოიჩინა თავი!

ფენომენალურია მისი შედეგიანობა უნგრეთის ნაკრებში: 84 მატჩში 83 გოლი! 56 შეხვედრაში პუშკაში ნაკრების კაპიტანი გახლდათ.

1949-50 წლებში მან ზედიზედ 9 სანაკრებო შეხვედრაში გამოიჩინა თავი და 19 გოლი შეაგდო! ქვეყნის პირველ გუნდში ერთხელ შეასრულა პოკერი, 4ჯერ კი ჰეთ-თრიქი!

1956 წელს, უნგრეთში საბჭოთა კავშირის ჯარების შეჭრის შემდეგ, თავდამსხმელი ესპანეთში გაიქცა, ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და კარიერა მადრიდის რეალში გააგრძელა: ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 372 თამაშში 324 გოლი შეაგდო, პრიმერადივიზიონის საუკეთესო გოლეადორის ტიტული კი 4ჯერ მოიპოვა!

1952 წელს უნგრეთის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონი გახდა – პუშკაში გუნდის კაპიტანი გახლდათ. ასევე ის იყო კაპიტანი 1954 წელს, როცა უნგრეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიასთან 2:3 დამარცხდა.

1953 წლის 25 ნოემბერს უნგრეთმა ინგლისი უემბლიზე 6:3 დაამარცხა. სტუმართა კაპიტანმა ფერენც პუშკაშმა 2 გოლი შეაგდო. ის თამაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩადაა მიჩნეული. ასევე პუშკაში კაპიტნობდა ნაკრებს ამ გუნდების ბუდაპეშტურ შეხვედრაში, რომელიც ინგლისელთა კიდევ უფრო მწარე მარცხით დასრულდა – 1:7…

1960 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში რეალმა ფრანკფურტის აინტრახტს 7:3 სძლია. ესპანელთა უნგრელმა ბომბარდირმა იმ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, რაც დღემდე რეკორდია!

რაც შეეხება ტიტულებს, ამ მხრივ ლეგენდარულ გოლეადორს ბევრი ვერ შეედრება: 6ჯერ მოიგო უნგრეთის ჩემპიონატი, 5ჯერ – ესპანეთის; ერთხელ დაეუფლა ესპანეთის თასს; 3ჯერ ჩემპიონთა თასს და ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასს; 4ჯერ გახდა უნგრეთის ჩემპიონატის ბომბარდირი, ამდენჯერვე კი ესპანეთში იპირველა.

2004 წელს ფერენც პუშკაში უნგრეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ კი მას მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა ათეულში მე6 ადგილი მიაკუთვნა.

დღეს მეგობარი დავკარგე და გული მტკივა. ის დიდებული ფეხბურთელი და ადამიანი იყო! – განაცხადა პუშკაშის თანაკლუბელმა, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ალფრედო დი სტეფანომ.

„დღევანდელი დღე ჩვენი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხაროა და თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ კლუბში ჩემი მოსვლის შემდეგ ასე დაღონებულნი არ ვყოფილვართ – მადრიდის რეალმა ბრწყინვალე ფეხბურთელი დაკარგა“, – სამეფო კლუბის პრეზიდენტი რამონ კალდერონი.

უნგრეთის ეროვნული სტადიონი, რომელიც ბუდაპეშტში მდებარეობს, ფერენც პუშკაშის სახელს ატარებს.

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 18 ნოემბერი)

ka_GEGeorgian